„დინამო ბათუმი“ კლუბის გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად „ბათუმელებმა“ 32 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი მაურიდეს როკე ჟუნიორი დაიმატეს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ პოლონურ „რადომიაკთან“ ბრაზილიელი ცენტრალური თავდამსხმელის, მაურიდეს როკე ჟუნიორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა და გამოცდილი ფორვარდი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს“, – წერია განცხადებაში.
„თოლიებსა“ და როკე ჟუნიორს შორის კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე, 1+1 პრინციპით გაფორმდა. სეზონის ბოლოს კლუბს შეეძლება ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.
„ბედნიერი ვარ „დინამო ბათუმში“ გადმოსვლით. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა მაურიდეს როკე ჟუნიორმა „დინამო ბათუმთან“ ინტერვიუში.
როკე ჟუნიორი „ბათუმელებს“ პოლონური „Radomiak Radom“-იდან შეუერთდა, სადაც 2025–2026 წლების სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პროფესიული კარიერა 2012 წელს ბრაზილიურ „ინტერნასიონალში“ დაიწყო. კარიერის განმავლობაში უთამაშია ბრაზილიურ, პორტუგალიურ, კორეულ, ჩინურ, პოლონურ, ბულგარულ, გერმანულ და უნგრულ კლუბებში. საერთო ჯამში 280 მატჩი ჩაატარა და 64 გოლი გაიტანა. 2023/24 წლების სეზონში „FC St. Pauli“-სთან ერთად გერმანიის მეორე ლიგის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2012/13 წლებში „ინტერნასიონალთან“ ერთად „კამპეონატო გაუჩო“ მოიგო.
მაურიდესი „დინამო ბათუმს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. როგორც ცნობილია, „თოლიები“ თურქეთში საზაფხულო შეკრებას გაივლიან, სადაც თურქეთის სუპერლიგის სამ კლუბთან ამხანაგურ მატჩებს გამართავენ.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



