„ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლების უმრავლესობა გაზიფიცირებულია,“ – განაცხადა „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის არალეგიტიმურმა მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.
ფუტკარაძის თქმით, მხოლოდ „რამდენიმე ლოკაციაა დარჩენილი“ ბუნებრივი აირის გარეშე, თუმცა ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია და გაზის მიწოდების აღდგენას შესაბამისი კომპანიები და ცენტრალური უწყებები მალე უზრუნველყოფენ.
„სადაც არ არის ბუნებრივი აირი, იქაც მოწყობილია ინფრასტრუქტურა, გამართულია და დაერთება უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა კომპანიამ. ამ პროცესში ცენტრალური ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენი უწყება ჩართულნი არიან. ძალიან მალე რამდენიმე დარჩენილ ლოკაციაზეც აღდგება გაზის მიწოდება,“ – აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ.
მიუხედავად ამისა, „აჭარა თაიმსის“ მიერ გამოკითხული ქობულეთის ათამდე სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ბუნებრივი აირი მათ ამ დრომდე არ მიეწოდებათ. საუბარია სოფლებზე: მუხაესტატე, ალამბარი, აჭყვისთავი, ჭახათი, წყავროკა, ლეღვა, ქაქუთი, ზენითი და სხვ. ოპოზიციის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მაღალი ზონის სოფლები კვლავ ბუნებრივი აირის გარეშეა.
ადგილობრივების თქმით, ზოგიერთ სოფელში მილსადენების დაქსელვა წლების წინ განხორციელდა, თუმცა გაზი არასდროს მიუღიათ. ინფრასტრუქტურა უფუნქციოდ დარჩა, რის შედეგადაც მილები დაზიანებულია, კოროზირებულია, ან უბრალოდ დამტვრეულია.
ცნობისთვის: აჭარის მთავრობის გაცხადებული გეგმით, ავტონომიური რესპუბლიკის გაზიფიცირება 2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. თუმცა „ქართული ოცნების“ ეს დაპირება, როგორც ჩანს, დღემდე შეუსრულებელია.
„აჭარა თაიმსმა“ არაერთხელ დაწერა ამ საკითხზე, თუმცა დღემდე ვერ ხერხდება საჯარო უწყებებისგან კონკრეტული პასუხის მიღება – რა ეტაპზეა რეგიონში გაზიფიცირების პროცესი და როდის დასრულდება ის სრულად.
ინფორმაციისთვის: აჭარის სოფლების გაზიფიცირების პროექტებზე პასუხისმგებელია რამდენიმე სხვადასხვა კომპანია.
აჭარის სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე – თორნიკე რიჟვაძის დაპირება რომელიც არ შესრულდა



