შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის ერთი და ისრაელის სამი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს.
უწყების ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მდმა“ (MDMA), „მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ (THC).
ამასთან, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



