საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო, ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
საქმის დასახელება: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა)№1828 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით; ა.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-6 მუხლის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით; ა.გ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; ა.დ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან მიმართებით; ა.ე) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ა.ვ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით;
ბ) №1829 კონსტიტუციურ სარჩელზე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) №1834 კონსტიტუციურ სარჩელზე: გ.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით;
დ) №1837 კონსტიტუციურ სარჩელზე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები – გიორგი ბურჯანაძე, ეკა ბესელია, ზურაბ მაჭარაძე, კახი სამხარაძე; საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ კორძაიას, ანა ნაცვლიშვილის, ლევან ბეჟაშვილის და სხვების (სულ 38 დეპუტატის) წარმომადგენლები – თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი; ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველოს“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ და სხვების (სულ 122 მოსარჩელის) წარმომადგენლები – ქეთევან ერემაძე და გიორგი დავითური; შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენლები – გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ლევან კასრაძე, ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილი; სპეციალისტი – ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივი მონაცემების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების გამგე, მარინა ბერიძე.
I აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1828) მომართა საქართველოს პრეზიდენტმა. №1828 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2024 წლის 18 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1829) მომართეს ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველომ“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“ და სხვებმა (სულ 122 მოსარჩელე). №1829 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2024 წლის 26 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1834) მომართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: თამარ კორძაიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და სხვებმა (სულ 38 დეპუტატი). №1834 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2024 წლის პირველ აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 19 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1837) მომართეს შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელმა“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორმა“. №1837 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2024 წლის 20 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2024 წლის 29, 30 და 31 აგვისტოს.
2. №1828 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 33-ე მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლი და 311 მუხლი. №1829 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. №1834 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 33-ე მუხლის პირველი პუნქტი. №1837 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ამ კანონით გათვალისწინებული სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს. უფრო კონკრეტულად, კანონის ცალკეული დებულებები განსაზღვრავს უცხოური ძალისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დეფინიციებს და ამ უკანასკნელში აქცევს ისეთ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის (მედიასაშუალების შემთხვევაში – არაკომერციული შემოსავლის) 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. კანონი ითვალისწინებს ასეთი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციას და ითხოვს, მათი მხრიდან, შესაბამისი განაცხადის, საფინანსო დეკლარაციისა და სხვა სათანადო დოკუმენტაციის წარდგენას. სადავო ნორმები განსაზღვრავს ამ სუბიექტების მიმართ მონიტორინგის განხორციელების საფუძვლებს, უფლებამოსილებასა და წესს, ხოლო მონიტორინგის განხორციელებისას ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას. ამავდროულად, კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც, სანქციის სახით, გათვალისწინებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციური გარანტია, მე-12 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო მე-15 მუხლით გარანტირებულია პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაცულია ყოველი ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება“. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს ზემოხსენებულ უფლებათა შეზღუდვის ფორმალურ საფუძვლებს, 22-ე მუხლი განამტკიცებს გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიას, ხოლო 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ადგენს კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მოსარჩელე
5. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ტერმინის – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ – სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, მისი შემოღების წინაისტორია და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები აღნიშნულ სტატუსს ანიჭებს მკვეთრად ნეგატიურ დატვირთვას, რითაც ხდება მისი მატარებლების „აგენტებად“, „ჯაშუშებად“, ეროვნული ინტერესებისა და ფასეულობების წინააღმდეგ მოქმედ სუბიექტებად აღქმა. მოსარჩელეთა აზრით, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისათვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების იარლიყის მინიჭებით და მათი სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებით, სახელმწიფო ამ (მედია) ორგანიზაციების მიერ საკუთარი ქვეყნისა და თანამოქალაქეების დასახმარებლად განხორციელებულ საქმიანობას არქმევს საქართველოს საწინააღმდეგო, უცხოური ძალის ინტერესების გატარებას, რითაც ახდენს აღნიშნული სუბიექტების დისკრედიტირებას, საქმიანი რეპუტაციის შელახვას და ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას. ეს იწვევს მათ სტიგმატიზაციას და საზოგადოებისგან გარიყვას, გაუცხოებას, მათ მიმართ ნდობის დაკარგვას, როგორც საზოგადოების, ისე ბენეფიციართა თუ პოტენციურ დონორთა მხრიდან.
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დონორის მიერ ორგანიზაციის დაფინანსება a priori არ ნიშნავს მისი მხრიდან ამ ორგანიზაციაზე გავლენის მოპოვებას და სადავო ტერმინები აყალიბებს გაუმართლებელ, დისკრიმინაციულ დაშვებას. ამ დაშვების თანახმად, თუ იდეალისტური მიზნებით შექმნილი სამოქალაქო ორგანიზაციის შემოსავლის გარკვეული წილი მიღებულია საზღვარგარეთიდან, (მედია)ორგანიზაცია, ყოველგვარი შემდგომი მოკვლევის გარეშე, ავტომატურად ხდება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“. მეტიც, აღნიშნული იარლიყის მინიჭების დროს, ისიც კი არ გაითვალისწინება, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მხარდამჭერი სტრატეგიული პარტნიორებისაგან თუ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისა და მათი მოკავშირეების მიერ. მოსარჩელეთა აზრით, ეს ყოველივე ნათლად მიანიშნებს, რომ სადავო კანონი არ ემსახურება რაიმე ღირებულ ლეგიტიმურ ინტერესს და მხოლოდ ცალკეული (მედია)ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რაც ჯაჭვური რეაქციით, დაუცველს ტოვებს, მათ შორის, ამ ორგანიზაციების ბენეფიციარ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს და იწვევს მათ კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, სტიგმატიზაციის ეფექტებს ამძაფრებს სპეციალური ციფრული საჯარო რეესტრის არსებობა, სახელწოდებით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი“, რომელში დარეგისტრირებაც, საკუთარი ნებით თუ მისგან დამოუკიდებლად, გარდაუვლად უწევთ (მედია)ორგანიზაციებს.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სტიგმის გამომწვევი ეფექტის გარდა, სადავო ნორმებს აქვს არაერთი პრობლემა, რომელიც გასაჩივრებულ კანონს აქცევს შეუთავსებლად საქართველოს კონსტიტუციის მთელ რიგ დებულებებთან მიმართებით.
9. უპირველეს ყოვლისა, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პრობლემურია კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმი და მისი რეპრესიული ბუნება. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოვლენის მოტივით ან შესაბამისი სუბიექტის მიერ სადავო კანონის სხვა მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დაიწყოს მონიტორინგი, მაშასადამე, საკითხის სათანადო მოკვლევა და შესწავლა, რაც მოიცავს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისგან, ისევე, როგორც სახელმწიფო დაწესებულებისაგან ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას.
10. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიღმა, სადავო ნორმები არ ადგენს არანაირ შინაარსობრივ შეზღუდვას მისაღები ინფორმაციის კატეგორიის, სენსიტიურობისა და პრივატულობის მიხედვით. შედეგად, კანონი, პრაქტიკულად, ნებისმიერი სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო, ფინანსურ და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის მოთხოვნის უფლებამოსილებას ანიჭებს სახელმწიფოს, თანაც ისე, რომ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს არ ევალება მოთხოვნილი ინფორმაციის სენსიტიურობის ან თუნდაც მისი მოთხოვნის ფაქტიდან გამომდინარე, შესაძლო ნეგატიური ეფექტების შეფასება.
11. მოსარჩელისათვის პრობლემურია ისიც, რომ მონიტორინგის ინსტრუმენტის დამდგენი სადავო ნორმები შესაბამისი პირებისაგან მოითხოვს ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას, მიუხედავად ამ ინფორმაციის მოცულობისა და დამუშავების სირთულისა, ხოლო კანონი არ უშვებს ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესაძლებლობას მართლზომიერი საფუძვლით და მას ყოველთვის თან ახლავს საჯაროსამართლებრივი პასუხისმგებლობის, კერძოდ, საკმაოდ დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმების დაკისრების რისკი. მოსარჩელის განცხადებით, მონიტორინგის ინსტიტუტს რეპრესიულ მექანიზმად აქცევს აგრეთვე მისი განხორციელების სიხშირე. კერძოდ, კანონი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მონიტორინგი, კონკრეტული ორგანიზაციის ან პირის მიმართ, შესაძლოა, პრაქტიკაში მუდმივად მიმდინარეობდეს.
12. საბოლოო ჯამში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მონიტორინგისა და ინფორმაციის გამოთხოვის მექანიზმი ქმნის ორგანიზაციების, მისი პარტნიორებისა თუ თანამშრომლების დაშინებისა და მუდმივ წნეხში ყოფნის ძლიერ ინსტრუმენტს, რომლის უკანონო გამოყენებას ვერ აბალანსებს, მათ შორის, ვერც საერთო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილება, ვინაიდან სადავო კანონის საფუძველზე ან/და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
13. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს აგრეთვე (მედია)ორგანიზაციებისათვის დაკისრებული ფინანსური ანგარიშგებით გამოწვეული ტვირთის სიმძიმეს. კერძოდ, სადავო ნორმები, იმის გამო, რომ ორგანიზაციის შემოსავლის (მედიასაშუალების შემთხვევაში – არაკომერციული შემოსავლის) 20%-ზე თუნდაც ოდნავ მეტს წარმოადგენს უცხოური დაფინანსება, ამ ორგანიზაციისგან ითხოვს, მისი ყველა შემოსავლისა თუ ხარჯის და მათი მიზნობრიობის დეკლარირებას, რაც საკუთარ თავში მოიცავს, ფაქტობრივად, ყველა ოპერაციულ აქტივობას, რომელიც ორგანიზაციის მხრიდან შემოსავლის მიღებას ან მის გამოყენებას უკავშირდება. მსგავსი ვალდებულების დაწესებით, ფაქტობრივად, სადავო კანონი ითხოვს ალტერნატიულ, სრულიად განსხვავებულ ბუღალტრულ ანგარიშგებას. მოსარჩელეთა განმარტებით, მსგავსი მიდგომა, გარდა ორგანიზაციული ტვირთისა, ერთიორად ზრდის ხარვეზული დეკლარაციის წარდგენის, გამოუსწორებელი ხარვეზის დადგენის ან/და ხარვეზის ინსტიტუტის ბოროტად გამოყენების რისკს, განსაკუთრებით კანონის ამოქმედებამდე დასრულებულ სამართალურთიერთობებთან მიმართებით საფინანსო ანგარიშგების მოთხოვნის პირობებში.
14. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო კანონის კონსტიტუციასთან შეუთავსებლობის ერთ-ერთი ინდიკატორია აგრეთვე მისი უკუძალით გავრცელება წარსულ ურთიერთობებზე. კერძოდ, (მედია) ორგანიზაციებს მასტიგმატიზირებელ რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისი საფინანსო დეკლარაციის წარდგენა მოეთხოვებათ სადავო კანონის მიღების წინა კალენდარულ წელს მიღებული შემოსავლების გაანგარიშების საფუძველზე. ამდენად, კანონის უკუძალით გავრცელების პირობებში, შესაბამის სამართალსუბიექტებს იმის შესაძლებლობაც კი არ რჩებათ, რომ შეიცვალონ დაფინანსების წყარო და თავი აარიდონ რეესტრში რეგისტრაციას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის უკუძალით, მის მიღებამდე პერიოდში წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე გავრცელება წინააღმდეგობაშია სამართლებრივი სახელმწიფოს საბაზისო, კერძოდ, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ნდობის პრინციპებთან.
15. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახდელის სახით გათვალისწინებული ჯარიმების დიდ ოდენობასა და მისი დაკისრების სიხშირეზე და განმარტავს, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც, როგორც წესი, მიბმულია შესაბამის პროექტზე, ვერ იქნება გამოყენებული კანონით გათვალისწინებული დიდი ოდენობის ჯარიმების დასაფარად. შესაბამისად, (მედია)ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ჯარიმის გადახდას, რაც შესაძლოა, მათ მიმართ იძულებითი აღსრულებისა და გადახდისუუნარობის პროცესის დაწყების საფუძველი გახდეს და საბოლოო ჯამში, გამოიწვევს (მედია)ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტას, მათ ფაქტობრივ ლიკვიდაციას.
16. მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული კანონის საფუძველზე, ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისათვის სახელმწიფოს მიერ სტიგმის გამომწვევი სახელწოდების დარქმევა, შეურაცხმყოფელ რეესტრში დასარეგისტრირებლად რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება, მონიტორინგის განხორციელების წესი და სიხშირე, (მედია)ორგანიზაციებისგან ან/და მათთან რაიმე სახით დაკავშირებული პირებისგან ნებისმიერი სახისა და შინაარსის ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესაძლებლობა, კანონის უკუძალით, დასრულებულ სამართალურთიერთობებზე გავრცელება და დიდი ოდენობის ჯარიმების განსაზღვრა ქმედებებისთვის, რომლებიც მოსარჩელეთა აზრით, საერთოდ არ შეიცავს საზოგადოებრივი გაკიცხვადობის ნიშნებს, მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში არსებითად ართულებს ამ სუბიექტების საქმიანობას და შეუძლებელს ხდის მათ მიერ დასახული იდეალისტური მიზნების მიღწევას. ეს კი, მოსარჩელეთა აზრით, საბოლოო ჯამში, იწვევს ამ (მედია)ორგანიზაციების ფუნქციონირების შეწყვეტას, რაც უთანაბრდება მათ ლიკვიდაციას. შედეგად, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული გაერთიანებისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, რაც, მოსარჩელეთა პოზიციით, გულისხმობს, მათ შორის, გაერთიანებებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების თავისუფლად, დამოუკიდებლად რეალიზებას სახელმწიფოსაგან მაქსიმალური დისტანცირების პირობებში.
17. მოსარჩელე მხარის პოზიციით, (მედია)ორგანიზაციების არსებობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათ მიმართ არსებობდეს ნდობა, როგორც საზოგადოების/მაყურებლის, ისე უშუალოდ ბენეფიციართა და დონორთა მხრიდან. ამ ორგანიზაციებისათვის მასტიგმატიზირებელი იარლიყის მინიჭება და მათთვის მინდობილი ინფორმაციის შესაძლო გასაჯაროების ან ამ ინფორმაციაზე თუნდაც მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ ხელმისაწვდომობის რისკის გაჩენა, სრულიად ანადგურებს ამ ნდობას, რაც (მედია)ორგანიზაციის ფუნქციონირებას და მათი მიზნების მიღწევას ხდის შეუძლებელს. ისინი კარგავენ როგორც ბენეფიციარებს და ინფორმაციის მომწოდებელ წყაროებს, ისე დონორებს და, ხშირად, უალტერნატივო უცხოურ დაფინანსებას.
18. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებს აქვს „მსუსხავი ეფექტი“ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების/მედიასაშუალებების გამოხატვის თავისუფლების სრულფასოვან რეალიზაციაზე. კერძოდ, სადავო კანონში გათვალისწინებულია რეპრესიული მექანიზმები, აღმასრულებელ ხელისუფლებას კი კანონით გადაცემული აქვს ამ მექანიზმების ამოქმედების განუსაზღვრელი უფლებამოსილება, რაც შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებთან. მსგავსი მოწესრიგება, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიაში ნერგავს მუდმივი საფრთხის განცდას, რომ მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის ნებისმიერი აქტი, იმგვარი ფორმებითა და შინაარსით, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლებისთვის იქნება მიუღებელი, შესაძლოა, გახდეს მათ მიმართ რეპრესიული მექანიზმების ამოქმედების საფუძველი. ამდენად, სადავო ნორმები ზღუდავს კრიტიკული აზრის გამოხატვას და პოლიტიკური ხელისუფლებისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებას. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებს აქვთ, აზრისა და მისი გამოხატვის გამო, პირის დევნის პოტენციალი. მათივე მოსაზრებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმაშიც გამოიხატება, რომ შეურაცხმყოფელი იარლიყის მინიჭებით, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და დასკვნებს, ისევე, როგორც მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ რეპორტაჟებსა და ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, წინასწარ ანიჭებს ისეთ იარლიყს, რომელიც საზოგადოების თვალში მის სანდოობას და მნიშვნელობას ძირს უთხრის და აფერმკრთალებს.
19. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მასტიგმატიზირებელი სახელწოდებისა და რეპრესიული მექანიზმების დამკვიდრებით, სადავო კანონი ახდენს შესაბამისი სუბიექტების მიერ წლების განმავლობაში კეთილსინდისიერი მუშაობის შედეგად მოპოვებული პოზიტიური საზოგადოებრივი იმიჯის, სოციალური იდენტობისა და რეპუტაციის დისკრედიტაციას და შელახვას, რითაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დარღვევას. ფაქტობრივად, კანონის ადრესატები დგებიან დილემის წინაშე – შეწყვიტონ/მნიშვნელოვნად შეზღუდონ თავიანთი საქმიანობა ან შეეგუონ იმ სტიგმას და მასთან დაკავშირებულ უარყოფით შედეგებს, რაც უკავშირდება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ სტატუსს.
20. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები რეგისტრაციის, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის პროცესში ითვალისწინებს სამოქალაქო და სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან, ამ ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისაგან ან/და მათთან სამართლებრივად დაკავშირებული სუბიექტებისაგან ნებისმიერი სახის, მათ შორის, პირადი, პროფესიული, პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, მათი ნებისაგან დამოუკიდებლად, იძულებითი მექანიზმების გამოყენებით გამოთხოვის შესაძლებლობას, სახელმწიფოს მიერ ამ მონაცემების დამუშავებას ან/და საჯაროდ გამოქვეყნებას. ეს ყოველივე იწვევს გაუმართლებელ ჩარევას ყველა დასახელებული სუბიექტის პირადი ცხოვრებისა და პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ძირითად უფლებაში.
21. ამავდროულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დადგენილ მატერიალურ მოთხოვნებთან ერთად, არღვევს აგრეთვე ამავე მუხლით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, კანონი ითვალისწინებს პირადი კომუნიკაციის შეზღუდვას ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
22. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, რომლის თანახმად, კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
23. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მეორე წინადადება აბსოლუტურად კრძალავს ნამდვილ უკუძალას. ამავდროულად, ნამდვილი უკუძალით პასუხისმგებლობის დადგენა ან დამძიმება არა მარტო უკუძალის აკრძალვის, არამედ სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ნდობის დაცვის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. სადავო ნორმების საფუძველზე, აღნიშნული პრინციპების დარღვევა გამოიხატება იმაში, რომ ეს ნორმები ნამდვილი უკუძალით ცვლის კანონის ძალაში შესვლამდე (2024 წლის 3 ივნისამდე) დასრულებული ურთიერთობების სამართლებრივ შედეგებს, სადავო კანონის ადრესატების მიმართ 2023 კალენდარული წლისა და 2024 კალენდარული წლის 1 იანვრიდან 3 ივნისამდე პერიოდზე ავრცელებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობისათვის ითვალისწინებს შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომას.
24. №1837 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები დამატებით აპელირებენ, სახელმწიფოს მხრიდან, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, სადავო კანონი იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სრულიად უცხოურ დონორებზე არიან დამოკიდებულები, აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვინაიდან ამ უკანასკნელზე საერთოდ არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და რეპრესიული მექანიზმები. მოსარჩელის აზრით, მსგავსი მოწესრიგება ადგენს დისკრიმინაციას არსებითად თანასწორ სუბიექტთა მიმართ ორგანიზაციის დამფუძნებელთა ნიშნით და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
25. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული კანონი არ ემსახურება რაიმე ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. კანონის განმარტებით ბარათში, ერთადერთ ლეგიტიმურ მიზნად დასახელებულია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუმცა მოსარჩელეთა მოსაზრებით, ცალკე აღებული ორგანიზაციათა გამჭვირვალობა ვერ იქნება თვითმყოფადი ლეგიტიმური მიზანი. გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ინსტრუმენტი სხვა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ამგვარი ლეგიტიმური მიზნები კი კანონმდებელს არ დაუსახელებია.
26. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების მიღმა, №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების ავტორები ითხოვენ მთლიანად სადავო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.
27. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი არსობრივად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც არ არის დეკლარაციული ხასიათის და შეუძლია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები წარმოშვას. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით, განმტკიცებულია საქართველოს მოქალაქეთა ღირებულებითი და ცივილიზაციური არჩევანი და ხელისუფლების ყველა შტოს ვალდებულება, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
28. მოსარჩელის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო კანონი არღვევს მთელ რიგ ძირითად უფლებებს და ისეთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლებიც, ამავდროულად, ევროატლანტიკური ორგანიზაციებისა და ევროკავშირის სამართლის ღირებულებით ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებული კანონი კარდინალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. ამგვარი წინააღმდეგობა დადასტურებულია როგორც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, სადაც დადგინდა მსგავსი კანონის სრული შეუთავსებლობა ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული ქარტიის მთელ რიგ დებულებებთან მიმართებით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებით, ვენეციის კომისიისა და ეუთოს დასკვნებით და ევროატლანტიკური ორგანიზაციების სტრუქტურებისა და ამ ორგანიზაციების წევრი ქვეყნების მაღალი რანგის საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებმაც მკაცრად გააკრიტიკეს უშუალოდ სადავო კანონი და მიუთითეს მის ნეგატიურ ეფექტებზე ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების პროცესში.
29. მოსარჩელე მხარის პოზიციით, გარდა ევროკავშირის სამართალთან შეუთავსებლობისა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოა ის გარემოებაც, რომ სადავო კანონი უცხო ძალად მიიჩნევს ორგანიზაციას, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მიზანია და რომელთანაც, ამ ეტაპზე, საქართველოს გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება.
30. მოსარჩელის განცხადებით, კანონი პრაქტიკაშიც აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ვინაიდან, პირდაპირ თუ ირიბად, შეუძლებელს ხდის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და იმ ცხრა ნაბიჯის შესრულებას, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელ წინაპირობადაა დასახელებული და მოიცავს, მათ შორის, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და საქმიანობის ხელშეწყობას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სამართალთან და ევროატლანტიკური ორგანიზაციების ფუნდამენტურ ღირებულებებთან სრული წინააღმდეგობის ფონზე, სადავო მასტიგმატიზირებელი და რეპრესიული კანონის მიღებით, კანონმდებელი, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებულ საგარეო კურსს და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის კონსტიტუციურ მიზანს, ხოლო, მეორე მხრივ, არღვევს ამავე მუხლით ნაკისრ ვალდებულებას, მიიღოს ყველა ზომა ამ მიზნის უზრუნველსაყოფად.
32. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო კანონის მოქმედება.
33. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2024 წლის სექტემბრიდან, სრულად ამოქმედდება სადავო კანონით გათვალისწინებული რეპრესიული მექანიზმები და კანონი დაუყოვნებლივ წარმოშობს ყველა იმ საფრთხეს, რომელზეც ცალკეული უფლებების დარღვევის კონტექსტში იყო საუბარი, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, რაც საშუალოსტატისტიკურად რამდენიმე წელს მოიცავს, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისათვის უკვე დამდგარი იქნება შეუქცევადი, გამოუსწორებელი ზიანი. კანონის მოქმედება მოკლევადიან პერიოდში გამოიწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაციას, რეპუტაციის შელახვას და მათ მყისიერად, შეუქცევადად და განუსაზღვრელი ვადით დაუკარგავს სანდოობას საზოგადოების თვალში. გარდა ამისა, რეპრესიული ინსტიტუტებისა და დიდი ოდენობის ჯარიმების გამოყენების ფონზე, ორგანიზაციათა უმეტესობა ვერ შეძლებს ფუნქციონირებას და მალევე დაექვემდებარება ლიკვიდაციას ან თვითლიკვიდაციას. გაჩნდება პერსონალური და სხვადასხვა ტიპის საიდუმლო ინფორმაციის სახელმწიფოსთვის გადაცემის ვალდებულება და ამ ინფორმაციის გასაჯაროების საფრთხე, რაც მყისიერ და შეუქცევად ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ ცალკეულ ორგანიზაციებს, არამედ მათ ბენეფიციარებს, განსაკუთრებით, მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს (შშმ პირებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ.), ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ, ისევე როგორც მათთან თანამშრომლურ ურთიერთობაში მყოფ პირებს (მაგალითად, მამხილებლებს, ჟურნალისტურ წყაროებს და ა.შ.), რომელთა დახმარების გარეშეც ხშირად შეუძლებელია სამოქალაქო ორგანიზაციებისა თუ მედია მაუწყებლების ფუნქციონირება.
34. მოსარჩელის აზრით, გამოუსწორებელი ზიანის საფრთხე განსაკუთრებით მწვავეა 2024 წლის ოქტომბერში გასამართი საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებაში ჩართული ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან გარდა რეპრესიული მექანიზმებით მათი ფუნქციონირების შეფერხებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეწყვეტისა, მასტიგმატიზებელი სტატუსი მათ გაურთულებს დამკვირვებლების მოზიდვას.
35. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების შეჩერებით შესაძლებელი იქნება შეუქცევადი ზიანის თავიდან აცილება. კერძოდ, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით, მოსარჩელე ორგანიზაციებისთვის აღარ იარსებებს მათი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება და ამისთვის შესაბამისი განცხადებისა და საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებები. ამასთან, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით, ორგანიზაციების მიმართ იუსტიციის სამინისტრო ვეღარ გამოიყენებს მონიტორინგის, ისევე, როგორც მათგან ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვის რეპრესიულ მექანიზმებს. მოსარჩელეები აგრეთვე იმასაც აღნიშნავენ, რომ კანონის მოქმედების შეჩერებით წარმოიქმნება ახალი იმპულსი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განახლებისთვის.
36. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ არ არსებობს ზიანის თავიდან აცილების შესაძლებლობა სხვა სამართლებრივი საშუალებებით. შესაბამისი (მედია)ორგანიზაციები ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პირობებშიც კი, თავიდან ვერ აირიდებენ სტიგმატიზაციასა და კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ რეპრესიულ ღონისძიებებს. ამავდროულად, სხვა ფინანსური წყაროების მოძიების შემთხვევაშიც, სადავო კანონის ადრესატებს მაინც მოუწევთ მასტიგმატიზებელი ეფექტისა და რეპრესიული ღონისძიებების საკუთარ თავზე გამოცდა, ვინაიდან კანონი უკუძალით ვრცელდება 2023 წელს წარმოშობილ და კანონის ამოქმედებამდე დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამავდროულად, ზიანის თავიდან ასარიდებლად ეფექტური საშუალების ფუნქციას ვერ შეასრულებს, მათ შორის, ვერც (მედია)ორგანიზაციების მიერ საერთო სასამართლოებისადმი მიმართვა, ვინაიდან ყველა ის მასტიგმატიზებელი ვალდებულება თუ რეპრესიული ინსტიტუტი, რომელზეც საუბრობს მოსარჩელე მხარე, სადავო კანონითაა დადგენილი, რომლის მიმართაც, მის არაკონსტიტუციურად ცნობამდე, მოქმედებს კონსტიტუციურობის პრეზუმფცია და, ამდენად, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედება, უფლებამოსილების აშკარად ბოროტად გამოყენების შემთხვევების გარდა, ფორმალურად შესაბამისი იქნება კანონის მოთხოვნებთან.
37. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმების დაუყოვნებლივ შეჩერებით არ იქმნება სხვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების დაზიანების საფრთხე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმები არ არის მიღებული საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. მეტიც, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების შეჩერება კონსტიტუციით დაცული არაერთი ლეგიტიმური ინტერესისთვის მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა, მათ შორის, არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის მიზანი. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლითა და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის მიზნის მიღწევის გარანტად დანახულია, მათ შორის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაცია. სადავო კანონი არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის კონსტიტუციურ მიზანს.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ყველა ის წინაპირობა, რომლის არსებობაც აუცილებელია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული ნორმების შესაჩერებლად. შედეგად, მოსარჩელეები შუამდგომლობენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავოდ გამხდარი კანონის მოქმედება.
39. საქმის განმწესრიგებელი განხილვის სხდომაზე მოსარჩელის, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სადავო კანონის კანონპროექტად დაინიცირების დღიდან, ეს კანონი როგორც ქვეყანას, ისე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებსა და მათთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ პირებს აყენებს განგრძობადი ხასიათის გამოუსწორებელ ზიანს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კანონის დაუყოვნებლივი შეჩერება აღმოფხვრის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ფუნქციონირების შეფერხებისა და ლიკვიდაციის საფრთხეს, დაიცავს ცალკეულ პირებს პირადი და სენსიტიური ინფორმაციის გასაჯაროებისაგან და განაახლებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცესს, ვინაიდან ყველა ის ნეგატიური განცხადება, რომელიც ბოლო პერიოდში გაკეთდა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით, გამოწვეული იყო სწორედ სადავო კანონის შემუშავებით.
40. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო კანონის დაუყოვნებლივი შეჩერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, რომლებსაც ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები უწევენ სხვადასხვა სახის სერვიზს. ამ პირთა არათუ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, არამედ ვინაობის გასაჯაროებაც კი დაუშვებელია, ვინაიდან ეს მყისიერ საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
41. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა პოზიციით, მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ჟურნალისტურ გამოძიებას და ამზადებენ კრიტიკული შინაარსის სიუჟეტებს, ძირითადად, აფინანსებენ უცხოური დონორები, ვინაიდან ქართველ ბიზნესმენებს არ უნდათ მსგავს ორგანიზაციებთან აფილირება. ამ ორგანიზაციებს ინფორმაციის მომწოდებელ წყაროებთან დადებული აქვთ ანონიმურობის დაცვისა და გაუთქმელობის პირობა. თუ ეს ორგანიზაციები სადავო კანონს დაემორჩილებიან, მათ მოუწევთ სახელმწიფოსათვის ისეთი დოკუმენტების გადაცემა, რითაც წყაროებთან კანონის ამოქმედებამდე დადებული კონფიდენციალობის დაცვის პირობა დაირღვევა. მსგავსი პრეცედენტების არსებობის შემთხვევაში, ამ მედიაორგანიზაციებთან აღარავინ ითანამშრომლებს. მეორე მხრივ, თუ მსგავსი ტიპის მედიაორგანიზაციები არ ითანამშრომლებენ სახელმწიფოსთან და არ დაემორჩილებიან რეგისტრაციის, საფინანსო ანგარიშგების წარდგენისა და მონიტორინგის პროცედურებს, სახელმწიფო მათ დააკისრებს დიდი ოდენობის ჯარიმებს, რომელთა დაფარვას, დონორებისგან გამოყოფილი მიზნობრივი გრანტების ფარგლებში ორგანიზაცია ვერ შეძლებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს იძულებითი აღსრულების პროცედურების დაწყებას და, საბოლოოდ, ამ ორგანიზაციებს მიიყვანს გაკოტრებამდე ან თვითლიკვიდაციამდე.
42. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ კანონისგან მომდინარე შეუქცევად ზიანს დამოუკიდებლად იწვევს ამ კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა მასტიგმატიზებელი ინსტიტუტები და რეპრესიული მექანიზმები. შესაბამისად, მოსარჩელეებისათვის მნიშვნელოვანია, შეჩერდეს არა კანონის ცალკეული დებულებების, არამედ მთლიანი კანონის, ყველა გასაჩივრებული ნორმის მოქმედება მასტიგმატიზებელი ეფექტის მქონე ტერმინების განმსაზღვრელი ნორმების ჩათვლით.
43. სადავო კანონის მოქმედების შეჩერებით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ არ არსებობს სადავო კანონის მოქმედებით გამოწვეული და მომავალში გამოწვევადი შეუქცევადი ზიანის საპირწონე სიკეთე, რომლის დაცვის მოტივითაც შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ თავი შეიკავოს სადავო ნორმების შეჩერებისაგან.
44. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და იგი არის საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის ეფექტური კონტროლის მექანიზმი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი და გაიწერა კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ერთი და იგივე კანონი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლოა შეაფასოს პარალელურად, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, ისე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის სხვა მუხლებით სადავო საკითხის დაფარვა, ავტომატურად არ გამორიცხავს ამ საკითხის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით შეფასების შესაძლებლობას. აღნიშნულის პარალელურად, მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მოთხოვნილია მთლიანი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ კანონის ცალკეული დებულებების კონსტიტუციურობა.
მოპასუხე
45. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სუბიექტები, რომლებზეც ვრცელდება სადავო ნორმათა მოქმედება, არსებით გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ხშირად, ისინი წარმოადგენენ საზოგადოებას, ამ უკანასკნელის სახელით გამოხატავენ მოსაზრებებს და თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან თუ უმაღლესი თანამდებობის პირებთან. გარდა ამისა, საკანონმდებლო ნორმათა საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კომისიების საქმიანობაში, რომლებიც იღებენ ისეთ საკადრო გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ცალკეული, მათ შორის, კონსტიტუციური ორგანოების წევრთა შერჩევა. მათ ჩართულობასა და როლს მოიაზრებს ასევე ევროინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, სადავო ნორმათა სუბიექტებს ენიჭებათ მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელებისას, არსებითია საზოგადოების ინფორმირება მისი სახელით ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის თაობაზე.
46. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ემსახურება გამჭვირვალობას, რომელიც წარმოადგენს როგორც შუალედურ, ასევე დამოუკიდებელ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს, ასევე სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფას. საზოგადოებას, როგორც ხელისუფლების წყაროს, უნდა შეეძლოს, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. ამასთან, იგი არ უნდა გახდეს ინფორმაციულად მოწყვლადი. სუვერენიტეტის დაცვის კონტექსტში მოპასუხე მხარე მიუთითებს ცალკეულ მაგალითებზე, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ჯარიმების გადახდა, მათ მიერ დაყენებული მოთხოვნა მთავრობის გადადგომის თაობაზე და მათი პოლიტიკური პარტიის მსგავსად მოქმედება. მოპასუხეს არსებითად მიაჩნია, ამ და მსგავს შემთხვევებში, საზოგადოება იყოს ინფორმირებული აღნიშნული ქმედებების განმახორციელებელი ორგანიზაციების დამფინანსებლების თაობაზე. აღნიშნული მიზნების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირება, რაც არ მიიღწევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორგანიზაციები თავად გახდიან ხელმისაწვდომს ამა თუ იმ ინფორმაციას, რამდენადაც ვერ მოხდება მისი სრულყოფილი ანალიზი. ამასთან, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობა წარმოადგენს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას.
47. მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახელწოდება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ და მისი შემადგენელი სიტყვები, როგორც ცალკე აღებული, ასევე ერთობლივად, არ მოიცავს ნეგატიურ კონტექსტს, არამედ ისინი ნეიტრალური შინაარსისაა. ზოგადად, ამა თუ იმ ორგანიზაციის ან უცხო ძალის მხრიდან დაფინანსების გაცემა ყოველთვის გულისხმობს ინტერესების გატარებას. აღნიშნულზე მიუთითებს საერთაშორისო საზოგადოებებისა და ფონდების ოფიციალური, გაცხადებული პოზიცია, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დაფინანსების მიღებას, მიზნებიდან გამომდინარე, ყოველთვის თან სდევს სათანადო ინტერესი. ამდენად, საკანონმდებლო ტერმინები ახდენს ფაქტის კონსტატაციას, რასაც არ გააჩნია პირთა სტიგმატიზების რესურსი. მოპასუხე მხარე ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობა არ ახდენს მოსარჩელეთა საქმიანობის რაიმე ფორმით, დადებითად ან უარყოფითად შეფასებას, არამედ საზოგადოებას, რეესტრის გზით, აწვდის სრულ ინფორმაციას, რაც დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, თავად შეაფასონ ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობა. შესაბამისად, რეესტრი წარმოადგენს არა მასტიგმატიზებელ საშუალებას, არამედ საპირისპიროდ, მისგან დამცავ მექანიზმს.
48. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავოდ გამხდარ ნორმებს მიმართება აქვთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებასთან და არა მოსარჩელეთა მიერ იდენტიფიცირებულ კონსტიტუციის სხვა დებულებებთან. კერძოდ, მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების იმ ასპექტების შეზღუდვა, რომლებიც არ არის გარანტირებული კონსტიტუციის სხვა დებულებებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც ადგენს დაცვის სპეციალურ, კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს. მოპასუხე მხარე ასევე განმარტავს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები არ მოიაზრებს ადამიანის პირადი სივრცის და კომუნიკაციის შეზღუდვას, საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ შესვლას ან ჩხრეკის ჩატარებას. არც ერთი დებულება არ იძლევა ოფისიდან, სამუშაო სივრციდან, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, სუბიექტის საქმიანობაში ინტერვენციის საშუალებას. შესაბამისად, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს შორის.
49. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 22-ე მუხლებთან მიმართებაზე მსჯელობისას მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორების არგუმენტაცია ეფუძნება მხოლოდ სტიგმატიზების საკითხს და მას არ წარმოუდგენია სათანადო დასაბუთება. ამასთან, ორგანიზაციებს, რომლებზეც ვრცელდება კანონის მოქმედება, არ ეზღუდებათ დაფინანსების მიღება და აღნიშნული არ წარმოადგენს კანონის მიზანს. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ორგანიზაციების მიერ მათთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების განხორციელება – ინფორმაციის გაცემა, პრევენციის მიზნით, გათვალისწინებულია ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა, რომლის გაუფრთხილებლობით, კანონის მოთხოვნათა განზრახ დარღვევის გარეშე ჩადენა გამორიცხულია. გარდა ამისა, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებობს საკანონმდებლო მექანიზმები, როგორიცაა, გამოუსწორებელი ზიანის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით, აღსრულების პროცესის შეჩერება, რაც მოსარჩელეს აზღვევს საქმიანობის ხელშეშლის საფრთხისგან. შესაბამისად, სადავო ნორმები არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცული აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებსა და გაერთიანების თავისუფლებას. მოპასუხე მხარე ასევე განმარტავს, რომ სადავო ნორმები არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობის უკუძალით დაკისრებას. მოპასუხის მითითებით, ორგანიზაციებს მიეცათ დრო, განახორციელონ კონკრეტული ქმედებები (წარმოადგინონ ინფორმაცია), რომელთა განუხორციელებლობაც იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას. სხვაგვარად, პასუხისმგებლობის საფუძველი ხდება ქმედების ახალი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში განუხორციელებლობა და არა მისი გავრცელება წარსულ ურთიერთობებზე. ამასთან, თუკი ობიექტურად ვერ დადგინდება ინფორმაციის არსებობა, პირს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმები ასევე არ ზღუდავს საქართველო კონსტიტუციით გარანტირებულ, პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს.
50. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი არ არის დეკლარაციული ხასიათის და ის პრაქტიკულ მნიშვნელობას შეიძენს იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან სახეზე იქნება თვითმიზნური ქმედება. კერძოდ, სახელმწიფო ხელისუფლების ქცევის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფარგლებში შეფასებისას, არსებითია მიზნის განსაზღვრა, მისი არსებობა. იგი არ უნდა იყოს თვითმიზნური. ამასთან, აღნიშნული დათქმის განმარტება უნდა მოხდეს სუვერენიტეტის პრინციპის დაცვითა და მხედველობაში მიღებით. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს, რა შემთხვევებს ექნება მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან და უნდა შეფასდეს თუ არა კანონის მიღება მის ფარგლებში.
51. მოპასუხე მხარე არ იზიარებს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრთა არგუმენტაციას სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართების თაობაზე. მისი განმარტებით, მოსარჩელეთა არგუმენტები ეფუძნება არა სამართლებრივ მდგენელს, არამედ მხოლოდ პოლიტიკოსთა განცხადებებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არ შეიძლება გახდეს მტკიცებულება და მსჯელობის საგანი, რამდენადაც პოლიტიკოსების განცხადება არ აყენებს სამართლებრივ შედეგს. მოპასუხე მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს ცალკეული რეზოლუციებისა თუ დემარშების მნიშვნელობაზე საკითხთა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეფასების კონტექსტში. მოპასუხის განმარტებით, ცალკეული მაგალითები ცხადყოფს, რომ რეზოლუციებით/დემარშებით გაცხადებულ პოზიციებს, რომლებიც სახელმწიფოს მოუწოდებდა, შეესრულებინა ესა თუ ის ქმედება, არგაზიარების მიუხედავად, არ შეუფერხებია ევროინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, ამა თუ იმ რეზოლუციის მიღება პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია და საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხის შეფასებაში. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიღების პირობებში არ მომხდარა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება.
52. სადავო ნორმათა შეჩერების საკითხზე მსჯელობისას, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელეები ვერ ასაბუთებენ გამოუსწორებელი ზიანის საფრთხეებს, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სადავო ნორმათა მოქმედების შესაჩერებლად. აღნიშნულის საპირწონედ, არსებობს კანონის მოქმედების შეუჩერებლობის ინტერესი, კერძოდ, მესამე პირთა ინტერესებზე მსჯელობისას, რელევანტურია მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები, როგორიცაა გამჭვირვალეობა, საზოგადოების ინტერესი, იყოს ინფორმირებული უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების დახარჯვის თაობაზე და სახელმწიფო სუვერენიტეტი.
53. მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ მისი მოსაზრებები თავსებადია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებულ პოზიციებთან.
54. მოპასუხის პოზიციით, რამდენადაც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსმენილი სპეციალისტის პასუხები ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის სტანდარტს, სასამართლოს მიერ ისინი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამასთანავე, მოპასუხე მხარე არ იზიარებს სასამართლოს მეგობრის პოზიციებში ცალკეულ ავტორთა მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ მსჯელობები ხარვეზიანია, არაზუსტია, მიღებულია ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში.
საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი
55. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა სტიგმატიზების საკითხზე მსჯელობისას მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ სახელდების კომპონენტზე, არამედ ასევე ორგანიზაციების მიმართ პრაქტიკაში არსებულ მოპყრობაზე. კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ორგანიზაციებს რეესტრში რეგისტრირების გარდა, ევალებოდათ ასეთად თვითდემონსტრირება – მათი სტატუსის ასახვა მათ მიერ წარმოებულ ნებისმიერ პროდუქტზე. ამდენად, საერთაშორისო სასამართლოთა პრაქტიკით, რეესტრში რეგისტრირება არ წარმოადგენს სტიგმატიზების თვითკმარ საფუძველს, თუ სახელმწიფო არ აწესებს დამატებით მოთხოვნებს. იმავდროულად, წარმომადგენლის პოზიციით, არსებული სახელდება, თუნდაც ცალკე აღებული, არ არის რაიმე ნიშნით მასტიგმატიზებელი.
56. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა განმარტეს რეესტრის არსი და მისი ფუნქციონირება. მათი არგუმენტაციით, რეესტრში აისახება არა მხოლოდ უცხოური დაფინანსება, არამედ ორგანიზაციის დაფინანსების თაობაზე სრული ინფორმაცია. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს გააჩნია შესაძლებლობა, გაეცნოს ობიექტურ ინფორმაციას, მათ შორის, მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის უცხოური და ქართული დაფინანსების თანაფარდობის თაობაზე. შესაბამისად, მისი მითითებით, ამგვარი რეესტრი ვერ იქნება მასტიგმატიზებელი.
57. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განცხადებით, რეესტრში გამოქვეყნებას ექვემდებარება საფინანსო დეკლარაცია, სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტები, წესდება და ბოლო ამონაწერი, ხოლო სარეგისტრაციო წარმოებისა და მონიტორინგის ფარგლებში გამოთხოვილი ინფორმაცია არ ექვემდებარება გამოქვეყნებას. ამასთან, წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული საფინანსო დეკლარაციის ფორმაში არსებული მითითების შესაბამისად, ხარჯების გაწევის მიზანი ორგანიზაციის მიერ უნდა ჩამოყალიბდეს იმდაგვარად, რომ მასში არ აისახოს თანხის მიმღები ფიზიკური პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
58. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის არგუმენტაციით, საჯარო რეესტრისათვის საჭირო არ არის იმგვარი ინფორმაცია, როგორიცაა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებული ურთიერთობა და ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, წყაროს მითითება, თუ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული არ იკვეთება. მაგალითად, თუ წარმოების ფარგლებში, პირი უთითებს ამა თუ იმ მონაცემზე ან ასაბუთებს კონკრეტულ გარემოებას, საქმის შინაარსიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოითხოვოს დამატებითი მონაცემი. წარმომადგენლის მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული საქმის შინაარსიდან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება ფიზიკური პირისაგან ინფორმაციის მიღებას, აღნიშნული უნდა დასაბუთდეს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც სააგენტომ უნდა ამტკიცოს, რატომ ითხოვს დამატებით ინფორმაციას. ამასთან, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის პოზიციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზედმეტი მოცულობის ინფორმაციის გამოთხოვას დაარეგულირებს სასამართლო პრაქტიკა. ამდენად, წარმომადგენლის განმარტებით, სააგენტო უფლებამოსილია, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
59. ჟურნალისტური წყაროს მითითებასთან დაკავშირებით, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ, მართალია, საფინანსო დეკლარაციაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია ფიზიკური პირის შესახებ, თუმცა აუცილებელი არ არის დაზუსტება, რომ იგი იყო ჟურნალისტური წყარო. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განცხადებით, ბუნდოვანების შემთხვევაში, საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა იგი არ გამოქვეყნდება.
60. კომერციული გარიგებების გასაჯაროების კონტექსტში საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებს გააჩნიათ შესაძლებლობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, სათანადო კრიტერიუმებზე მითითებით, მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვონ, რომ კონკრეტული ხელშეკრულება, როგორც კომერციული საიდუმლო, არ იქნეს გასაჯაროებული. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. წარმომადგენელმა აგრეთვე განმარტა, რომ გარკვეული ინფორმაცია შესაძლოა, დაექვემდებაროს სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას.
61. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის მითითებით, საფინანსო დეკლარაციის ნამდვილობის შემოწმების პროცესში, სააგენტოს გააჩნია უფლებამოსილება, საჯარო დაწესებულებებიდან, კომერციული ორგანიზაციებიდან, მათ შორის, საბანკო ორგანიზაციებიდან, გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. წარმომადგენლის პოზიციით, საბანკო ჩანაწერი არ წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი კი ამგვარი კატეგორიის მონაცემის გამოთხოვის უფლებამოსილებას ითვალისწინებს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირება ვერ გავრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნაზე.
62. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის არგუმენტაციით, შევსებული ფინანსური დეკლარაცია მოწმდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რა დროსაც იგი შებოჭილია საქართველოს კანონმდებლობით, რომელიც აგრძელებს მოქმედებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პარალელურად. წარმომადგენლის განმარტებით, საფინანსო დეკლარაციის შემოწმების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადში ასახულია იმგვარი ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება დაფარვას, რეგისტრატორი უზრუნველყოფს ამგვარი ინფორმაციის დაშტრიხვას და მის საჯაროობას იმ ფორმით, რომლითაც იგი შესაბამისობაში იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.
63. საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა მიუთითა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის მიღების საჭიროების თაობაზე, რაც ემსახურება, ერთი მხრივ, ორგანიზაციათა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციას, ხოლო, მეორე მხრივ, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. კერძოდ, ამგვარი უფლებამოსილება საჯარო რეესტრს ანიჭებს შესაძლებლობას, კონკრეტული ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციისათვის თავის არიდების შემთხვევაში, გამოითხოვოს ინფორმაცია და ჩაატაროს სრულფასოვანი მონიტორინგი. იმავდროულად, წარმომადგენლის პოზიციით, წინასწარ შეუძლებელია იმის განჭვრეტა, თუ რა ტიპის მონაცემის გამოთხოვა იქნება საჭირო ცალკეული საქმის შინაარსის გათვალისწინებით.
64. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია უფლებამოსილება, შემოწმების ფარგლებში, შევიდეს კონკრეტულ ორგანიზაციაში და განახორციელოს ინსპექტირება. მონიტორინგის მექანიზმი გულისხმობს ინფორმაციის გამოთხოვას. ამ მხრივ, სააგენტო შემოიფარგლება წერილობითი კომუნიკაციით.
65. დეკლარირების ორგანიზაციულ ტვირთთან მიმართებით საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი პროგრამა მოწყობილია იმდაგვარად, რომ მასში შესაძლებელია, ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით წარმოებული დოკუმენტების პირდაპირი ატვირთვა.
66. შესაბამისი სუბიექტების რეგისტრაციისა და პასუხისმგებლობის დაკისრების ვადების საკითხის განხილვისას, წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრს მონიტორინგის ვალდებულება წარმოეშობა 2024 წლის 3 სექტემბრიდან. წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, მონიტორინგი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაგრძელდეს 1-დან 3 თვემდე. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც საჭირო არ არის მოცულობითი ინფორმაციის დამუშავება, მონიტორინგი შესაძლოა დასრულდეს 3-დან 90 დღემდე პერიოდის განმავლობაში. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამოიცემა რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ორგანიზაცია რეგისტრირდება რეესტრში და მას ეგზავნება შეტყობინება დეკლარაციის შევსების ვალდებულების შესახებ. წარმომადგენლის განმარტებით, პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისათვის, სადავო კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დამოუკიდებელი საქმისწარმოება, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, გრძელდება 1 თვე.
67. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის მითითებით, ორგანიზაციისადმი დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, თუმცა სასამართლოს გააჩნია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების მექანიზმი, როგორიცაა, მაგალითად, აკრძალვა. წარმომადგენლის განცხადებით, განსახილველი წარმოების ფარგლებში მიღებული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ამგვარ სამართლებრივ რეჟიმს.
68. იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, პირის, ორგანოს, ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარდგენის საკითხთან დაკავშირებით, საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემის შინაარსი უნდა განიმარტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილი რეგულირების შესაბამისად, რომელიც ასევე გულისხმობს ინფორმაციის გაცემას დაუყოვნებლივ, თუმცა არა უგვიანეს 10 დღისა. იმავდროულად, იმ შემთხვევაში, როდესაც არ ხდება ინფორმაციის გაცემა დაუყოვნებლივ, უნდა მოხდეს ინფორმირება 10 დღიანი ვადის გამოყენების თაობაზე. წარმომადგენლის პოზიციით, ინფორმაციის გაუცემლობის შემთხვევაში, არ გამოირიცხება ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი სუბიექტის რამდენჯერმე დაჯარიმების შესაძლებლობა.
სპეციალისტი
69. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განმწესრიგებელ სხდომაზე სპეციალისტის სახით დაიკითხა ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივი მონაცემების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების გამგე მარინა ბერიძე. სპეციალისტის განცხადებით, იგი სასამართლოს წინაშე წარმოადგენს 4 თანაავტორის მიერ შესრულებული კვლევის შედეგებს, რომელიც ეხება განსახილველი კანონის ლინგვისტურ ანალიზს. კვლევა განხორციელდა 3 ლინგვისტური ქვედისციპლინის ფარგლებში: ლექსიკოგრაფიული, კორპუს-ლინგვისტური და დისკურსული მეთოდით. გამოიყო ტერმინები: უცხოური და უცხო, ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი და შესიტყვებები: უცხოური ძალა, უცხოური ძალის ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. სპეციალისტის განმარტებით, ლინგვისტური მეთოდით დასახელებული ტერმინებისა და შესიტყვებების კვლევა ადასტურებს, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ნეგატიური კონოტაციისაა და დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით მათი გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორებით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტითაა შესაძლებელი.
