შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ 172 390 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერთან დაკავშირებით ორმა კომპანიამ, შპს „ალსოფმა“ და შპს „გიო 2014“-მა, დავების განხილვის საბჭოს მიმართეს. ორივე საჩივარი შპს „გიო 2014“-ის გამოცდილებისა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შეფასებას უკავშირდებოდა. ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
შპს „ალსოფი“ მიიჩნევდა, რომ შპს „გიო 2014“-ის მიერ წარდგენილი გამოცდილება სატენდერო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. სატენდერო პირობების მიხედვით, მონაწილეს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში არანაკლებ 205 000 ლარის ღირებულების შესაბამისი სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონოდა.
„ალსოფი“ სადავოდ ხდიდა შპს „გიო 2014“-ის მიერ ქვეკონტრაქტორის, შპს „კონსულის“, მონაწილეობით შესრულებული სამუშაოების გამოცდილებად ჩათვლას. საჩივრის ავტორის მტკიცებით, ტენდერის ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანაზე შემსყიდველთან შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული, რის გამოც ეს სამუშაოები გამოცდილებად არ უნდა ჩათვლილიყო.
კომპანია ასევე მიუთითებდა, რომ სხვა ტენდერების ფარგლებში შესრულებული წყლის სისტემების რეკონსტრუქციის სამუშაოები არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებით მოთხოვნილ წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოებს. „ალსოფი“ შპს „გიო 2014“-ის მიერ წარდგენილ ფასების ცხრილსაც ასაჩივრებდა.
შპს „ალსოფის“ საჩივარი დავების საბჭომ განიხილა და სრულად დააკმაყოფილა. მაანამდე, კომპანიის პირველი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც შუახევის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა, დაესაბუთებინა, კონკრეტულად რომელი გამოცდილება ჩათვალა სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისად.
მოგვიანებით შპს „გიო 2014“-მაც გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება. კომპანიის მტკიცებით, მან მოთხოვნილი დოკუმენტაცია წრადგინა, თუმცა შემსყიდველმა ორგანიზაციამ სათანადოდ არ შეაფასა ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესრულებული სამუშაოების გამოცდილება.
შპს „გიო 2014“-მა შუახევის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის ოქმის გაუქმება და მასთან ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „გიო 2014“-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო „ალსოფის“ საჩივარი სრულად.
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს
შუახევის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებას 3 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა – აუდიტი
შუახევში 2 პოლიციელი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს
შუახევის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების დახმარების ბრალდებით დააკავეს

