„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოვლინდა კოორდინირებული არაავთენტური ანგარიშების ქსელი, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე ინტერაქციას ხელოვნურად ზრდიდა.
ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად, ქსელში 424 ანგარიში გამოვლინდა. მათგან 303 2026 წლის 25 აგვისტოს შეიქმნა, 109 კი 26 აგვისტოს. შესაბამისად, ანგარიშების 97% სულ ორ დღეში დარეგისტრირდა.
ISFED-ის ცნობით, ანგარიშები ძირითადად ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს იწონებდნენ. პოსტების მნიშვნელოვანი ნაწილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეს, ევროკავშირთან ურთიერთობასა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხებოდა.
ორგანიზაციის შეფასებით, ანგარიშების კოორდინირებულ მართვაზე მიუთითებს მათი აქტივობის თანმიმდევრულობა, სხვადასხვა პოსტზე ერთი და იგივე პროფილები მოწონებების სიებში იდენტური რიგითობით ჩნდებიან. ანგარიშების უმრავლესობა დახურულია, ხოლო 424 პროფილიდან 295 ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოებს იყენებს.
მონიტორინგის მიხედვით, ანგარიშების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე Facebook-გვერდებს იწერს. მათ შორისაა „Tbilisi news“, რომლის პოსტებსაც ქსელის ასობით ანგარიში იწონებდა.
ISFED-ის შეფასებით, გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ ანგარიშები ერთი ცენტრიდან იმართება და მათი მიზანი მმართველი პარტიის პოპულარობისა და მხარდაჭერის ხელოვნური შთაბეჭდილების შექმნაა.
ორგანიზაციის ცნობით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებზე ინტერაქციის ხელოვნურად გაზრდის შემთხვევები ადრეც გამოვლენილა.