70. სპეციალისტის განცხადებით, „ინტერესების გამტარებელი“ არის გაშუალებული მოქმედება, რომელიც აუცილებლად გულისხმობს ამ ინტერესების გათვალისწინებას. ტერმინი „გამტარებელი“ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არის თავისუფალი. მაშასადამე, სპეციალისტის არგუმენტაციით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არის უარყოფითი კონოტაციის მატარებელი. აღნიშნული დასკვნა, სპეციალისტის პოზიციით, მის პირად განცდას კი არ წარმოადგენს, არამედ ეფუძნება ემპირიული მასალის კვლევას.
სასამართლოს მეგობარი
71. №1828 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, სანდრო-გიორგი სარუხანიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება. სასამართლოს მეგობარი მიუთითებს, რომ სადავოდ გამხდარი კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპის კავშირსა და ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას. ამავე კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა სამართლის დოქტორმა თინათინ ერქვანიამ. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, გასაჩივრებული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პირველ, მე-3, მე-4 და 78-ე მუხლებს, ისევე, როგორც სხვადასხვა ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს, მე-15 მუხლს, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებს, 22-ე მუხლსა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებას.
72. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება №1828 და №1829 კონსტიტუციურ სარჩელებთან დაკავშირებით, ასევე წარმოადგინეს ოსნაბრუკის უნივერსიტეტის ემერიტუსმა პროფესორმა, დოქტორმა ალბრეხტ ვებერმა და ბონდის უნივერსიტეტის მოწვეულმა საპატიო პროფესორმა, დოქტორმა ვოლფგანგ ბაბეკმა. ავტორები წერილობით მოსაზრებაში განმარტავენ, რომ სადავო კანონის გარკვეული დებულებები არ შეესაბამება ძირითად ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი და შეუთავსებელია კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან. დამატებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მითითებულია, რომ კანონი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
73. №1828, №1829 და №1834 კონსტიტუციურ სარჩელებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინეს, აგრეთვე, ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის სკოლის პროფესორმა ფერნანდა ჯ. ნიკოლამ და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ინსტიტუტის ემერიტუსმა პროფესორმა გიუნტერ ფრანკენბერგმა. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, ასეთი კანონების გამოყენება არის არაპროპორციული და არალეგიტიმური. ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განმარტებულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირება იწვევს, უცხოური დაფინანსების გამო, ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას, არ წარმოადგენს დეკლარირებული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას და ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნებს. ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნების პროპორციული.
II სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1837 კონსტიტუციური სარჩელზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში მიიღებს, რომ №1837 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. №1828, №1829 და №1837 კონსტიტუციური სარჩელების ფარგლებში სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით. გარდა ამისა, №1828 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება განამტკიცებს ცენზურის დაუშვებლობას, ხოლო ამავე პუნქტის მე-3 წინადადება ადგენს მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებების სახელმწიფოს ან ცალკეული პირებისაგან მონოპოლიზაციის აკრძალვას. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაერთიანების ლიკვიდაცია შეიძლება მხოლოდ ამავე გაერთიანების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამის კონსტიტუციურ სარჩელებში, ისევე, როგორც წინამდებარე საქმის ფარგლებში ზეპირი მოსმენით გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთება და არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმებით მოწესრიგებული სამართალურთიერთობების მიმართებას ცენზურის დაუშვებლობის უფლებასთან ან/და მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებების მონოპოლიზაციის აკრძალვასთან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №1828, №1829 და №1837 კონსტიტუციური სარჩელები დაუსაბუთებელია.
7. რაც შეეხება №1828 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გასაჩივრებული ნორმების შემხებლობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ გაერთიანების ლიკვიდაციის წესთან, მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სადავო ნორმებით გათვალისწინებულ მასტიგმატიზებელ რეესტრში რეგისტრაციისა და საფინანსო დეკლარაციის წარდგენის დავალდებულება, მონიტორინგისა და ინფორმაციის გამოთხოვის რეპრესიული მექანიზმების დამკვიდრება, ისევე, როგორც დიდი ოდენობის ჯარიმების დაკისრება ქმედებებისათვის, რომლებიც საერთოდ არ წარმოადგენს რაიმე ტიპის სამართალდარღვევას, არაპირდაპირ და ფაქტობრივად იწვევს ამ ორგანიზაციების ლიკვიდაციას.
8. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს შესაბამისი სუბიექტების სპეციალურ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის წესს და რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით, ამკვიდრებს მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ მექანიზმებს. გასაჩივრებული ნორმების ანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ სადავო რეგულაციების მიზანი და მიმართულება ორგანიზაციების კანონით განსაზღვრულ რეესტრში რეგისტრაციაა და არა მათი ლიკვიდაცია. დასაშვებია, რომ სადავო კანონის მოქმედებამ, გვერდითი ეფექტის სახით, გარკვეული სირთულეები შეუქმნას ამა თუ იმ ორგანიზაციის ფუნქციონირებას, რამაც შესაძლოა, შესაბამისი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაც კი გამოიწვიოს, თუმცა, როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული დებულებები არ ადგენს ორგანიზაციების ლიკვიდაციის წესსა და პირობებს. ამასთანავე, არც მოსარჩელე მხარეს წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა გასაჩივრებული დებულებების საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შეფასების საფუძვლიანობას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1828, №1829 და №1837 კონსტიტუციური სარჩელები, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით, ხოლო №1828 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. №1828 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე, მათ შორის, სადავოდ ხდის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
11. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4).
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული კონსტიტუციური უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების ამა თუ იმ უფლებრივი კომპონენტის დაცვის სპეციალურ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის საფუძველზე იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების ის ასპექტები, რომლებიც არ არის დაცული კონსტიტუციის სხვა დებულებებით.
13. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია განსაზღვრავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მსგავსი მასტიგმატიზებელი სახელწოდებისა და რეპრესიული მექანიზმების დამკვიდრებით, სადავო კანონი მიზნად ისახავს შესაბამისი სუბიექტებისთვის პოზიტიური საზოგადოებრივი იმიჯის, სოციალური იდენტობისა და რეპუტაციის შელახვას, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ორგანიზაციათა საქმიანობას და შესაძლოა, მათი ფუნქციონირების შეწყვეტაც კი გამოიწვიოს. შედეგად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებრივ კომპონენტებს.
14. ამდენად, მოსარჩელეთა არგუმენტაცია მიემართება ორგანიზაციების სტიგმატიზებისა და მის საფუძველზე მომდინარე საქმიანობის ხელშეშლის მტკიცებას. აღსანიშნავია, რომ იმავე არგუმენტაციით, მოსარჩელე მხარეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობა დაყენებული აქვს კონკრეტული ძირითადი უფლებების მომწესრიგებელ სპეციალურ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულებების დაცული სფერო, რომლებთან მიმართებითაც იგი შეაფასებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობას, სრულად ფარავს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემას, რაც ავტომატურად გამორიცხავს სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მე-12 მუხლს შორის შინაარსობრივი მიმართების არსებობას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია ორგანიზაციის სტიგმატიზებისა და მის შედეგად, საქმიანობის ხელშეშლისგან მომდინარე რაიმე იმგვარი უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვაზე, რომელიც არ არის დაცული უფლებებისა და თავისუფლების დამდგენი სპეციალური კონსტიტუციური დებულებებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას შორის.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1828 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
16. №1828 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი დებულებების, მათ შორის, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-6 და მე-7 წინადადებებისა და მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების, მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და მე-9 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობას პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები რეგისტრაციის, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის პროცესში ითვალისწინებს სამოქალაქო და სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან, ამ ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისაგან ან/და მათთან სამართლებრივად დაკავშირებული სუბიექტებისაგან ნებისმიერი სახის, მათ შორის, პირადი, პროფესიული, პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, მათი ნებისაგან დამოუკიდებლად, იძულებითი მექანიზმების გამოყენებით გამოთხოვის შესაძლებლობას, სახელმწიფოს მიერ ამ მონაცემების დამუშავებას ან/და საჯაროდ გამოქვეყნებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მიემართება სადავო ნორმებით დადგენილ იმ წესებს, რომლებიც ადგენს პირის პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გასაჯაროების შესაძლებლობას.
17. მოსარჩელე მხარის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით სადავოდ გამხდარი ნორმები აწესრიგებს ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ საკითხებს: სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას/მისი გაუქმებისა და მონიტორინგის პროცესში საჭირო, მათ შორის, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოძიებისა და გასაჯაროების წესს; ორგანიზაციის მიერ საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესს, მისი დადგენის ფორმასა და ხარვეზის დადგენის მექანიზმს; მონიტორინგის დაწყების საფუძვლებს და პერიოდულობას; ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესს და შესაბამისი სახდელის ოდენობას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნისა და მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუცილებელია იმ ნორმების იდენტიფიცირება, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ უფლებებს.
18. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-6 და მე-7 წინადადებები განსაზღვრავს არასწორად ან/და არასრულყოფილად შევსებული საფინანსო დეკლარაციის ხარვეზის აღმოფხვრის წესს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესისა და ფორმის დადგენის უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს. სადავო კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის კომპეტენციას რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. სადავო კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესს, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტი აცხადებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი სუბიექტისთვის დაკისრება არ ათავისუფლებს მას სადავო კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.
19. შესაბამისად, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, აწესრიგებს ორგანიზაციის რეესტრიდან გაუქმებისა და საფინანსო დეკლარაციის შევსების პროცესუალურ ასპექტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს. გასაჩივრებული ნორმები თავისთავად არ ადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების უფლების კომპონენტების ამა თუ იმ ფორმით რეგულირებას. აღნიშნული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის დასასაბუთებლად, თუ რა გავლენას ახდენს გასაჩივრებული რეგულაციები პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებზე. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მიემართება სადავო ნორმების შინაარსის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემური არ არის საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესისა და ფორმის დადგენის უფლებამოსილების საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის მინიჭების საკითხი და, შესაბამისად, იგი ამ თვალსაზრისით, სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული ნორმების შესაბამისობას კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან.
20. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე ასევე ასაჩივრებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით. სადავო კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს მონიტორინგის დაწყების საფუძვლებს, ხოლო მე-4 პუნქტი მის პერიოდულობას. კერძოდ, სადავო კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 6 თვეში ერთხელ. შესაბამისად, სადავო ნორმები არ განსაზღვრავს, რა ფორმით ან/და რა მასშტაბით უნდა მოხდეს მოსარჩელისათვის პრობლემური ინფორმაციის შეგროვება, როგორ ხდება მისი გასაჯაროება ან დამუშავება. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სადავო ნორმა არ ქმნის პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია ცალკე აღებული არც ერთი წესის (მონიტორინგის დაწყების საფუძვლების ან ინტენსივობის) არაკონსტიტუციურობის არგუმენტები.
21. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით.
22. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ამდენად, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს სანქციას ამ სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ, 5 000 ლარიან ჯარიმას.
23. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა წარმოადგენს იძულების მექანიზმს, რომელიც ავალდებულებს პირს, იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს, მათ შორის, პირადი, სენსიტიური ხასიათის ინფორმაცია, რითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცულ უფლებებს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის დამდგენ ნორმებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს მყარი პრაქტიკა, რომლის თანახმად, „სასჯელების/სანქციების პროპორციულობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და ამ მუხლით დადგენილ სპეციფიკურ სტანდარტებთან მიმართებით. ძირითადი უფლების დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით კი სადავო რეგულაციით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა შეფასებადი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ღონისძიება, თავისი ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ განეკუთვნება სადამსჯელო ღონისძიებას და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართება არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/3/1646 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
24. ამდენად, კონკრეტული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის, ძირითადი უფლების დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, თავისი ბუნების, მიზნის ან დანიშნულების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სასჯელს/სანქციას საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის და მისი კონსტიტუციურობა არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით (იხ., mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 31 მარტის №2/4/1335 განჩინება საქმეზე „თორნიკე გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). მსგავსი არგუმენტაცია, №1828 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი საერთოდ არ ყოფილა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1828 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქციის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცულ უფლებებთან.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-6 და მე-7 წინადადებების და მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების, მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „… გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით“, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით, №1828 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
26. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელების ფარგლებში, მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს, ერთი მხრივ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით, ხოლო, მეორე მხრივ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
27. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო კანონი შესაბამის სუბიექტებს ანიჭებს მასტიგმატიზებელ იარლიყს, მოიხსენიებს რა მათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად და ითვალისწინებს ისეთ რეპრესიულ მექანიზმებს, რომელთა ამოქმედების პირობებშიც მნიშვნელოვნად შეფერხდება ან საერთოდ შეუძლებელი გახდება ამ ორგანიზაციათა ფუნქციონირება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შედეგად, სადავო კანონი არღვევს გაერთიანების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
28. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციის შემოსავალი უცხოური ძალის წყაროსგან მიღებულ შემოსავლად ჩაითვლება, თუ: ა) ორგანიზაციამ შემოსავალი უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო; ბ) ორგანიზაციამ შემოსავალი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო; გ) ორგანიზაციის შემოსავლის წყარო იდენტიფიცირებული არ არის.
