საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ სუპერლიგის მე-17 ტურში „ორბი“ 80:71 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ეს ბათუმელების მე-10 გამარჯვებაა.
ბათუმის სპორტის სასახლის პარკეტზე გამართული შეხვედრა დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. ბუბა ბერიშვილის გუნდმა მეტოქეს პირველ, მეორე და მეოთხე მეოთხედებში სძლია – 18:13, 27:16 და 18:17. „ორბმა“ საკუთარ აქტივში მხოლოდ მესამე მეოთხედი ჩაიწერა, რომელიც 25:17 მოიგო.
ბათუმის მხრიდან თავი მაირონ ტომასმა და გიორგი ოჩხიკიძემ გამოიჩინეს. ამერიკელი მოთამაშის ანგარიშზე 15 ქულა, 12 მოხსნა და ოთხი პასია. ოჩხიკიძემ კი მატჩის განმავლობაში 16 ქულა, ოთხი პასი და ერთი მოხსნა დააგროვა.
„ორბის“ მხრიდან საუკეთესო ლარი ოსტინი იყო – 15 ქულით, შვიდი პასითა და რვა მოხსნით.
მე-17 ტურის შემდეგ „ს/კ ბათუმი“ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს და 25 ქულა აქვს. „საკალათბურთო კლუბი ბათუმი“ მომდევნო შეხვედრას 20 მარტს გამართავს – სუპერლიგის მე-18 ტურში „დელფინები“ „სკ რუსთავს“ დაუპირისპირდებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე


