საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“ და მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებთან.
ამავე ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 2014 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას“ და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 991 000 ლარი შესწირეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში ამჟამად სულ 35 ლიცენზირებული TIR PARK ფუნქციონირებს. ისინი განთავსებულია 9 საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ. სარფში, ყაზბეგში, წითელ ხიდზე, სადახლოში (საავტომობილო), ლაგოდეხში, გუგუთში, ნინოწმინდაში, ვალესა და კარწახში.
მესამე სექტორის მონაცემების მიხედვით:
- სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის №2-ში მოქმედი TIR PARK-ის ოპერატორი შპს „ფიგოილია“. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელად სახელდება პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია. ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა 2014 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს 797 000 ლარი შესწირეს.
- წითელი ხიდის საბაჟო პუნქტთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში არსებული TIR PARK-ის – შპს „ტირ პარკ მარნეული 2014“-ის ყოფილი მეწილეებად დასახელებულნი არიან ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი და ბიზნესმენი ოთარ ჩართოლანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ 2016–2018 წლებში 208 000 ლარის ოდენობის შემოწირულება განახორციელეს.
- გუგუთისა და სადახლოს საბაჟო პუნქტებთან არსებული TIR PARK-ების – შპს „გუგუთი ვერტექსისა“ და შპს „პარკ ვერტექსის“ მეწილეებად და ხელმძღვანელებად მოხსენიებული არიან ბიზნესმენები გიორგი და რომან აბრამიშვილები, რომლებმაც 2018 წლიდან დღემდე ჯამში 774 000 ლარი შესწირეს.
- ლაგოდეხის საბაჟო პუნქტთან, სოფელ მაწიმში არსებული TIR PARK-ის – შპს „ნიუ ჯორჯიას“ ყოფილი წილის მფლობელად დასახელებულია ბიზნესმენი მინდია საბანაძე. გავრცელებული ინფორმაციით, მან 2016–2017 წლებში მმართველ პარტიას 100 000 ლარი შესწირა.
როგორ მუშაობს TIR PARK-ის სისტემა?
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან რიგების მოწესრიგებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სატვირთო ავტომობილები ვალდებულნი არიან საზღვართან გადაადგილებამდე განთავსდნენ სპეციალურად განსაზღვრულ ავტოსადგომებზე – ე.წ. TIR PARK-ებში.
ეს ავტოსადგომები ლიცენზირებულია შემოსავლების სამსახურის მიერ და ჩართულია რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში. არსებული წესით, თითოეული სატვირთოსთვის მომსახურების საფასური 80 ლარია.
მძღოლებს საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით გადაადგილება და შემდგომში საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ. წესის აღსრულებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
დაკავშირებული თემები🔻
სატვირთოების მძღოლებმა სადგომებზე გადასახადების გაძვირების გამო აქცია გამართეს
70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს



