ბათუმის ახალ ბულვარში ცხოველთა მოყვარულების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ერთ-ერთი კაფის მეპატრონეს მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, მათ აქვთ შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც, მათი შეფასებით, ცხოველზე ძალადობის ფაქტს ასახავს. აქციის მონაწილეები აღნიშნული პირის პასუხისგებაში მიცემასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბრალდების ადრესატი ბელარუსის მოქალაქეა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. აქცია ახალ ბულვარში ყოველდღე, საღამოს 20:00 საათზე იწყება.
თავის მხრივ, ბრალდების ადრესატი სოციალურ ქსელში ამბობს, რომ ვიდეო ოთხი წლის წინ არის გადაღებული და დამონტაჟებულია, რაც რეალურ სურათს არ ასახავს. მისი მტკიცებით, ძაღლებზე არ ძალადობს და ვიდეოში მხოლოდ მიუსაფარი ცხოველების მოგერიების პროცესია ასახული.
პირს, რომელსაც ცხოველებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, დღეს „აჭარა თაიმსთან“ კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის ძაღლზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს.
დაკავშირებული თემები ⇓
საარჩევნო პროგრამები მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის გარეშე
ქალს, რომელიც 150-მდე ძაღლზე ზრუნავს მერიამ თავშესაფრის დემონტაჟი მოსთხოვა
ჩაქვში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს აშენებენ – „კუპატას“ დაპირება შეუსრულებელი დარჩა

