იცოდი? ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია უწინ კათოლიკური იყო.
დავით კლდიაშვილი წერს: …“იქ, სადაც ახლა კათოლიკეთა ეკლესიაა, იყო განიერი ტბა, სავსე გარეული ფრინველებით“
გაიგე საინტერესო ფაქტები ბათუმის მთავარ ეკლესიად წოდებული ტაძრის შესახებ სტატიაში.
კათოლიკეობა ბათუმში – ისტორია
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, რომელიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავდაპირველად, კათოლიკური ეკლესიის სახელით აშენდა. XIX საუკუნის დასაწყისში გოთური დიზაინით დაპროექტებული ტაძარი, დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს ქრისტიანულ სამყაროში. ამ სტატიით მოქალაქეებს „ბათუმის მთავარ ეკლესიად წოდებული“ ტაძრის ისტორიის შესახებ, დეტალურ და საინტერესო ამბებს მივაწვდით.
აღსანიშნავია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის სახელობის ეკლესია ქართველი და სომეხი კათოლიკეებისთვის ერთი თავშესაფარი ყოფილა. მორწმუნეები აქ ერთად აღავლენდნენ წირვას. ქართველები დღის მეორე ნახევარში, ხოლო სომხები – დილიდანვე ლოცულობდნენ ტაძარში.
ისტორია იწყება ლათინური წესის ქართველი კათოლიკეებით, რომლებმაც 1896 წელს სხვადასხვა საკონსულოს თხოვნით მიმართეს, რათა ტაძრის აგების ნებართვისთვის, რუსეთის ხელისუფლებასთან ეშუამდგომლათ. პასუხმაც არ დააყოვნა და იმავე წელს (1896 წ) რუსეთის იმპერიამ ტაძრის აშენების ნებართვა გასცა.
არქიტექტურული პროექტი მიხაილ ზაგორსკიმ შექმნა. მთავრობამ 1897 წლიდან მშენებლობისთვის თანხის შეგროვება დაიწყო. კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის ბათუმის თვითმმართველობამ 400 საჟენი (დაახლ. 8000კვ.მ) მიწა გამოყო.
დავით კლდიაშვილი აღწერს: …“იქ, სადაც ახლა კათოლიკეთა ეკლესიაა, იყო განიერი ტბა, სავსე გარეული ფრინველებით და იქ იცოდნენ ხოლმე სანადიროდ გასვლა, მონდაირეებმა. ტბის გადაღმა დასავლეთისკენ მისდევდა უდაბური ტყე. კათოლიკეებმა ამ მიწის ნაკვეთისათვის კიდევ 200 საჟენი მიწის დამატება შეძლეს“.
როგორც დავით კლდიაშვილის წერილში ირკვევა, მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი მეცენატის, სტეფანე ზუბალაშვილის წვლილი ამ ტაძრის აშენებაში დიდია. მისი აგება ძმები ზუბალაშვილების დედის — ელისაბედის ოცნება ყოფილა. გარდაცვალების წინ დედას სტეფანესთვის სიტყვიერად უთხოვია ბათუმში „წმინდა ტაძრის აგება“ მისი სულის მოსახსენიებლად.
„დახმარებისთვის სტეფანე ზუბალაშვილს მიმართეს, რომელმაც ეს თხოვნა დიდ პატივად მიიღო: „ჩემის დაუვიწყარი დედის სულის მოსახსენიებლად მ აღგიშენებთ მთლად ეკლესიასო და ამისთვის მან 15 000 მანეთი გადასცა იმ წუთშივე, რომლითაც 1897 წლის აპრილის 12 ჩაეყარა ეკლესიის საძირკველიც“ – წერს კლდიაშვილი.
ცნობისთვის, ზუბალაშვილებმა, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის, საერთო ჯამში, 160 ათას მანეთზე მეტი გაიღეს.
ეკლესიის შესასვლელი კარის ქართული წარწერა: „მოვედით თაყვანის ვსცეთ და უგალობდეთ უფალსა“
ლათინური წარწერა: „Orantibus in Loco isto, dimitte peccata populi tui, Deus”
“შეუნდე, ღმერთო, ცოდვანი ერსა შენსა, რომელნიც მოვლენ სალოცავსა ადგილსა ამასა“