სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ შპს „ფლიპსტერის“ საჩივარი დააკმაყოფილა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 311 840-ლარიან ტენდერს ეხება.
სადავო ტენდერი კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვას ითვალისწინებს. დავა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულად შპს „ტექ ვაიზი“ გამოვლინდა.
მომჩივანი კომპანიის განმარტებით, ტენდერის პირობებით შესასყიდი ლეპტოპების ოპერაციულ სისტემად FreeDOS იყო განსაზღვრული, თუმცა შპს „ტექ ვაიზმა“ შეთავაზებაში Windows 11 Home მიუთითა. „ფლიპსტერი“ მიიჩნევდა, რომ შეთავაზებული პროდუქტი სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და კომისიას პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია უნდა მოეხდინა.
საჩივარში ასევე აღნიშნული იყო, რომ Windows 11 Home-ის ფუნქციური უპირატესობები ვერ ჩაანაცვლებდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნას. მომჩივანი კომპანიის შეფასებით, ოპერაციული სისტემის ცვლილება ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას უკავშირდებოდა.
შპს „ფლიპსტერი“ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სატენდერო კომისიის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და შპს „ტექ ვაიზის“ ტექნიკური დოკუმენტაციის ხელახალ შეფასებას ითხოვდა. საჩივარი 9 ნოემბერს განიხილეს. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა.