29. ამდენად, დასახელებული სადავო ნორმა განსაზღვრავს მხოლოდ იმას, რა შემთხვევებში ჩაითვლება ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავალი უცხოური დონორისგან/უცხოური ძალის წყაროსგან მიღებულ შემოსავლად. ეს ნორმა არც მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული მასტიგმატიზებელი ტერმინების განმარტებას ითვალისწინებს და არც სადავოდ გამხდარი რეპრესიული მექანიზმების გამოყენების წესს არეგულირებს. შესაბამისად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტიდან არ მომდინარეობს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული უფლების შეზღუდვა.
30. როგორც უკვე აღინიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს მონიტორინგის დაწყების საფუძვლებს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 6 თვეში ერთხელ.
31. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მექანიზმის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს მონიტორინგის ფარგლებზე, შინაარსსა და გამოყენების სიხშირეზე. მოსარჩელის განმარტებით, მონიტორინგს რეპრესიულ მექანიზმად აქცევს მისი ყოვლისმომცველი ხასიათი და იძულებითი აღსრულების მექანიზმების არსებობა დიდი ოდენობის ჯარიმების სახით. კერძოდ, მონიტორინგი შესაძლოა გავრცელდეს როგორც უშუალოდ ორგანიზაციის, ისე ამ ორგანიზაციასთან რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობით დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიმართ. შედეგად, ამ სუბიექტებს შესაძლოა, დაევალოთ სახელმწიფოსათვის ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, ფინანსური, პროფესიული და პირადი ხასიათის ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის გადაცემა.
32. ამდენად, მოსარჩელე მხარის პრობლემას იწვევს არა მონიტორინგის დაწყების საფუძვლები, არამედ თავად მონიტორინგის არსი და მასშტაბი, შინაარსობრივი მხარე, მის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები და შესაბამისი სუბიექტებისთვის დაკისრებული ვალდებულებები. ხოლო, რაც შეეხება მონიტორინგის პერიოდულობას, ზოგადად, მართალია, მოსარჩელეთა არგუმენტაცია მიემართება მის ინტენსიურ ბუნებას და მისი განუსაზღვრელი სიხშირით განხორციელების შესაძლებლობას, რაც გამომდინარეობს ამავე კანონის ცალკეული დებულებებიდან, თუმცა მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, თუ რით გამოიხატება სუბიექტის მიმართ, 6 თვეში ერთხელ მონიტორინგის განხორციელების წესის არაკონსტიტუციურობა.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
34. №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელებით, სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს კანონის ცალკეული დებულებების ამოქმედების თარიღს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გარდა ორგანიზაციის სტიგმატიზაციისა და საქმიანობის ხელშეშლის შედეგად გაერთიანების უფლების შეზღუდვაზე მითითებისა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია კონკრეტული არგუმენტაცია, რა ფორმით იწვევს უფლების დარღვევას უშუალოდ კანონის ამოქმედების სადავოდ გამხდარი ვადა. თუ პირი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონით დადგენილი ესა თუ ის წესი, მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს სწორედ ამ წესის დამდგენი ნორმის და არა კანონის მიღებისათვის დამახასიათებელი ისეთი აუცილებელი დათქმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, როგორიც მისი ამოქმედებაა. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე დამოუკიდებლად არ დაასაბუთებს, რომ მისი პრობლემა უშუალოდ კანონის ამოქმედების თარიღიდან მომდინარეობს, აღნიშნული დათქმა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ უფლებაშემზღუდველ წესს და, შესაბამისად, ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელები დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
36. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელებით ასევე სადავოდ არის გამხდარი რიგი დებულებები, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა პროცედურულ წესებს. აღნიშნული რეგულირებები შესაძლოა დამოუკიდებლად არ იწვევდეს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული უფლებების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საოქმო ჩანაწერით ამ ნორმების არსებითად განსახილველად მიღებას განაპირობებს სადავო რეგულირებებში გამოყენებული ტერმინები.
სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხი
37. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების წინაპირობები
38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას … საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ … კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
40. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
41. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
42. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს, შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს და შესაძლებელია თუ არა, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გზით, ამგვარი საფრთხის თავიდან აცილება, აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, სხვა პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხეც.
43. მოსარჩელე მხარე ითხოვს სხვადასხვა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. არსებითად, მოსარჩელეების მოთხოვნა უკავშირდება სამ საკითხს: ა) ისინი მიიჩნევენ, რომ სახელდება – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ – მასტიგმატიზებელია და კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების რეესტრში ამ სახელით შეტანა დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ საქმიანობას; ბ) მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ანგარიშგებისა და მონიტორინგის ფარგლებში ხდება, მათ შორის, კრიტიკულად სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციაზე სახელმწიფო ორგანოს წვდომა და ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ამავე დროს, ანგარიშგების წარდგენა და მონიტორინგის პროცესი მძიმე ადმინისტრაციულ ტვირთს აკისრებს ორგანიზაციებს; გ) მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს მთლიანად კანონის მოქმედების შეჩერებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების უგულებელყოფის გამო, კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ ხსენებული კანონი აფერხებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
44. საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე იმსჯელებს თითოეულ ზემოთ ხსენებულ ასპექტთან მიმართებით სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების წინაპირობების არსებობაზე.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ სახელდება და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება
45. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზნის მითითება არაკომერციული პირის რეგისტრაციის აუცილებელი წინაპირობაა. ამდენად, ამა თუ იმ ორგანიზაციის შექმნისას საერთო ინტერესების მქონე პირები, როგორც წესი, ერთიანდებიან გარკვეული მიზნების მისაღწევად და საქმიანობენ ამ მიზნების ფარგლებში. ხშირად, ორგანიზაციათა მიერ დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელი ხდება ინსტიტუციონალიზაცია, რაც განპირობებულია ფინანსური თუ ადამიანური რესურსების გაერთიანების აუცილებლობით. იურიდიული პირი დამოუკიდებელი ორგანიზმია, რომელიც ფუნქციონირებს საკანონმდებლო წესრიგის ფარგლებში. შესაბამისად, ამა თუ იმ იურიდიული პირის დამფუძნებლები, მისი თანამშრომლები, ისევე როგორც მათთან საქმიან თუ სხვა ტიპის ურთიერთობაში მყოფი პირები, მას აღიქვამენ, როგორც დამოუკიდებელ, საკუთარი წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად შექმნილ სუბიექტს.
46. კანონის მოქმედების ქვეშ მოქცეული სუბიექტებისათვის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და, ამავე დროს, მათ ასეთად აღქმას ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია მათი სამართალსუბიექტობის დამახასიათებელი როლის ქმედითობისათვის. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ხსენებული ფაქტორი არა მხოლოდ რეპუტაციისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მან ასევე შესაძლოა, პირდაპირი გავლენა მოახდინოს მათ ეფექტიანად საქმიანობაზე. კერძოდ, როგორც აღინიშნა, სადავო რეგულირება შეეხება გარკვეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ამ ორგანიზაციების ბუნების გათვალისწინებით კი, საზოგადოების ნდობა და რეპუტაცია, ხშირად, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ინდიკატორია.
47. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, როგორც წესი, უნდა იღწვოდნენ საზოგადოდ იდეალისტური მიზნების უზრუნველსაყოფად, კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდნენ ეფექტიანი მმართველობის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიის არსებითი ელემენტებისა და მახასიათებლების, პრინციპების პრაქტიკულ ქმედითობაში. ხსენებული ორგანიზაციები, ხშირ შემთხვევაში, მიზნად ისახავენ, ორიენტირებულნი არიან საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების აქტუალიზებასა და მოგვარებაზე, ასრულებენ ერთგვარი შუამავლის როლს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ქმნიან საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთ ცენტრალურ, ფართომასშტაბიან და ეფექტიან პლატფორმას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად აღქმა გადმოცემული ინფორმაციის სანდოობის კონტექსტში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ ადამიანების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს და თავად ინფორმაციის გავრცელების, აზრების ურთიერთგაცვლისა და გაზიარების ყველაზე ეფექტიან ფორუმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71). მათ სათანადო მუშაობასა და დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირების დონე და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების დემოკრატიული განვითარება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73).
48. მაშასადამე, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თავის მხრივ, მათდამი საზოგადოების ნდობაა ის სოციალური კონსტრუქცია, რაც ქმნის აღნიშნული ორგანიზაციების ეფექტიანი ფუნქციონირების საფუძველსა და ძირითად კაპიტალს, რამდენადაც ნდობა უქმნის მათ მოქმედების, საზოგადოების სახელით საუბრისა თუ მისი ინიციატივების გაჟღერების ლეგიტიმაციას. ამდენად, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი მედია საშუალებების, ისევე როგორც სახელმწიფოს საქმიანობის გარედან შემფასებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დამოუკიდებლობის დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი საქმიანი რეპუტაციისა და ავტორიტეტის შელახვა, პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების დაკნინება და დისკრედიტაცია. თავის მხრივ, საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ შესრულებისა და, საზოგადოდ, მათი საქმიანობის ეფექტიანობისა და წარმატებულობისათვის. ამდენად, გასაგებია, თუ რატომ მიიჩნევენ მოსარჩელეები სადავო ნორმებს პრობლემატურად და რატომ აღიქვამენ მათ საფრთხის შემცველად.
49. მოსარჩელეთა აზრით, „სხვისი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოხსენიებამ შეიძლება გამოიწვიოს განცდა, რომ ესა თუ ის პირი მოქმედებს არა დამოუკიდებლად, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, თვითდასახული მიზნების მისაღწევად, არამედ სხვა პირის მითითებით/დავალებით. ხსენებულმა ტერმინმა შესაძლოა განაპირობოს ამ ორგანიზაციების სხვაზე დამოკიდებულების ხაზგასმა, მათი მიკერძოებულ სუბიექტებად წარმოჩენა. ისინი მიიჩნევენ, რომ სადავო სახელდება არა მხოლოდ ეჭვქვეშ აყენებს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული სუბიექტების დამოუკიდებლობას, არამედ ახდენს მათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად წარმოჩენას.
50. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ცალკეულ სუბიექტებს განსხვავებული ინტერესები ამოძრავებთ, რაც, რიგ შემთხვევებში, შეიძლება დაემთხვეს მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ინტერესებს, ხოლო რიგ შემთხვევაში – არა. თუმცა სასამართლო იმ აზრსაც იზიარებს, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების საქმიანობა შესაძლოა, უმეტესწილად სრულ თანხვედრაში იყოს საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებთან, მიზნად ისახავდეს და რეალურად ემსახურებოდეს ამ ინტერესების დაცვას და წარმოადგენდეს დემოკრატიის, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ა.შ. ხელშეწყობას.
51. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმასაც, რომ საქართველოში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული მოტივაციითა და მიზნებით. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, ეს მიზნები შეუსაბამოც იყოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ ორგანიზაციები, რომელთა მხრიდან დაფინანსების მიღება უკავშირდებოდეს პირდაპირი დავალებების შესრულებას საქართველოს ინტერესების საზიანოდ ანდა უგულებელყოფით. გარკვეული პირები შესაძლოა, ახორციელებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დასჯად საქმიანობას, ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, ჯაშუშობა, რაც უდავოდ საჭიროებს სამართლებრივი გზებით გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას. არსებითად შეიძლება გავიზიაროთ მოპასუხის არგუმენტიც, რომლის თანახმადაც, როგორც წესი, დამფინანსებელი პირები, სახელმწიფოები და სხვა წარმონაქმნები ფინანსებს ხარჯავენ, უწინარესად, სწორედ საკუთარი ინტერესების მისაღწევად. თუმცა, სხვა საკითხია, უნდა დაისვას თუ არა ტოლობის ნიშანი შემოსავლის (20%-ზე მეტი) წყაროს ინტერესებსა და დაფინანსებული ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებს შორის, ან გამართლებული იქნება თუ არა ეს გარემოება გახდეს ორგანიზაციების სანდოობისა და ობიექტურობის პრეზუმფციის ნიველირების საფუძველი. კეთილსინდისიერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან/და მედია ორგანიზაციებისათვის უცხოური დაფინანსების მიღება უნდა წარმოადგენდეს (და იგი ასეთად უნდა აღიქმებოდეს კიდეც) საკუთარი მიზნების განხორციელებაში ხელშეწყობის მექანიზმს და არა სხვისი მიზნების მსახურების ინსტრუმენტს.
