საჯარო სკოლამდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე, სადაც ყოველდღიურად უამრავ მოსწავლეს უწევს გზის გადაკვეთა, უსაფრთხოების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება.
საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მე-6 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ საავტომობილო გზაზე, სადაც ქვეითებისთვის განკუთვნილი ზებრა გადასასვლელები ამ დრომდე არ არის დახაზული.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გზა უსაფრთხო არ არის და საფრთხე როგორც ბავშვების, ისე ზრდასრულებისთვის არსებობს. გზის ორივე მხარეს არ არის საფეხმავლო ბილიკი, ასევე არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნები, რომლებიც მძღოლებსა და ქვეითებს მიუთითებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სკოლაა და ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ბავშვი გადაადგილდება.
„აჭარა თაიმსი“ ასევე დაინტერესდა, როგორი ვითარებაა ამ მხრივ ქობულეთის ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სხვა საჯარო სკოლებთან. გავარკვიეთ, რომ სხვა სკოლების მიმდებარე გზებზე ქვეითებისთვის განკუთვნილი ზებრა გადასასვლელები და სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები დამონტაჟებულია.
რატომ ვერ დაინახა თვითმმართველობამ უსაფრთხოების რისკი იმ ადგილას, სადაც ყოველდღიურად უამრავი მოსწავლე გადაადგილდება და როდის გაკეთდება ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის წინ არსებულ საავტომობილო გზაზე ზებრა გადასასვლელი და შესაბამისი სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნები?
ამ საკითხზე ქობულეთის მერიაში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ მე-6 საჯარო სკოლის მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე, ქვეითებისთვის განკუთვნილი ზებრა გადასასვლელების მოწყობას მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს.
საკითხით ჩვენი დაინტერესების შემდეგ გაირკვა, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია არც ქობულეთის მერიას და არც საგანმანათლებლო რესურსცენტრს არ ჰქონდა. უწყებებმა აღნიშნული საკითხის შესახებ „აჭარა თაიმსის“ მიმართვის შემდეგ შეიტყვეს და განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

