„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დასაჯეს. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოიტანა.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, რომელიც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მტკიცებით, ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სიტყვიერი დაპირისპირებისას სილა გააწნა, რაც პროკურატურამ საკმარის საფუძვლად მიიჩნია თავდასხმის მუხლით ბრალდება წარედგინა.
თუმცა, მოსამართლემ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება გადაკვალიფიცირდა და განაჩენი სსკ-ის 353-ე მუხლის მიხედვით გამოიტანა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
მზია ამაღლობელის დაკავებასა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. პროცესს ყურადღებით აკვირდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მედიამენეჯერის უფლებადამცველები გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.



