მარიამისა და აჩის ურთიერთობა უნივერსიტეტის დერეფნებში დაიწყო, იუმორის, მუსიკისა და ფილმების საერთო სიყვარულით გაღრმავდა, თუმცა ნამდვილ, მტკიცე კავშირად საპროტესტო აქციების ველზე იქცა.
2020 წლიდან მოყოლებული, უკრაინის მხარდამჭერი აქციებითა თუ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი პროტესტით, მათმა ურთიერთობამ მეგობრობიდან ოჯახის შექმნამდე ყველა ეტაპი სამოქალაქო წინააღმდეგობის პარალელურად გაიარა. იმდენად, რომ საქორწილო ფოტოსესიის მთავარ სივრცედაც სწორედ ის ადგილი აირჩიეს, სადაც მათი ყოველდღიურობა და ქვეყნის ბედი ერთმანეთს გადაეკვეთა.
როგორია, როცა შენს გვერდით მდგომი ადამიანი ერთდროულად შენი მეწყვილეც არის და თანამოაზრეც? როგორ გადადის შიში ორმაგ პასუხისმგებლობასა და ძალაში და რას მოუყვებიან შვილებს წლებში გაწელილ ბრძოლაზე?
„აჭარა თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს მარიამთან და აჩისთან – წყვილთან, რომლისთვისაც სიყვარული და სამოქალაქო ვალი ერთმანეთისგან განუყოფელი გახდა.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი და როდის მიხვდით, რომ საერთო ღირებულებები გქონდათ?
– მარიამ ბერიძე: ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. ერთად არ ვსწავლობდით, თუმცა საერთო მეგობრები გვყავდა და სწორედ ასე გადაიკვეთა ჩვენი გზები. ჩვენი საერთო ღირებულებების აღმოჩენაც იუმორის ერთნაირი გემოვნებით დაიწყო. შემდეგ ამას მუსიკისა და ფილმების სიყვარული დაემატა და რაც უფრო კარგად ვეცნობოდით ერთმანეთს, ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ერთნაირად ვფიქრობდით. ერთნაირი ხედვები, დამოკიდებულებები და ღირებულებები გვაერთიანებდა, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა ურთიერთობაში.
– აჩი შოთაძე: დიახ, ჩვენი გაცნობა უნივერსიტეტის პერიოდს უკავშირდება. ერთ პროფესიაზე ვსწავლობდით, თუმცა სხვადასხვა კურსზე და საერთო მეგობრების წყალობით მოხდა ჩვენი შეხვედრაც. თავიდანვე მარტივად დაიწყო ერთმანეთთან ურთიერთობა მეგობრობით, ალბათ იმიტომ, რომ ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა.
- გახსოვთ თქვენი პირველი ერთად მოსვლა აქციაზე?
– მარიამ ბერიძე: კონკრეტული თარიღები არ მახსოვს, მაგრამ თუ ერთ ქალაქში ვიყავით და ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია იმართებოდა, აუცილებლად ვეხმიანებოდით ერთმანეთს და ერთად ვიყავით ჩართული. კორონავირუსის შემდეგ პერიოდში, დაახლოებით 2020 წლიდან, უფრო მეტად დავახლოვდით, სწორედ მაშინ გასცდა ჩვენი ურთიერთობა მეგობრობას. შემდეგ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომიც და, როცა უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა, პერიოდულად ერთად გავდიოდით. 2023 წლის მარტიდან, „რუსული კანონის“ პირველივე დაინიცირებიდან, აქტიურად ჩავერთეთ სამოქალაქო წინააღმდეგობაში, რაც ნელ-ნელა ჩვენი საერთო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, რადგან მომავალი გვინდა დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში, სადაც ქვეყანას სადავეებში არ ეყოლება ქვეყნისა და ერის მტრები.
– აჩი შოთაძე: კონკრეტული თარიღი, ალბათ, არცერთს არ გვახსოვს, იმდენი რამ მოხდა, თარიღები ერთმანეთში აირია. მაგრამ მახსოვს უკრაინის მხარდამჭერი აქციებიდან დაწყებული, 2023 წლის მარტიდან კი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ სამოქალაქო წინააღმდეგობა უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა და მჯერა, რომ ეს ბრძოლა არ იქნება ამაო.

