ბათუმში, 6 ივლისიდან ოფიციალურად დაიწყო ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი ჭადრაკში – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული შეჯიბრი მსოფლიო საჭადრაკო კალენდარში. სპორტული ღონისძიება 28 ივლისამდე გასტანს და ქალაქს კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას, თავი წარმოაჩინოს როგორც საერთაშორისო სპორტული მოვლენების ღირსეულმა მასპინძელმა.
ტურნირში მონაწილეობას იღებს 46 ქვეყნის 107 მოჭადრაკე, მათ შორის ხუთი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი. მსოფლიო თასი ფიდეს ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ეტაპია მსოფლიო ჩემპიონატისთვის და შესაბამისად, განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს როგორც პროფესიონალების, ისე გულშემატკივართა შორის.
საქართველო ტურნირში შვიდი წარმომადგენლით არის წარმოდგენილი, რაც ქვეყნის მდიდარი საჭადრაკო ტრადიციებისა და მაღალი სპორტული დონის ნათელი დადასტურებაა. მათ შორის ორი მოჭადრაკე აჭარიდან ასპარეზობს, რაც რეგიონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა.
საჭადრაკო ღონისძიება ტარდება ფიდეს ორგანიზებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



