სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარდა.
დაკავებულები არიან 1997 წელს დაბადებული ბ.მ., 2003 წელს დაბადებული ი.ი. და 1996 წელს დაბადებული ი.ს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ი.ი.-მ სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. რაც შეეხება ბ.მ.-სა და ი.ს.-ს, ისინი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით ცდილობდნენ საქართველოში შეღწევას.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



