ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რომლის შედეგადაც „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე დაშავდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, თაკო შანთაძის ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 02:34 საათზე მიიყვანა.
მისი თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.
„პაციენტი შემოვიდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა გამოხატული იყო ტრავმები, მათ შორის ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პაციენტმა კლინიკა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა,“ – განაცხადა ექიმმა.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ პოლიციამ შემთხვევის ადგილი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შემოსაზღვრა.
ცნობილია, რომ ინციდენტისას გიორგი გახარიას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რაც იატაკსა და ავეჯზე კვალს ტოვებდა. თუმცა, სისხლის კვალი მოგვიანებით წაშალეს, რაც სავარაუდოდ, მტკიცებულებების განადგურების მოტივით მოხდა.
გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
“სასტუმრო “შერატონის” ფოიეში ვიჯექი. უცბათ, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: “მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე”. დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, “რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო”. დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბათ, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა”, – გამაცხადა ზვიად ქორიძემ ჩვენთან საუბრისას.
ინფორმაციისთვის: გიორგი გახარიას თანაგუნდელები, ასევე, ზვიად ქორიძეს თავდამსხმელებად “ქართული ოცნების” წევრება ასახელებენ. საუბარია დიმიტრი სამხარაძესა და გიორგი მანველიძეზე.
„აქ ვიყავი, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს „შერატონის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რაღაც თეთრ მანქანაში ჩასვეს… მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი [საგამოძიებო მოქმედება] არ ჩატარებულა. ისინი გეტყვიან ჩატარდაო, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება საგამოძიებო ოქმში.
მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ ამის [ვიდეომტკიცებულებების განადგურება] გაკეთება. ჩვენ არა მარტო ამათ მოვთხოვთ, არამედ მივწერთ „შერატონის“ ცენტრალურ ოფისს, რომ ზეწოლა განახორციელონ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის [ვიდეომტკიცებულებების] განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული. ამას არავინ არავის „გაუტარებს“ იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელია რეჟიმი და ეს არის ბრძოლა,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ჩვენთან საუბრისას.
ცნობისთვის: ბრალდებას ადრესატები, მათ შორის “ქართული ოცნება” არ გამოხმაურებიან.
გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა გვიან ღამით მოხდა, დღეს დილით კი, გახარიამ განაცხადა, რომ მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ. დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“,- წერს გიორგი გახარია.
https://www.facebook.com/ajaratimes/videos/3315094161976549
https://www.facebook.com/share/v/1EBarN9xWx/?mibextid=wwXIfr


