ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის მცხოვრებლებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დამატებითი დროის დახარჯვა და რამდენიმე სოფლის გავლა უწევთ. ამის მიზეზი არსებული მარშრუტი, მუნიციპალური ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა და მგზავრების სიმცირეა.
ქობულეთის ბაზრის ტერიტორიიდან სოფელ აჭისკენ მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი მუხაესტატეს, წყავროკას, ლეღვასა და ქაქუთს გაივლის, შემდეგ ნაცხავატევში და გოგმაჩაურში მიდის, საბოლოოდ კი სოფელ აჭში ჩადის.
მარშრუტის სიგრძისა და რამდენიმე დასახლებაში შესვლის გამო მგზავრებს გზაში დამატებითი დროის გატარება უწევთ. ადგილობრივების თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მათთვის, ვისაც დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლა სჭირდება.
„ხშირად დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლას ვერ ვახერხებთ და გზაში ბევრი დრო გვეკარგება“, – ამბობენ ადგილობრივები.
ქობულეთის ბაზრის ტერიტორიიდან სოფელ აჭამდე მგზავრობის საფასური 2 ლარი და 30 თეთრია. დღის განმავლობაში მუნიციპალური ავტობუსი ამ მიმართულებით მხოლოდ სამ რეისს ასრულებს. ადგილობრივების თქმით, წლების წინ სოფელ აჭის მიმართულებას ცალკე მუნიციპალური ავტობუსი ემსახურებოდა. დღეს კი, ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობის გამო, მარშრუტი შეცვლილია და მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სხვა სოფლების გავლაც უწევთ.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სოფელ აჭისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის გამოყოფა მგზავრობის დროს შეამცირებდა და გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდიდა.
ქობულეთის ტრანსპორტის რეგულირების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მარშრუტის შეცვლა არ იგეგმება. ცვლილება შესაძლოა მას შემდეგ განხორციელდეს, რაც მუნიციპალიტეტი აჭის მიმართულებისთვის დამატებით ავტობუსს შეიძენს.
„ამ ეტაპზე მარშრუტის ცვლილება არ იგეგმება. ცვლილება შესაძლოა მას შემდეგ განხორციელდეს, რაც მუნიციპალიტეტი აჭის მიმართულებისთვის დამატებით ავტობუსს შეიძენს. თუმცა, წლების წინაც, როდესაც სოფელს ცალკე ტრანსპორტი ემსახურებოდა, ეს მიმართულება პრობლემური იყო. მგზავრების სიმცირის გამო არის დღეები, როდესაც ტრანსპორტით ერთი მგზავრიც კი არ სარგებლობს. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპტიმალურ ვარიანტად მიგვაჩნია, რომ მგზავრები მოსაზღვრე სოფლის ტრანსპორტმა სოფელ აჭის ცენტრამდე გადაიყვანოს“, – აცხადებენ სამსახურში.
სოფელი აჭი ორ მუნიციპალიტეტზეა გაყოფილი: მისი ერთი ნაწილი ოზურგეთის, მეორე კი ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ქობულეთის მხარეს დაახლოებით 50 ოჯახი ცხოვრობს.
მოსახლეობა ქობულეთის მერიას მიმართავს და სოფლისთვის ცალკე, გამართული მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვს. მათი მთავარი მოთხოვნაა, გადაადგილება უფრო სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდეს. სოფელ აჭის მცხოვრებლები, მათ შორის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები, პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზასაც გვთავაზობენ. მათი აზრით, თუ მთავარი დაბრკოლება მგზავრების სიმცირეა, მუნიციპალიტეტს შეუძლია სოფელს მცირე ზომის მიკროავტობუსი დაუნიშნოს ან სამომავლოდ შეიძინოს.
მათი შეთავაზებით, მძღოლად შესაძლებელია სოფლის მცხოვრების დასაქმება, რომელიც დადგენილი გრაფიკისა და საჭიროების შესაბამისად სოფლის ცენტრიდან ქალაქის მიმართულებით იმოძრავებს. ადგილობრივები ასევე მიიჩნევენ, რომ თუ კონკრეტულ რეისზე მგზავრი არ იქნება, მძღოლს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ცარიელი ავტობუსით მგზავრობა არ გააგრძელოს.
მათი შეფასებით, მსგავსი მიდგომა შეამცირებდა მგზავრებისა და მძღოლების დისკომფორტს, დაზოგავდა გზაში დახარჯულ დროს და ტრანსპორტისთვის საჭირო საწვავის ხარჯსაც შეამცირებდა. როგორ უნდა მოგვარდეს სოფელ აჭის მოსახლეობისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და რა გეგმა აქვს ქობულეთის მერიას ამ მიმართულებით?
ამ კითხვებზე პასუხს ქობულეთის მერიისგან ველოდებით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა
4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

