გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკუთარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული, რის მეშვეობითაც ხე-ტყის უკანონო დამუშავებას ახორციელებდა.
“სახერხი საამქროს მიმდებარედ, სატვირთო ავტომობილის ძარაზე განთავსებული იყო 9 ერთეული წიწვოვანი ჯიშის დაუფირნიშებელი მორი, რაც კანონდარღვევით მოპოვებული ხე-ტყის არსებობაზე მიუთითებს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მასალები შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნა შემდგომი რეაგირების მიზნით,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე გამოვლენილია 33 არარეგისტრირებული და უნებართვოდ მოქმედი სახერხი საამქრო.



