ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“, სადაც ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი, თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი დაიწყო.
დღეს ერთ-ერთ მცხოვრებს საცხოვრებელი დაუშალეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი დემონტაჟის პროცესი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო დროებით შეჩერდა.
დასახლებაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი ფართები მათი ოჯახებისთვის საკმარისი არ არის. მათი თქმით, ბინების განაწილებისას ოჯახის წევრთა რაოდენობა სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული.
„არასაკმარისი ფართია ჩვენი ოჯახებისთვის, ვერ დავეტევით პატარა ბინებში. ველოდებით ალტერნატიულ შეთავაზებას და ამ ტერიტორიებს არ დავთმობთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.
მოსახლეობის ნაწილის მტკიცებით, ბინების გადანაწილების პროცესი უსამართლოდ მიმდინარეობს.
მათი განცხადებით, საცხოვრებელი ფართები გადაეცათ იმ პირებსაც, რომლებიც სხვა უძრავ ქონებას ფლობენ. ისინი ასევე, კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ირწმუნებიან, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბინების მიღება თანხის გადახდის სანაცვლოდ ხდება.
ადგილობრივები კიდევ ერთ შემთხვევაზეც საუბრობენ. მათი თქმით, ერთ-ერთ მცხოვრებს უკვე გადაეცა საცხოვრებელი ბინა, თუმცა დასახლებაში არსებული დანომრილი საპირფარეშო კვლავ არ დაუშლია და კიდევ ერთი ბინის მიღების მოლოდინშია.
სახლების დემონტაჟის პროცესს ბათუმის მერია ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. უწყების განმარტებით, მუნიციპალური ინსპექცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აგრძელებს ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას.
მერიის ცნობით, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში, 4 667,6 კვადრატულ მეტრ ფართობზე, საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც 300 აღსაზრდელს მოემსახურება.
უწყების განცხადებით, სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული ბარაკული ტიპის დასახლებიდან 34 ოჯახი ქირით უზრუნველყვეს, ხოლო ორ ოჯახს სახელმწიფომ საცხოვრებელი ბინები გადასცა. მერიის განმარტებით, მიუხედავად ამისა, აღნიშნული ოჯახები საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას არ ათავისუფლებდნენ.
„აღნიშნულ ორ ოჯახთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია და მოლაპარაკებები, რათა საკითხი ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვეტილიყო. შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის გათავისუფლება.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხის შეთანხმების გზით დარეგულირების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი საზოგადოებრივი პროექტების დროული განხორციელება, რომლებიც ასეულობით ბავშვისა და მათი ოჯახების ინტერესებს ემსახურება“,- ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.
ნახეთ პირდაპირი ეთერის ჩანაწერი ადგილიდან
დაკავშირებული თემები 🔻
„ოცნების ქალაქში – სამშენებლო მოედანი შეღობეს, ღია მდგომარეობაში მხოლოდ ტრაგედიის ადგილი დატოვეს
“ოცნების ქალაქში” 2 ბავშვი დაიღუპა, თხრილში ჩავარდნის შედეგად
კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ოცნების ქალაქში – მცხოვრებლები ბინებს მიიღებენ



