ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-მდე გაზრდის შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება. მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულებების დაახლოებით 80% იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე მოდის, 19% – მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხოლო 1% – მსხვილ ბიზნესზე.
ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მოცულობა 19.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან, იპოთეკური სესხები 3.9 მილიარდ ლარს შეადგენს, სამომხმარებლო – 6.2 მილიარდს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხები – 6.3 მილიარდს, ხოლო მსხვილ ბიზნესზე – 3.4 მილიარდ ლარს.
რაც შეეხება საშუალო სესხის მოცულობას, იპოთეკური სესხი საშუალოდ 56,276 ლარია, სამომხმარებლო – 43,587 ლარი, მცირე და საშუალო ბიზნესის – 130,138 ლარი, ხოლო მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში – 1,541,963 ლარი.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმზეა და 5.9%-ს აღწევს, რაც მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე ნეგატიურად მოქმედებს. მათივე შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელი პრევენციული ნაბიჯია, თუმცა თუ ფასების ზრდა არ შენელდა, შესაძლოა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაიზარდოს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ის 8.25%-ზე დაადგინა.



