ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა ორი ტენდერი საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის გაფორმების მომსახურების შესყიდვის მიზნით. კერძოდ, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვას 477 000 ლარად გეგმავს.
შპს „ღამის შოუ სტუდიის“ მიერ მომზადებული კონცეფციის თანახმად, მომსახურება ითვალისწინებს საშობაო სოფლის მოწყობას, თავისი ჯიხურებითა და სანტას სახლით. ტენდერის გამოცხადებამდე სამმართველომ ბაზრის კვლევა ჩაატარა.
ტექნიკური დავალების თანახმად, გათვალისწინებულია მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების განათება. ასევე დამონტაჟდება სხვადასხვა ფორმის მანათობელი დეკორაცია მემედ აბაშიძის, ბარათაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილის, გორგილაძის, ჭავჭავაძის, კობალაძის ქუჩებზე, ახალ ხიდსა და რამდენიმე შენობაზე. დეკორაციები ძირითადად დაკავშირებულია ზღვის თემატიკასთან: ტალღა, მედუზები, კუდიანი ვარსკვლავი, ზღვის ცხენი, დელფინები, ღუზა, აფრიანი ნავები და სხვა.
ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მიერ გამოცხადებული მეორე ტენდერიც საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვას გულისხმობს. ამ შემთხვევაშიც, პროექტი მომზადებულია შპს „ღამის შოუ სტუდიის“ მიერ და მის ღირებულება 4 413 822 ლარია. დოკუმენტის თანახმად, 2D მანათობელი დეკორაციები დამონტაჟდება ბოძებზე, ხეებსა და გაზონებზე. ასევე გათვალისწინებულია ინსტალაციები სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, პარკებსა და სკვერებში.
პროექტის მიხედვით, ძირითადი ადგილია ევროპის მოედანი, სადაც დაიდგმება მთავარი ნაძვის ხე, რომელიც, ასევე, ზღვის თემატიკის დეკორაციებით მოირთვება. მის მიმდებარედ განთავსდება სანტას სახლი და საშობაო ჯიხურები.
ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 11 ნოემბერს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ტენდერების ჯამური სავარაუდო ღირებულება 4 890 822 ლარს შეადგენს. არც ერთი მათგანის ხარჯთაღრიცხვაში საშობაო ნაძვის ხის შესყიდვა გათვალისწინებული არაა.

