5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის მიერ, საერთაშორისო პროექტ MACRO CLEAN-ის ფარგლებში, ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ბსუ-ს სტუდენტმა და ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლემ.
დასუფთავების ტერიტორიად შერჩეული იყო აეროპორტის მიმდებარე ზღვის სანაპირო, სადაც ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მათ შორის:
- ზღვის სანაპიროს დასუფთავება – სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიების პირველ ნახევარში სანაპირო დაასუფთავეს;
- მოწვეული მყვინთავების ჩართულობით ზღვაში არსებული ნარჩენების შეგროვება;
- მოწვეულმა სპიკერებმა – გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა – აქციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ზღვის დაბინძურების საკითხებისა და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ. ასევე ჩატარდა მცირე ვიქტორინა აღნიშნულ თემებზე;
- არტ-დიზაინერების ჩართულობით სანაპიროზე შეგროვებული ნარჩენებისგან შეიქმნა არტ-ინსტალაციები, რაშიც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში სამომავლოდაც დაგეგმილია არაერთი საინტერესო აქტივობა, მათ შორის ტრენინგების ციკლი სტუდენტებისა და სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

პროექტი MACRO CLEAN (BSB00584) – „მაკრო წყალმცენარეების კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება“ – ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის Interreg NEXT ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის პარტნიორები არიან: სინოპის უნივერსიტეტი (თურქეთი) – პროექტის ლიდერი პარტნიორი, მარმარის რეგიონის მუნიციპალიტეტების გაერთიანება (თურქეთი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) და შუმენის უნივერსიტეტი (ბულგარეთი).
პროექტის მიზნები მოიცავს წყალმცენარეების ევტროფიკაციაზე ზემოქმედების შესასწავლად კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას, შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზღვის მცენარეების ეკონომიკური სარგებლის გაზრდას სასუქებისა და ბიოპლასტიკის წარმოებაში. ასევე, პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებასა და ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.
პროექტის საიტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.



