ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები – 1989 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული თ.შ. არიან.
გ.ბ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება. რაც შეეხება თ.შ.-ს, ის მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, 2025 წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, გ.ბ.-მ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ნაცნობი, 1992 წელს დაბადებული ბ.ბ. საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით ავტომობილი მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა გ.ბ.-ს მეგობარს – თ.შ.-ს, თუმცა მან ამის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
ორივე პირი სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 376-ე (დანაშაულის შეუტყობინებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