- ერთმანეთისთვის რას ნიშნავს ის, რომ ამ პროცესში ორივე ერთნაირად აქტიური ხართ?
– მარიამ ბერიძე: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, როგორც სამოქალაქო აქტივისტები. მგონია, რომ საერთო ღირებულებები განსაკუთრებით ასეთ მომენტებში ჩანს და ის, რომ ამ ყველაფერს ერთად გავდივართ, ალბათ, ერთდროულად გვაძლიერებს. მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ ნერვიულობ, გეშინია ერთმანეთის გამოც. პასუხისმგებლობა უფრო მეტი გაქვს და, რაც არ უნდა მოხდეს, ერთმანეთს რომ მარტო არ დავტოვებთ, ეს გრძნობა უფრო გვაძლიერებს, ვიდრე გვანერვიულებს.
– აჩი შოთაძე: დიახ, ვეთანხმები მარიამს. ამ პროცესში, როცა მარტო ხარ, ძირითადად საკუთარ თავზე ნერვიულობ. როცა ერთად ხართ, უკვე ორჯერ მეტი სანერვიულო გაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ ორჯერ მეტი ძალაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებში ერთმანეთის თანამოაზრეები ვართ და ერთნაირად აქტიურებიც.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ საქორწილო ფოტოსესიისთვის ერთ-ერთ სივრცედ სწორედ ეს ადგილი აგერჩიათ?
– მარიამ ბერიძე: იმიტომ, რომ იმ საერთო ისტორიის, ყოველდღიურობისა და იმ სამწუხარო რეალობის ნაწილია, სადაც მოგვიწია თანაცხოვრების გადაწყვეტილების მიღება და ჩვენი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. გვინდოდა, საქორწილო ფოტოებშიც დარჩენილიყო ის დროც და გარემოც, რომელშიც ჩვენი საერთო ცხოვრება დაიწყო.
– აჩი შოთაძე: უფრო იმიტომ, რომ ლამაზ ფონზე გადაღებული ფოტოების მიღმა ეს ადგილი ყველაზე მეტს ამბობს ჩვენ შესახებ. რადგან საპროტესტო სივრცე ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, გვინდოდა ფოტოებში დარჩენილიყო ის ყველაფერი, რაც იმ დროს (და ყოველთვის) ჩვენთვის პრიორიტეტია.
- თქვენი ქორწილის დღეს, როცა აქციის ადგილზე ფოტოებს იღებდით, წარმოგედგინათ, რომ ეს სივრცე უწყვეტი პროტესტის სიმბოლო გახდებოდა?
– მარიამ ბერიძე: რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ეს ბრძოლა დიდხანს გაგრძელდებოდა და ბევრი მიზეზის გამო ეს ადგილი კიდევ დიდხანს დარჩებოდა პროტესტის ველად. ქორწილის ფოტოსესიაც გვინდოდა სახასიათო ყოფილიყო, სწორედ ამიტომაც მოვედით აქ, რომ ჩვენი ისტორიის ნაწილად დარჩენილიყო ის ბრძოლაც, რომელსაც საკუთარ პასუხისმგებლობად მივიჩნევდით.
– აჩი შოთაძე: კი, მაშინაც ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მალე არ დასრულდებოდა. ამიტომ გვინდოდა, ჩვენი ფოტოებითაც დაგვეტოვებინა ეს ისტორია.

- რას ნიშნავდა ეს ადგილი თქვენთვის?
– მარიამ ბერიძე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი რთულ და მძიმე რეალობას უკავშირდება, ამ პროცესმა ჩვენს ცხოვრებაში ბევრ კარგ ადამიანთან დაგვაახლოვა. ასევე შევიძინეთ ახალი მეგობრები და თანამოაზრეები.
– აჩი შოთაძე: ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი, რის გამოც იქ ვიკრიბებოდით, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, ამ ყველაფერმა ბევრი კარგი ადამიანი გაგვაცნო და ამ სივრცეს, მძიმე პროცესთან ერთად, ჩემთვის დადებითი მოგონებებიც უკავშირდება.
