პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვნად ცვლის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში არსებულ რეგულაციებს. ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება მიმდინარე კვირაში იგეგმება, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტურ უფლებას — სიტყვის თავისუფლებას.
კანონპროექტის მიხედვით, უქმდება მოქმედი რეგულაცია, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთს შეზღუდვის ინიციატორს აკისრებს. ასევე, იცვლება პრინციპი, რომლის თანახმად ეჭვი უნდა გადაწყდეს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ.
ამ ცვლილებებით, ცილისწამების საქმეზე სასამართლოში მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხეზე. კანონპროექტის თანახმად, მოსარჩელეს — პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გავრცელდა — აღარ ექნება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. პირიქით, მოპასუხეს მოუწევს იმის მტკიცება, რომ განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს.
კანონპროექტი ცვლის ცილისწამების განმარტებასაც: იგი განისაზღვრება როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება“. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცილისწამება თავისთავად გულისხმობს ზიანს და რეპუტაციის შელახვას.
ცვლილებები ასევე ამცირებს ცილისწამების საქმეზე მხარეთა მორიგების ვადას ერთიდან 10 დღემდე და კანონიდან გამორიცხავს მუხლს, რომელიც იცავდა მოპასუხის უფლებას არ გაემხილა პროფესიული საიდუმლოება ან ინფორმაციის წყარო — იმავე მუხლის თანახმად, მსგავსი უარი არ შეიძლებოდა გამხდარიყო ერთპიროვნულად გამამტყუნებელი გადაწყვეტილების საფუძველი.
განსაკუთრებით საყურადღებოა საჯარო პირების შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ცვლილება. კანონპროექტით, თუ საჯარო პირი მიიჩნევს, რომ მის მიმართ გავრცელდა ცილისმწამებლური განცხადება, სასამართლოს წარუდგენს სადავო განცხადებას და არგუმენტს, თუ რატომაა ეს მისთვის სახელის გამტეხი. მოპასუხე ვალდებული იქნება დაამტკიცოს განცხადების სისწორე, ან წარმოადგინოს მტკიცებულება საკუთარი კეთილსინდისიერების შესახებ — კერძოდ, რომ მან გამოიყენა ყველა გონივრული საშუალება ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და არ ჰქონდა ცოდნა ფაქტის არასწორობის შესახებ.
გარდა ამისა, კანონიდან ამოიღებენ მუხლს, რომლის თანახმადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოტივით არ შეიძლებოდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ფაქტთან მიმართებით.
კანონპროექტი ასევე აუქმებს ცილისწამების საკითხში მოქმედ ე.წ. კვალიფიციური პრივილეგიის მექანიზმებს, რაც პრესისა და ჟურნალისტებისთვის დამატებით სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფდა. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აღნიშნული პრივილეგია ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ზოგად პრინციპებს.
ახალი ცვლილებების მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადების უარყოფა ან შესწორება ვერ უზრუნველყოფს მიყენებული ზიანის საკმარის ანაზღაურებას, მოსარჩელეს მიენიჭება უფლება მოითხოვოს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.



