ბათუმში წვიმის შედეგად ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა დაიტბორა. წყლის მაღალი დონის გამო პრობლემები შეექმნათ მძღოლებს, ტრანსპორტის გადაადგილება თითქმის ყველა მიმართულებით შეიზღუდა.
მოსახლეობის ცნობით, წყალი შევიდა ავტომობილებისა და მუნიციპალური ავტობუსების სალონებში. დაზიანდა და დაიტბორა კერძო სახლების პირველი სართულები, ასევე – კომერციული ობიექტების ფართობები.

მოსახლეობის დიდ ნაწილს დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა საკუთარი ძალებით უწევს. რეაბილიტირებული ქუჩების მიუხედავად, სანიაღვრე სისტემა ვერ გაუმკლავდა ნალექს.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ადლიაში, ანგისის ქუჩასა და ჩიხებში, ფაღავას, მაქაცარიას, აბუსერიძის, აღმაშენებლის, რურუას, ტაბიძის, ლეონიძის, ჰელიმიშის, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს.