52. მოსარჩელეებისათვის სწორედ ის არის პრობლემური, რომ სადავო ნორმები, მათი აღქმით, დაფინანსების მიმღებებს ბლანკეტურად ნეგატიურ კონტექსტში აიგივებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთან. მათი აზრით, დაფინანსების მიღების ფაქტის აღსაწერად კანონმდებელმა ნეიტრალური, ან/და დადებითი ასოციაციის შემქმნელი ტერმინოლოგიის ნაცვლად, რეგულირების ქვეშ მოქცეული ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთან ასოცირება აირჩია.
53. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ სადავო ნორმები არა მხოლოდ ახდენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და მედია ორგანიზაციების ნეგატიურ კონტექსტში სახელდებას, არამედ მოითხოვს მათგან, თავად მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მისაღებად. მათი აზრით, ხსენებული სახელდება კეთილსინდისიერი ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შემლახველია, აქვს მათი ობიექტურობისა და სანდოობის შელახვის და ამ ორგანიზაციების ეფექტური ფუნქციონირების ხელშეშლის პოტენციალი. აღნიშნულის აღქმადობა მათში კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც ორგანიზაციას ავალებენ, თავად მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს სადავოდ ქცეული სტატუსის მისაღებად და დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში, მაშასადამე, ასეთად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება/თვითაღიარება.
54. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ თუ კანონის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, კანონის მიხედვით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ორგანიზაციებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მოუწევთ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ სტატუსით, რაც ზიანს მიაყენებს მათ რეპუტაციას და, ამასთან, არც ის არის გამორიცხული, რომ ხსენებულმა ზოგიერთ მათგანს საქმიანობის განხორციელებაშიც შეუშალოს ხელი.
55. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისათვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება, აუცილებელია, მოსარჩელე მხარისათვის მიყენებული ზიანი, თავისი არსით, იყოს გამოუსწორებელი ხასიათის. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
56. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომების თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების დასასაბუთებლად ვერ გამოდგება მოსარჩელე მხარის მიერ მხოლოდ ნორმათა კონსტიტუციურობის შეფასებამდე პერიოდში მიყენებულ ზიანზე მითითება. მოსარჩელე მხარემ, დამატებით, უნდა წარმოაჩინოს, თუ რით გამოიხატება სადავო ნორმის მოქმედებით მისთვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე, ნორმის შეჩერების კრიტიკული აუცილებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის შესაბამისად, მხოლოდ „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში, თავისთავად, ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობამდე, ამ ნორმების მოქმედების შედეგად მოსარჩელე მხარისათვის მიყენებული ზიანი, თუნდაც მძიმე ან/და განგრძობითი ხასიათის, არ მიიჩნევა გამოუსწორებლად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს რესურსი, მოახდინოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და დამდგარი შედეგების უკუქცევა. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, გამოუსწორებელ ზიანად არ ითვლება, მათ შორის, პირის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსება შესაძლო არაკონსტიტუციურ კანონზე დაყრდნობით (იხ., მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №1/6/1394 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/1/1410 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ანი აროშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/6/1499 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის №1/7/1735 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საკონსტიტუციო სასამართლო მსგავს საქმეებში განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა, მათ შორის, დანიშნული სასჯელის ნაწილში, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე თავისუფლების აღკვეთის მდგომარეობაში ყოფნის რეალური ფაქტი არ აღმოიფხვრება (არ გაქრება). მაშასადამე, ზიანის სიმძიმე და მისი განგრძობადი ხასიათი არ არის თავისთავადი ან/და თვითკმარი არგუმენტი ამ ზიანის გამოუსწორებელი ბუნების წარმოჩენისთვის.
57. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული სტანდარტების მიხედვით, სახეზეა მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე. მართალია, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები, მოსარჩელეების აღქმით, ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედია ორგანიზაციების უარყოფითი კონოტაციის მქონე სტატუსის ქვეშ საქმიანობის ვალდებულებას, რაც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის მათ დამოუკიდებლობას, არყევს მათდამი ნდობას და აზიანებს საქმიან რეპუტაციას, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვება დამდგარი შედეგების უკუქცევა და იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც არსებობდა სადავო ნორმების ამოქმედებამდე. აღნიშნულის მიღმა კი, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო სასამართლო დაერწმუნებინა იმაში, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში იმგვარად შეირყევა ამ ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობა და დაზიანდება მათი საქმიანი რეპუტაცია, რომ ამას დიდი ალბათობით მოჰყვება ამ ორგანიზაციების სრული პარალიზება, ანდა შეუძლებელი გახდება მათდამი ნდობის აღდგენა.
58. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იმ აზრისაა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს მისთვის მიყენებული ზიანის შეუქცევადად გამოუსწორებელ ხასიათს, რის გამოც, არ არსებობს საკმარისი საფუძველი მისი შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომელიც ადგენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას.
დეკლარაციის შევსება, მონიტორინგის ხანგრძლივობა და დაცულ ინფორმაციაზე წვდომა
59. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-6 მუხლი ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის განაცხადის და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას. ხსენებული დეკლარაციის ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ და მასში დეტალურად მიეთითება ინფორმაცია ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, მათ შორის, ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯების მიმღებ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები. დეკლარაცია ქვეყნდება საჯაროდ.
60. ამავე დროს, სადავო კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონით დადგენილი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შემოწმების მიზნით, განახორციელოს წვდომა ორგანიზაციაში არსებულ ნებისმიერ, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა.
61. ორგანიზაციაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების კონტექსტში, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე გამოყოფს სამ საკითხს: (ა). საფინანსო დეკლარაციის შევსება და წარდგენა ორგანიზაციებისათვის წარმოადგენს აუწეველ ბუღალტრულ ტვირთს; (ბ). მონიტორინგის ხანგრძლივობა განაპირობებს ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეშლის რისკებს; (გ). დაკისრებული ჯარიმების სიმრავლე და გადახდისუუნარობა ორგანიზაციებს მიიყვანს თვითლიკვიდაციამდე, რაც გულისხმობს მათი გაერთიანების თავისუფლების დარღვევას; (დ). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, მოიპოვოს და გაასაჯაროოს ნებისმიერი ხასიათის პერსონალური მონაცემი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა, აღნიშნული კი განაპირობებს პირთა პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეშლის რისკებს. საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელე მხარის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას ცალ-ცალკე უპასუხებს.
(ა) ბუღალტერიის წარმოების ტვირთი
62. როგორც აღინიშნა, პირველ რიგში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ადგენს ე.წ. „პარალელური ბუღალტერიის“ წარმოების ვალდებულებას, რითაც შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს აკისრებს ორგანიზაციებს. მაგალითად, ერთ-ერთი მოსარჩელე, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მიუთითებს, რომ 2023 წლის განმავლობაში, 15 000-მდე საბანკო გადარიცხვა შეასრულა. სადავო კანონი თითოეული ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის წარდგენას ითხოვს, რაც მას ალტერნატიულ ბუღალტრულ წარმოებად აქცევს, იმ განსხვავებით, რომ, როგორც წესი, ბუღალტრულ წარმოებას აქვს შესაბამისი ტექნიკური სტანდარტები და არსებობს აღიარებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები, რომლებიც ამ პროცესს თვისობრივად ამარტივებს.
63. ხსენებულთან დაკავშირებით აღსანიშნავია საქმეზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლად მოწვეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ანგარიშგების ფორმა, ისევე როგორც პროგრამები, რომელსაც იყენებენ ორგანიზაციები ბუღალტერიის საწარმოებლად, დაფუძნებულია Microsoft Excel-ის ბაზაზე. შესაბამისად, ის მონაცემები, რომლებიც ორგანიზაციებს ბუღალტერიის წარმოების შედეგად გააჩნიათ, მარტივად ასახვადია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ფინანსური ანგარიშის ფორმაში. აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელე მხარეს დამატებით განმარტება არ გაუკეთებია. შესაბამისად, მისი პოზიცია ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად შეუსაბამოდ მძიმე/შეუსრულებადი ტვირთის დაკისრების და, ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმების მოქმედების მოსალოდნელი შედეგების გამოუსწორებლობის თაობაზე, დასაბუთებული არ არის.
(ბ) მონიტორინგის ხანგრძლივობა და საქმიანობის ხელშეშლის რისკი
64. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მონიტორინგის განხორციელების ხანგრძლივობის გამო ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხების რისკებზე. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის პოზიცია მონიტორინგის ხანგრძლივობის გამო რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით გამოუსწორებელი შედეგების მტკიცების თაობაზე. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, არც ერთი ორგანიზაციის მონიტორინგი დაწყებულიც კი არ არის. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით რომელიმე ორგანიზაციის უფლების გამოუსწორებელი დარღვევის მყისიერი რისკები არ არსებობს.
(გ) ჯარიმების სიმრავლე და თვითლიკვიდაციის საფრთხე
65. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ვინაიდან ისინი არ აპირებენ დარეგისტრირდნენ მათი რეპუტაციის შემლახველ რეესტრში, ეს გამოიწვევს მათ რეგულარულ დაჯარიმებას. საჯარიმო თანხების დიდი ოდენობის გათვალისწინებით კი ორგანიზაციები იძულებული იქნებიან თვითლიკვიდაციას მიმართონ. მათი აზრით, სწორედ ამით გამოიხატება კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცული გაერთიანების თავისუფლების უფლების შეუქცევადად დარღვევა.
66. ხსენებულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უწინარესად მნიშვნელოვნად ესახება, აღნიშნოს მოსარჩელე მხარის ვალდებულება, სასამართლოს დაანახოს, რომ მას სწორედ სადავო კანონის მოქმედების პირობებში კანონის შესრულებით მიადგება გამოუსწორებელი შედეგები და არა კანონის დარღვევის გამო დაჯარიმებით. ეს მოსარჩელეს მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. პოტენციური ჯარიმების სიმრავლესთან და, შედეგად, ორგანიზაციების ფინანსური პრობლემების შექმნით შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქმის არსებითად განსახილველად მიღების მომენტისათვის არ გამოკვეთილა, რომ რომელიმე ორგანიზაციის მიმართ მონიტორინგი დაიწყო, ან/და მიმდინარეობს სხვა ღონისძიებები, რომლებსაც უახლოეს მომავალში შესაძლოა, ორგანიზაციებისათვის ასეთი შედეგები მოჰყვეს. შესაბამისად, ხსენებული საფრთხის რეალიზების მყისიერი საფრთხე მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. მითუმეტეს არ არსებობს ჯარიმების სიმრავლის გამო რომელიმე ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან/და საქმიანობის არსებითი ხელშეშლის მყისიერი საფრთხე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსგავსი საფრთხეები თავისთავად გაქრება. ამავე დროს, თუ მოსარჩელეთა საქმიანობის ხელშეშლის აშკარა და მყისიერი საფრთხეები რეალური გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრუნდეს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის შეფასებას.
დ) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა/გასაჯაროება
67. სადავო ნორმების საფუძველზე ორგანიზაციებს უკვე აქვთ ვალდებულება, სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია მათი შემოსავლების და ხარჯების შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელეთა აზრით, არსებობს საფრთხე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდება ორგანიზაციებში დაცულ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა. წარსადგენი ინფორმაცია, მათ შორის, მოიცავს გარკვეული ანაზღაურების მიმღებ პირთა ვინაობას, რომელიც, შესაძლოა, რეალურად ჟურნალისტურ წყაროს წარმოადგენდეს, ან მიუთითებდეს პირისათვის საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ, აგრეთვე, კონკრეტული პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე და ა.შ. ამდენად, შესაძლოა, რომ ხსენებულ მონაცემებში მოექცეს ინფორმაციის კატეგორიები, რომელთა კონფიდენციალურობას კონსტიტუციით გარანტირებული სხვადასხვა უფლებები განსაკუთრებულად იცავს და მათზე სახელმწიფოს საყოველთაო/ბლანკეტურ წვდომას ზღუდავს.
68. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების დასასაბუთებლად ვერ გამოდგება მოსარჩელე მხარის მიერ მხოლოდ ნორმათა კონსტიტუციურობის შეფასებამდე პერიოდში უფლების პოტენციურ შეზღუდვასა და მიყენებულ ზიანზე მითითება. მოსარჩელე მხარემ დამატებით უნდა წარმოაჩინოს, თუ რით გამოიხატება სადავო ნორმის მოქმედებით მისთვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე, ნორმის შეჩერების კრიტიკული აუცილებლობა.
