2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდიდან, შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის სამხედროები საინჟინრო დანაყოფთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. შინდისის რკინიგზის სადგურთან ქართული სამხედრო კოლონა რუსული სამხედრო ნაწილის ჩასაფრებაში აღმოჩნდა.
შეტაკება მცირე მანძილზე, დაახლოებით 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. ქართული დანაყოფი ალყაში აღმოჩნდა და, არსებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგესთან შედარებით შეზღუდული საბრძოლო რესურსი ჰქონდა. მიუხედავად უთანაბრო პირობებისა, ქართველმა სამხედროებმა ბრძოლა გააგრძელეს და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიეს.
შინდისის ბრძოლაში 17 ქართველი სამხედრო დაიღუპა:
ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ომის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი.
150 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა და საკუთარ სახლებს გამოეცალა. რუსეთის სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად ათობით სოფელი განადგურდა, არაერთი დასახლება კი მთლიანად გადაიწვა.
18 წლის შემდეგაც ომის შედეგები საქართველოსთვის ყოველდღიურ რეალობად რჩება, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

