ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. სანქციების ახალი ტალღა მიმართულია რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს მოსკოვისთვის ეკონომიკური წნეხის კიდევ უფრო გაძლიერებას უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე.
Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების ფარგლებში დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეამცირეს რუსულ ნედლ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი – ბარელზე 60 დოლარიდან 47.6 დოლარამდე, რაც ნავთობით ვაჭრობაში რუსეთის შემოსავლებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირმა მიიღო „დღემდე ერთ-ერთი უძლიერესი სანქციების პაკეტი“. მისი თქმით, ბრიუსელი აგრძელებს საფასურის გაზრდას, რათა მოსკოვისთვის ომის შეწყვეტა ერთადერთი ალტერნატივა გახდეს.
სანქციების პაკეტის მიღებას მიესალმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც. მისი განცხადებით, ევროკავშირი „რუსეთის ომის მანქანის გულს ურტყამს“, მათ შორის საბანკო, ენერგო და სამხედრო-სამრეწველო სექტორებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით. ფონ დერ ლაიენის თქმით, ნავთობის ფასზე დინამიკური ჭერის დაწესება კრემლის ფინანსური რესურსების შესუსტების მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება.
სანქციებზე შეთანხმებამდე, 17 ივლისს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მიუხედავად უწყვეტი წინააღმდეგობისა და ექვსჯერ დადებული ვეტოსა, ქვეყანა მზად იყო დაეთანხმებინა სანქციების მე-18 პაკეტი. ფიცოს განცხადებით, ევროკომისიამ სლოვაკეთს წერილობითი გარანტია მისცა, რომელიც შეეხება რუსულ ნავთობზე თანდათანობითი უარის თქმის პროცესში სლოვაკეთის ინტერესების დაცვას.
ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი რუსეთს არა მხოლოდ ეკონომიკურად აზარალებს, არამედ მისთვის გლობალურ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვას ცდილობს, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებსაც კრემლი იყენებს სამხედრო რესურსების უზრუნველსაყოფად.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და მან უნდა დაარწმუნოს მოსკოვი, რომ აგრესიული ქმედებების გაგრძელება კიდევ უფრო დააზარალებს მის ეკონომიკურ და პოლიტიკური ინტერესებს.