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს ადგილი თქვენი ოჯახის ისტორიის ნაწილიცაა და თქვენი სამოქალაქო ბრძოლის ნაწილიც?
– მარიამ ბერიძე: კი, ნამდვილად. იმიტომ, რომ ჩვენი პირადი ისტორია და სამოქალაქო ბრძოლა ამ პერიოდში პარალელურად ვითარდებოდა. ამიტომ ორივე ისტორიის ნაწილია.
– აჩი შოთაძე: კი, რადგან აქ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი გავიარეთ და იმ სამოქალაქო პროცესის ნაწილიც ვიყავით, რომლის მონაწილედაც ყოფნას ორივე საკუთარ პასუხისმგებლობად მივიჩნევთ.
- თქვენს ურთიერთობაზე რა გავლენა იქონია ამ ხანგრძლივმა პროტესტმა?
– მარიამ ბერიძე: ვიტყოდი, რომ ამან ჩვენს ურთიერთობაში პასუხისმგებლობისა და ნდობის განცდა კიდევ უფრო გააძლიერა, ერთმანეთის კიდევ უფრო კარგად გაცნობაში დაგვეხმარა. მით უმეტეს, როცა ვხედავდით, რომ ამ დროის განმავლობაში არცერთი არ ნებდებოდა, ეს ერთმანეთის მიმართ პატივისცემასაც კიდევ უფრო ამყარებდა.
– აჩი შოთაძე: რა თქმა უნდა, ურთიერთობაში ყოველთვის მხოლოდ კარგი დღეები არ გიჩვენებს, რამდენად გესმით ერთმანეთის, ხშირად ამას რთული პერიოდები უფრო კარგად აჩენს. მგონია, ამ ყველაფერმა ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტად გაამყარა.
- აქციის დასრულების შემდეგ სახლში რომ მიდიხართ, რაზე საუბრობთ ხოლმე?
– მარიამ ბერიძე: ვსაუბრობთ ყველაფერზე: რაც იმ დღეს მოხდა, მომავალ გეგმებზე, ფილმებზე, მუსიკაზე ან უბრალოდ იმაზე, რა ვჭამოთ. თუ იმ დღეს რაიმე პოლიტიკური მოვლენა მოხდა, მისი განხილვა სახლში დაბრუნების შემდეგაც ბუნებრივად გრძელდება.
– აჩი შოთაძე: ჰო, სხვა ყოფით მოვლენებთან ერთად პოლიტიკა ჩვენთვის ისედაც ყოველდღიური საუბრის ნაწილია, სახლშიც და გარეთაც.
- ოჯახში, მეგობრებში ან ახლობლებში ყველას ესმის თქვენი პოზიცია?
– მარიამ ბერიძე: სამწუხაროდ, არა. ძალიან რთულია, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ახლობელ ადამიანებთან განსხვავებული ხედვა გაქვს, გარკვეული დისტანცია გააჩინა ამ ყველაფერმა.
– აჩი შოთაძე: არა, და ასეც იყო მოსალოდნელი იმ ფონზე, რა მასშტაბის პროპაგანდა და პროპაგანდისტული არხები მუშაობს.

- ერთმანეთის მიმართ შიში თუ გქონიათ, განსაკუთრებით დაძაბული დღეების დროს?
– მარიამ ბერიძე: რა თქმა უნდა, განსაკუთრებით დაძაბულ დღეებში ერთმანეთის მიმართ შიში გვქონდა. ზოგჯერ მქონია განცდა, რომ მეთქვა არ გამოსულიყო, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა დაკავებები მიმდინარეობდა და ვხედავდი, რომ კაცების მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრე იყო. ბუნებრივია, შიში მეუფლებოდა, მაგრამ, ამავდროულად, ზუსტად ვიცოდი, რომ მის ადგილას მეც არ დავიხევდი უკან და ვერ მოვთხოვდი იმას, რასაც თავად ვერ გავაკეთებდი. ამიტომ შიში არასდროს ყოფილა ერთმანეთის შეჩერების მიზეზი, პირიქით.
– აჩი შოთაძე: ასეთ ვითარებაში მასზე ფიქრს ვერ გაექცევი, მაგრამ, ალბათ, ორივეს გვესმოდა, რომ ერთმანეთისთვის იმის თქმას, უკან დაიხიეო, აზრი არ ჰქონდა.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენთვის ეს ბრძოლა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასში მუდმივად მონაწილეობთ?
