ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭში, ე.წ. „ზედა სერის“ დასახლებაში, სალუქვაძეების 6-წევრიანი ოჯახი წლებია პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ოჯახის წევრების თქმით, სახლამდე მისასვლელი გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ადგილზე ვერც სასწრაფო და სამაშველო დახმარების მანქანა და ვერც მსუბუქი ავტომობილი მიდის.
ოჯახში ოთხი შშმ პირი ცხოვრობს, მათ შორის, პირველი და მეორე კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ოჯახში ასევე ორი არასრულწლოვანი ბავშვია.
სალუქვაძეების მეურვე უფროსი დის, გალი სალუქვაძის თქმით, ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია. ოჯახს სოციალური დახმარება გაურკვეველი მიზეზით შეუწყდა, ამჟამად ისინი მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ, ჯამში 400-ლარიან დახმარებას იღებენ.
ოჯახის თქმით, წლებია ითხოვენ სახლამდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას, მათ შორის, დაზიანებული მონაკვეთის მძიმე ტექნიკით გასწორებასა და მოხრეშვას. ამბობენ, რომ გზის გარკვეული მონაკვეთი წლების წინ ჩამოიშალა და მას შემდეგ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო სამუშაოები არ ჩატარებულა.
სალუქვაძეების თქმით, დახმარებისთვის მათ არაერთხელ მიმართეს როგორც ქობულეთის მერიას, ისე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თუმცა უშედეგოდ.
ოჯახის წევრების თქმით, ორივე უწყება პასუხისმგებლობას ერთმანეთზე ანაწილებს და მოქალაქეს სხვადასხვა უწყებაში ამისამართებს, პრობლემა კი კვლავ მოუგვარებელია.
გარდა გზის პრობლემისა, ოჯახისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სასკოლო ტრანსპორტია. ორი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც პირველ და მეხუთე კლასებში სწავლობენ, სკოლამდე ყოველდღიურად ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლას საჭიროებენ.
ოჯახის ინფორმაციით, სოფელ აჭის ე.წ. „ზედა სერის“ დასახლებას სასკოლო მიკროავტობუსი არ ემსახურება. მათი თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზამთარში, უხვი ნალექის, თოვლისა და ყინვის დროს, როდესაც ბავშვებს სახლიდან სკოლამდე გადაადგილება ფეხით უწევთ.
ოჯახში ასევე საუბრობენ ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზეც. მათი თქმით, სახლამდე ელექტროგადამცემი სადენები კუსტარული წესით არის მიყვანილი. მავთულები სოფლის გზაზე არსებული ელექტრობოძიდან სახლის ეზომდე ხის ტოტებზეა დამაგრებული.
სადენების ნაწილი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზეა, რაც, დამატებით საფრთხეს ქმნის.
რატომ ვერ მოხერხდა წლების განმავლობაში სალუქვაძეების ოჯახის პრობლემების მოგვარება? როდის დაიწყება ავარიული გზის მოწესრიგება და ელექტროგაყვანილობის უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანა? ასევე, როდის შეძლებენ ბავშვები სახლიდან სკოლამდე უსაფრთხოდ გადაადგილებას?
სოფელ აჭში მცხოვრები სალუქვაძეების ოჯახის პრობლემებთან დაკავშირებით „აჭარა თაიმსი“ ქობულეთის მერიის პრესცენტრს დაუკავშირდა.
მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მოქალაქე ინფორმირებულია და მისი საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

