ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პირველად გამოაქვეყნა რეკომენდაცია, თუ როგორ დავიცვათ ჩვილები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში ვირუსის – რესპირატორული სინციტიალური ვირუსისგან.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს ვირუსი ბევრს შეიძლება გრიპივით ეჩვენოს – ხველა, სიცხე, სურდო – მაგრამ ჩვილებისთვის, განსაკუთრებით 6 თვემდე ბავშვებისთვის, ის შეიძლება ძალიან მძიმე და საშიში იყოს.
რა უნდა ვიცოდეთ:
- ყოველ წელს მსოფლიოში დაახლოებით 100,000 ჩვილი იღუპება RSV-ის გამო, და 3.6 მილიონზე მეტი ხვდება საავადმყოფოში;
- უმეტესად ეს შემთხვევები ხდება ღარიბ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში, სადაც ბავშვებს ხშირად არ აქვთ შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა (მაგალითად, ჟანგბადი ან სითხეები).
რა სიახლეს გვთავაზობს WHO – ორი გზა ჩვილების დაცვის:
-
ვაქცინა ორსულებისთვის – დედას უკეთდება ვაქცინა ორსულობის ბოლოსკენ (28 კვირიდან), რაც ბავშვს დაბადებისთანავე იცავს ვირუსისგან. ეს ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს ჩვეულებრივ ორსულთა კონსულტაციებზე;
-
სპეციალური ერთჯერადი ინექცია ჩვილებისთვის – ეს არის წამალი, რომელიც ბავშვს უკეთდება დაბადებისთანავე ან პირველივე სამედიცინო ვიზიტზე და იცავს მინიმუმ 5 თვის განმავლობაში – ანუ მთელი „RSV სეზონის“ განმავლობაში, როცა ვირუსი ყველაზე მეტად ვრცელდება.
რომელი გზაა უკეთესი?
WHO ამბობს, რომ ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი მეთოდი უფრო მარტივად და ხელმისაწვდომად შეუძლია დანერგოს – ორსულთა ვაქცინაცია თუ ჩვილების ინექცია. ორივე მეთოდი ეფექტურია და მიზანია – შევამციროთ ჩვილების სიკვდილიანობა და მძიმე გართულებები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ეს რეკომენდაცია ნიშნავს, რომ ბევრ ბავშვს ექნება შანსი თავიდან აიცილოს მძიმე დაავადება, საავადმყოფოში მოხვედრა ან სიკვდილი. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, სადაც ბავშვების მკურნალობის საშუალებები მწირია.
WHO მოუწოდებს ქვეყნებს, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა ეს დაცვის საშუალებები ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ოჯახისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.