მარიამ ბერიძე: როცა გრძნობ, რომ რაღაც შენთვის და შენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, სწორედ პასუხისმგებლობის განცდა გვაიძულებს, მუდმივად ვიყოთ ამ პროცესის ნაწილი.
– აჩი შოთაძე: ეს პროცესი პირდაპირ ჩვენს მომავალს ეხება. ალბათ იმიტომაც, რომ როცა რაღაცას სწორად და მნიშვნელოვნად მიიჩნევ, ბუნებრივად ხდება პრიორიტეტი. ამ პროცესში მონაწილეობა ჩვენთვის არჩევანზე მეტად აუცილებლობაა.
- რას ელოდებით საკუთარი ქვეყნისგან, როგორც ახალგაზრდა წყვილი?
– მარიამ ბერიძე: პირველ რიგში, გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან და თავისუფალ გარემოში. გვინდა ქვეყანა, სადაც ღირს ცხოვრება და საკუთარი გეგმების აქ განხორციელება; რომ საქართველო იმ გზას არ გაჰყვეს, რომელსაც რუსეთი წლებია ადგას. მჯერა, რომ ევროპულ, დემოკრატიულ გზაზე დაბრუნდება და ჩვენც სწორედ ამის შეცვლა გვინდა.
– აჩი შოთაძე: მინდა, ჩვენს ქვეყანაში საკუთარი მომავლის დაგეგმვა შეგვეძლოს და ამისთვის სხვა ქვეყნის ძებნა არ გვჭირდებოდეს. ჩემთვის მთავარი მოლოდინი ის არის, რომ საქართველო რუსულ გზაზე არ დადგება და შევძლებთ ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა იქნება.
- შვილებს რას მოუყვებით ამ პერიოდზე… გინდათ, რომ მათ იცოდნენ, სად და რატომ იდგნენ მათი მშობლები?
– მარიამ ბერიძე: რა თქმა უნდა. მინდა, იცოდნენ, სად ვიდექით, რატომ ვიდექით და რატომ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ იმ დროს სახლში არ დავრჩენილიყავით. როცა ამ ფოტოებს ნახავენ და ამ პერიოდზე მოვუყვებით, მინდა, რომ მათაც ჰქონდეთ განცდა: სადაც არ უნდა იყვნენ და როგორი დროც არ უნდა დადგეს, საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ღირსების დაცვა ყოველთვის მნიშვნელოვანია.
– აჩი შოთაძე: კი, რადგან მინდა გაიზარდონ იმ განცდით, რომ საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვა და საკუთარი ღირსების დაცვა ყოველთვის მნიშვნელოვანია.
- და ბოლოს, როცა ერთ დღეს ეს პროტესტი დასრულდება და აქ ისევ ჩვეულებრივი ცხოვრება დაბრუნდება, თქვენ როგორ გინდათ გახსოვდეთ ეს ადგილი?
– მარიამ ბერიძე: ეს ადგილი ყოველთვის გაგვახსენდება, როგორც რთული პერიოდი, ასევე პერიოდი, როცა ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით, ახალი მეგობრები და თანამოაზრეები შევიძინეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთზე, საკუთარ თავზე და ჩვენს ქვეყანაზე. მინდა ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ ამ ადგილს თავისუფლებასთან ვაკავშირებდე.
– აჩი შოთაძე: მინდა, ეს ადგილი იმ წლების მოგონებად დამრჩეს, როცა ბევრი რთული რამ გამოვიარეთ, მაგრამ ღირდა გამარჯვებად და იმადაც, რომ ამდენი კარგი ადამიანი გავიცანით ამ გზაზე.

- ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს
- მედროშე ბაბუ – ბათუმის აქციების სიმბოლო
- არასდროს ყოფილა ევროპაში, მაგრამ ევროპისთვის იბრძვის – პენსიონერი, რომელმაც ცხოვრება პროტესტს დაუთმო
- ზურაბ ჭავჭანიძე – გაგაცნობთ ბათუმის საპროტესტო აქციების კიდევ ერთ მედროშეს

