„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ტოვებს დაკავებულ თანამდებობას. მას „ქართული ოცნების“ ქობულეთის მაჟორიტარი და პარტიის სიის მეორე ნომერი – იოსებ (სოსო) ჟღენტი ჩაანაცვლებს.
„არ მცალია და გადმოგირეკავთ,“ – გვითხრა კითხვის მოსმენის შემდეგ იოსებ ჟღენტმა, რომელმაც ჩვენს განმეორებით ზარებს აღარ უპასუხა.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, იოსებ ჟღენტი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ნათესავია.
30 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეწყდება.
პირველ სხდომაზე ახალ თავმჯდომარესა და მოადგილეებს აირჩევენ. „ქართული ოცნების“ ახალ საკრებულოში, რომელიც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა, სულ 37 წევრია, მათგან 15 წევრი პროპორციული სიითშევიდა.
ინფორმაციისთვის: დავით მჭედლიშვილის ქონებრივი დეკლარაციის ანალიზმა აჩვენა შესაძლო შეუსაბამობები მის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასა და დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებს შორის.
ღია წყაროების მიხედვით, მჭედლიშვილის ოჯახის წევრები ფლობენ ქობულეთში მდებარე სასტუმროსა და სხვა კომერციულ ობიექტებს, რომელთა ნაწილი დეკლარაციაში სრულად არ იყო ასახული. კერძოდ, საუბარია რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „სიშელზე“, რომლის ნაწილი შვილის სახელზეა გაფორმებული.
დეკლარაციის მიხედვით, მჭედლიშვილს და მის ოჯახს მნიშვნელოვანი უძრავი ქონება აქვთ, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ერთ-ერთ კვლევაში მიუთითა იმაზე, რომ მშენებლობისა და საკუთრების მოცულობები დეკლარაციაში სრულად არ აისახა.
საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს ისიც, რომ აღნიშნული ობიექტები აშენდა იმ პერიოდში, როცა მჭედლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით მჭედლიშვილმა სასტუმრო „სიშელი“ 2016-2018 წლებში ნებართვის გარეშე ააშენა. მშენებლობის პერიოდში ქობულეთის მერიის შესაბამის უწყებებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, არც დადგენილი დარღვევა, არც ჯარიმა.