69. კონფიდენციალური ინფორმაციების გასაჯაროების რისკების კონტექსტში, სასამართლო სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის მხედველობაში მიღებით, არამედ იგი სხვა ნორმებთან კავშირში, არსებულ სამართლებრივ წესრიგში სისტემურად შეაფასებს ნორმის პრაქტიკაში მოქმედების რეალურ რესურსს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირება, ცხადია, იურიდიული ძალას არ უკარგავს უფლებათა დაცვის კანონმდებლობას და არც მათი დაცულობის სტანდარტს ამცირებს. იგი არ უგულებელყოფს უფლებათა დაცვის იმ გარანტიებს, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას ექვემდებარება მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება დანაშაულის გახსნის მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესებს. მაგალითად, საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ განსაზღვრავს აბსოლუტურ პრივილეგიას – ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროების კონფიდენციალობის დაცვას. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი იმპერატიულად იცავს ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობას და ამ პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობას. ასევე კანონითაა რეგულირებული პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დამუშავება, მათი მესამე პირთათვის გადაცემა ექვემდებარება სათანადო საკანონმდებლო დაცვას. სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ სადავო რეგულირების ამოქმედება იურიდიულ ძალას ვერ „გამოაცლის“ მოქმედ სპეციალურ კანონმდებლობას, რომლითაც პირდაპირ და უშუალოდ არის დაცული ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის უფლებები. აღნიშნულ კონტექსტში სასამართლო, აგრეთვე, მხედველობაში იღებს იმ განმარტებას, რაც სადავო ნორმების უშუალოდ აღმასრულებელი ორგანოს – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს – წარმომადგენლის მიერ გაკეთდა ნორმის პრაქტიკაში გამოყენებასთან მიმართებით. კერძოდ, ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროს შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ნაწილში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, მან მკაფიოდ მიუთითა, რომ სადავო ნორმის სუბიექტებს/ორგანიზაციებს არ მოეთხოვებათ ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროს დასახელება და საფინანსო დეკლარაციაში მათი იდენტიფიცირება. ორგანიზაციებს შეუძლიათ თავად დაფარონ კონკრეტული მონაცემები და წარადგინონ დოკუმენტები, იმგვარად, რომ არ ხდებოდეს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება.
70. სასამართლომ, აგრეთვე გამოიკვლია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის ჩანაწერები, სადაც გამოიკვეთა, რომ პრაქტიკაშიც, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა, როგორც ჩანს, კონკრეტულ პირთა უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, დაფარეს მათი პერსონალური მონაცემები იმგვარად, რომ ვერ მოხდეს მათი იდენტიფიცირება და გამოირიცხოს გასაჯაროების ყოველგვარი საფრთხე. მაგალითად, ააიპ „საზოგადოება მომავალი თაობისთვის“ ხარჯების უწყისში ანაზღაურების მიმღები ფიზიკური პირის სახელი და გვარი მხოლოდ ინიციალებით არის აღნიშნული. არის შემთხვევები, სადაც სათანადო გრაფაში კონკრეტული ფიზიკური პირის სახელის და გვარის ნაცვლად, გაკეთებულია პირის არამაიდენტიფიცირებელი ჩანაწერი, მაგალითად, ააიპ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ უწყისში ვხვდებით ჩანაწერს – „აფხაზური მხარის კონსულტანტი“.
71. საგულისხმოა, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის 2024 წლის პირველი აგვისტოს №1019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 20 სექტემბრის №1023 ბრძანებით დადგენილი საფინანსო დეკლარაციის ფორმა აღარ მოითხოვს სადავო კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიერ იმგვარი მონაცემების შეტანას, როგორიც არის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციისგან ანაზღაურების მიმღები ფიზიკური პირის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი, მათი საბანკო ანგარიშები. აგრეთვე ირკვევა, რომ საფინანსო დეკლარაციის ფორმა არ მოითხოვს იმ ბენეფიციართა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ან მათთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაციის აღნიშვნას, ვინც ორგანიზაციის ამა თუ იმ სერვისის უშუალო მიმღებია, მაგალითად, იმათი, ვისაც გაეწია სამედიცინო მომსახურება ან იურიდიული დახმარება. თვალსაჩინოებისთვის, ააიპ „საზოგადოება მომავალი თაობისთვის“ თავის დეკლარაციაში, მართალია, უთითებს დაფინანსებული პროექტის მიზანს – „პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა“, თუმცა არც კონკრეტულ პაციენტებზე, მით უმეტეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა ან მიღებულ კონკრეტულ სერვისებზე ინფორმაციის განთავსების მოთხოვნას დეკლარაციის ფორმა საერთოდ არ შეიცავს და არც გვხვდება რაიმე მსგავსი ჩანაწერები წარდგენილ დეკლარაციებში.
72. შესაბამისად, დგინდება, რომ ჯანდაცვის სერვისების მიმღებ კონკრეტულ პირებზე უშუალოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაცია სწორედ ასეთ სერვისებს ახორციელებს დონორის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, რაიმე პერსონალური მონაცემი, პირადი ნომრები, მიღებული სამედიცინო სერვისები ან სხვა განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ასახული არ არის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმების აღსრულების მიზნით მიღებული კანონქვემდებარე აქტით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამად უკვე იმგვარადაა მოწესრიგებული ინფორმაციის წარდგენის/გასაჯაროების წესი, რომ ორგანიზაციებს ხარჯების ნაწილში აღარ მოეთხოვებათ ისეთი პერსონალური მონაცემების მითითება, როგორიცაა თანხის მიმღები პირების პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო ანგარიშების ნომრები, რის პრობლემურობაზეც ასევე აპელირებდნენ მოსარჩელეები სადავო ნორმების შეჩერების მოთხოვნის კონტექსტში.
73. ზემოაღნიშნული გამოკვლეული გარემოებები, სასამართლო სხდომაზე თავად საჯარო უწყების წარმომადგენლის განმარტება ჟურნალისტური წყაროს და სხვა სენსიტიური ინფორმაციის დაფარვასთან მიმართებაში, აგრეთვე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ კი, საფინანსო დეკლარაციაში შესაბამის პირთა პერსონალური მონაცემების/საბანკო ანგარიშების წარდგენის ვალდებულების გაუქმება, ერთობლიობაში, სასამართლოს უქმნის საფუძველს მიიჩნიოს, რომ ინფორმაციის მოთხოვნის/გასაჯაროების ნაწილში სადავო რეგულირების მოქმედების ფარგლები, მისი პრაქტიკაში აღსრულების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო ვიწროა, ვიდრე მოსარჩელე მხარეს ჰქონდა აღქმული. ასეთ მოცემულობაში, როდესაც აშკარად გამოკვეთილია ნორმის უფრო ვიწროდ გამოყენების ტენდენცია, ხოლო საწინააღმდეგო პრაქტიკა არ არსებობს, რაციონალურ საფუძველს იქნებოდა მოკლებული მსჯელობა, რომ თითქოს მართლაც არსებობს რეალური, გარდაუვალი და აუცდენელი საფრთხე იმისა, რომ ფინანსური გამჭვირვალობის მიზნებისთვის გამჟღავნდეს და გასაჯაროვდეს კონკრეტულ პირთა იმგვარი სენსიტიური მონაცემი, როგორიცაა მაგალითად, სექსუალური ორიენტაცია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ან ადვოკატისთვის განდობილი კონფიდენციალური ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროს ვინაობა. შესაბამისად, მოსარჩელეთა არგუმენტები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, იმ კონტექსტში, რომ თითქოს არსებობს პირადი ინფორმაციის გასაჯაროების გამო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე, სასამართლოსთვის ვერ იქნება საკმარისად სარწმუნო. აშკარაა, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ იკვეთება სენსიტიური ინფორმაციის გასაჯაროების თვალსაზრისით მოსარჩელეთათვის გამოუსწორებელი ზიანის დადგომის მყისიერი და რეალური საფრთხე.
74. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის შედეგად არ გამოკვეთილა, რომ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ან/და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციებისათვის აუწეველ ტვირთს ქმნის და, შედეგად, მათ საქმიანობას შეუძლებელს ხდის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ სცდება უფლების შეზღუდვის დასაბუთების წარმოჩენას. საქმის განხილვის დროს არ გამოკვეთილა პოტენციური გამოუსწორებელი შედეგები, რომელიც შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში სადავო ნორმების მოქმედებას მოჰყვეს. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ანგარიშგების წარდგენის და მონიტორინგის მომწესრიგებელი ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლო ხელშეშლა
75. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ გასაჩივრებული კანონის შემუშავების შედეგად, შეფერხდა საქართველოს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესი, რაზეც მიუთითებს ევროპის კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები თუ ცალკეული რეზოლუციები. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმათა მოქმედება განგრძობადად აზიანებს, ხელყოფს ქვეყნის ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცესს, რის შედეგადაც, საქართველო დაკარგავს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის რეალურ შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმათა მოქმედებით, გამოუსწორებელი ზიანი ადგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დასახული სახელმწიფოებრივი მიზნისა და ამოცანის შესრულებას.
76. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის მტკიცება, რომ სადავო ნორმათა მოქმედება, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიზნებისთვის, იწვევს იმგვარ შეუქცევად და გამოუსწორებელ ზიანს, რომელიც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ გამოსწორდება ან აღდგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც.
77. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი განამტკიცებს კონსტიტუციურ ორგანოთა ვალდებულებას, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, ინტეგრაცია წარმოადგენს კომპლექსურ, ხშირ შემთხვევაში, მრავალეტაპიან პროცესს, რომელიც მოიაზრებს მრავალმხრივ მოლაპარაკებებს, ამა თუ იმ ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულებას, ცალკეულ ქმედებათა განხორციელებას ან/და განხორციელებისაგან თავის შეკავებასა და სხვა. ბუნებრივია, აღნიშნულ პროცესში არსებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, რამდენადაც ინტეგრაციის პროცესი, უპირობოდ, საჭიროებს, მათ შორის, სამართლებრივ ჰარმონიზაციას. ამდენად, საკანონმდებლო საქმიანობის შედეგები, შესაძლოა, პირდაპირ გავლენას ახდენდეს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრულ ინტეგრაციაზე, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური თვალსაზრისით, კერძოდ, აფერხებდეს, აყოვნებდეს ან სრულებით გამორიცხავდეს აღნიშნული მიზნის რეალიზებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სრულად გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, პროცესის შეფერხების ან/და შეჩერებისა და თანმდევი ზიანის თაობაზე, არ არის დასაბუთებული, რატომ ვერ უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ მოხდება სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, აღნიშნული შედეგების აღმოფხვრას, ინტეგრაციის პროცესის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით გაგრძელებასა და წარმართვას.
78. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ სადავო კანონი აფერხებს ინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელ რომელიმე ტექნიკურ პროცესს. მისი არგუმენტაცია სრულად მიმართულია იმის წარმოჩენისკენ, რომ სანამ მსგავსი კანონი საქართველოში არსებობს, ევროკავშირი არ გამოხატავს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ასეთ გადაწყვეტილებას უნდა შეეძლოს, მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება. თავის მხრივ, სადავო ნორმის/კანონის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს დროებით მექანიზმს, ხსენებული ღონისძიება მიმართულია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში ნორმის მოქმედების შედეგების ტექნიკური აღმოფხვრისკენ და არა, ზოგადად, კანონის კონსტიტუციურობა/არაკონსტიტუციურობის დადგენისკენ. შესაბამისად, სასამართლომ, რომც შეაჩეროს კანონის მოქმედება, იგი მას სამართლებრივი სივრციდან ვერ გააქრობს და ვერც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის ლეგიტიმურ მოლოდინს გააჩენს. შესაბამისად, არ გამოკვეთილა დასაბუთება, თუ რატომ დააზღვევს არსებით განხილვამდე კანონის მოქმედების შეჩერება ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საფრთხეებს. კანონიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მოსარჩელის არგუმენტაციის გაზიარების შემთხვევაშიც კი აშკარაა, რომ ის შედეგები, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, უკავშირდება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას და არა მათი მოქმედების დროებით შეჩერებას.
79. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ იწვევს კანონი ისეთ შედეგებს, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხდება მისი არაკონსტიტუციურად ცნობით. ამავე დროს, არ გამოკვეთილა, რომ სადავო კანონის მოქმედების შეჩერება მოსარჩელის მიერ მითითებული საფრთხეების პრევენციის ეფექტური მექანიზმია. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიზნების დასაცავად, სადავო კანონის შეჩერების საფუძველი.
III სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 33-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1828, №1829, №1834 და №1837 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) №1828 კონსტიტუციური სარჩელი:
ა.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 წინადადებებისა და მე-2 პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით;
ა.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ა.გ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ა.დ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით;
ა.ე) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.
ბ) №1829 კონსტიტუციური სარჩელი:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) №1834 კონსტიტუციური სარჩელი:
გ.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.
დ) №1837 კონსტიტუციური სარჩელი:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1828, №1829, №1834 და №1837 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) №1828 კონსტიტუციური სარჩელი:
ა.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით;
ა.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-6 და მე-7 წინადადებების და მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების, მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით“, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით;
ა.გ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით;
ა.დ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ა.ე) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) №1829 კონსტიტუციური სარჩელი:
ბ.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით;
ბ.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) №1834 კონსტიტუციური სარჩელი:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
დ) №1837 კონსტიტუციური სარჩელი:
დ.ა) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით;
დ.ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ე) №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელები:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №1837 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.
6. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.
7. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
8. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
10. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში