„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბობოყვათში მდებარე „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. დასაქმებულების თქმით, მათთვის მიუღებელია შრომითი ანაზღაურების მხოლოდ 100 ლარით გაზრდა.
როგორც საწარმოში დასაქმებულები ამბობენ, წლების განმავლობაში, ყოველი სექტემბრის ბოლოს, შრომითი ანაზღაურების გარკვეული პროცენტით ზრდა იყო გათვალისწინებული.
მათი თქმით, წელსაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ხელფასი უფრო მეტად გაიზრდებოდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 100-ლარიანი დანამატი მიიღეს, ზოგიერთმა თანამშრომელმა კი, უფრო ნაკლები.
დასაქმებულების ნაწილის თქმით, აღნიშნული მატება მათთვის არასაკმარისია. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ყოველდღიური ხარჯები, ისე შრომის ბაზარზე არსებული ანაზღაურების მოთხოვნები და არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე 100-ლარიანი მატება მათთვის საკმარისი არ არის.
„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი ასევე აცხადებს, რომ საწარმოს მენეჯმენტმა მათთან შეთანხმებული პირობა სრულად არ შეასრულა.
საკითხზე „აჭარა ტექსტილის“ პოზიციის გასარკვევად კომპანიის დირექტორს დავუკავშირდით. ჩვენს სატელეფონო ზარებს მან არ უპასუხა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში კომპანიის დირექტორი გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კომპანიის მხრიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში, „აჭარა ტექსტილის“ პოზიციას მასალის განახლებულ ვერსიაში შემოგთავაზებთ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათში მდებარე „აჭარა ტექსტილში“ დაახლოებით 1 500 თანამშრომელია დასაქმებული.

