საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით შეყვანილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების დადგენა. უწყების განმარტებით, მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.
ერთდროულად, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევარი შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ერთი პირი უკვე დაკავებულია. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას — მედიკოსების ინფორმაციით, მას ფილტვის დაზიანება აქვს და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.



