ბათუმში, 19 წლის ქალი ოპერაციის შემდეგ უგონო მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა, ამის შესახებ ინფორმაცია AJARATIMES.GE-ის პაციენტის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.
მათი თქმით, ახალგაზრდამ “ხოზრევანიძის კლინიკაში” ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გუშინ გაიკეთა, რის შემდეგაც ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
“ოპერაციის დაწყებიდან მალევე მდგომარეობა გართულდა, თავიდან გვითხრეს, რომ მართვით სუნთქვაზე ერთი დღით იქნებოდა, თუმცა დღეს შეგვატყობინეს, რომ კიდევ სამი დღის განმავლობაში იქნება დაძინებულ მდგომარეობაში, ვითხოვთ დახმარებას, მოგვაქციეთ ყურადღება,” – განუცხადა “აჭარა თაიმსს” პაციენტის ახლობელმა.
“აჭარა თაიმსი” კომენტარისთვის ხოზრევანიძის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა დაწესებულებაში ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს.