„დინამო ბათუმმა“ ფინანსური დავალიანებები სრულად დაფარა. ამის შესახებ კლუბმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.
„დინამო ბათუმს“ თურქულ კლუბ „ანკარაგუჩესთან“ და ექვს ყოფილ ფეხბურთელთან ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა. Geo Team-ის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 8 მილიონი ლარის დავალიანებაზე.
კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული დავალიანებები უკვე სრულად არის დაფარული:
„FIFA-ს მხრიდან კლუბს სატრანსფერო შეზღუდვა დაწესებული ჰქონდა საფეხბურთო კლუბ „ანკარაგუჩეს“, ასევე ფეხბურთელების – კირილო მელიჩენკოს, მესი ბიატუმუსოკას, გიტის პაულაუსკასის, ვანდერსონ სილვას, ედმუნდ არკო-მენსასა და ალეფ სანტოსის მიმართვის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ვანდერსონ სილვას შემთხვევაში FIFA-მ სადისციპლინო სანქცია გამოიყენა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენს. თურქულ კლუბთან და თითოეულ ზემოაღნიშნულ ფეხბურთელთან გაფორმდა მორიგების აქტი, რის საფუძველზეც 2026 წლის 20 იანვრის მდგომარეობით დავალიანებები სრულად დაფარულია“, – წერია „დინამო ბათუმის“ განცხადებაში.
თუმცა, როგორც კლუბი აცხადებს, დავალიანებების დაფარვის მიუხედავად, FIFA-ს მიერ დაწესებული სატრანსფერო ბანი კვლავ ძალაში რჩება.
„ახალი მენეჯმენტის პირობებში FIFA-ს სატრანსფერო შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად დავალიანებების სრულად დაფარვისა, 2026 წლის 21 იანვრის მდგომარეობით მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ბათუმის „დინამოს“ მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავ ძალაში დატოვა“, – აღნიშნავს კლუბი.
FIFA-მ „დინამო ბათუმს“ სატრანსფერო შეზღუდვა 2025 წლის 1 ივნისიდან დაუწესა, რომელიც 2026 წლის ივნისამდე მოქმედებს. კლუბის ინფორმაციით, ახალი მენეჯმენტის ხელმძღვანელობით „თოლიები“ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას FIFA-სთან სატრანსფერო ბანის მოხსნის მიზნით.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



