შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, ბათუმში სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის ერთი საქართველოს, ხოლო ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. მათ შორისაა: 100 გრამი და 127 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, ერთ კილოგრამზე მეტი „მარიხუანა“, ნახევარ კილოგრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 8 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს ბათუმში ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახორციელებდა.
პოლიციამ ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

