ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი სქემით სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 პირი, 16 პირს კი ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. სქემაში ჩართული ჰყავდათ უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.
უწყების ინფორმაციით, სქემის ფარგლებში რეექსპორტის რეჟიმში 138 ავტომობილი მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადების გადახდა სავალდებულოა.
იმპორტის გადასახდელების გადაუხდელობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809,38 ლარის ზიანი მიადგა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

