ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე გადაწყდა, რომ ქალაქს ახალი სამსახური ექნება. განმარტებითი ბარათის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიზანია, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
სამსახურის ფუნქციები ახალი არაა, ისინი მანამდეც არსებობდა და მათი განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ბათუმის დაცვა ქაოსური განაშენიანებისგან და ისტორიული შენობების გადარჩენა. მოქალაქეების ნაწილს ქალაქის იერსახის დაცვის იმედი ჯერ კიდევ 2021 წელს გაუჩნდა, როცა მერიამ მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე 2 495 700-ლარიანი ხელშეკრულება ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ გააფორმა. ამ ხელშეკრულებით, დოკუმენტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 370 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან. ეს ნიშნავს, რომ 2022 წლის სექტემბრიდან ბათუმის განაშენიანება ახალ დოკუმენტს დაეფუძნებოდა.
მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ 2022 წელს კვლევითი სამუშაოები კი დაასრულა და პროექტი მერიას ჩააბარა, მაგრამ შემსყიდველმა არაერთი ცვლილება მოითხოვა. ამასთან, დოკუმენტის საბოლოო მიღებამდე, ბათუმის ქაოსური განაშენიანება არ შეიზღუდა.
სპეციალისტების აზრით, ქალაქს გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიადგა და რაც უფრო მეტად დააგვიანდება განაშენიანების მართვის გეგმას, მით უფრო დაზარალდება ბათუმის არა მხოლოდ იერსახე, არამედ ეკონომიკური პოტენციალიც და ეკოლოგიური გარემოც. იმავე სითი ინსტიტუტ საქართველოს ხელმძღვანელმა წლების წინ BMG-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბათუმში ბევრია ისეთი ტერიტორია, სადაც სამშენებლო კოეფიციენტები გადაჭარბებულია და თუ კიდევ უფრო მეტი გადაჭარბება იქნება, რაც ჩატარებული კვლევის დროს მიღებულ სურათს შეცვლის, მაშინ კომპანიას გენგეგმაზე მუშაობა გაუჭირდება. ამის შემდეგ, 2025 წლის გაზაფხულზე, მიმწოდებელმა მხარემ თქვა, რომ კონცეფცია მზად იყო, თუმცა, მრავალი ფაქტორის გამო, მის დამტკიცებას დააგვიანდა.
2026 წლის აგვისტოშიც კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის შემდეგ, ბათუმს ე.წ. განაშენიანების გეგმა არ აქვს. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი 2027 წლის 20 აპრილამდე გახანგრძლივდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მოძიებულ ერთ-ერთ მოხსენებით ბარათში განმარტებულია, რომ შემსყიდველს მიმწოდებელთან პრეტენზია არ აქვს, რადგან ის ვალდებულებებს დადგენილ ვადებში ასრულებს. სააგენტოს ვებგვერდზე ჩანს, რომ ამ ეტაპზე მიმწოდებლისთვის ანაზღაურებულია ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 72% ანუ 1 796 904 ლარი.
გამოასწორებს ახალი სამსახურის შექმნა უკვე არსებულ სიტუაციას?
როგორც აღვნიშნეთ, სპეციალისტების აზრით, ქალაქს გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიადგა: ქაოსური მშენებლობები აქტიურად გრძელდება; ბათუმში არაერთი ისტორიული შენობა განადგურდა; ასობით ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ თანხა გადაიხადა, მრავალი წელია, მშენებლობის დასრულებას კი არა, დაწყებას ელოდება; ქალაქში არაერთი მიტოვებული მშენებლობაა; უკვე აშენებულ მრავალბინიან კორპუსებს საპარკინგე ადგილები არასაკმარისი რაოდენობით აქვს; საავტომობილო და საფეხმავლო გზები ჩახერგილია ავტომობილებით; კორპუსებს არ აქვს გამწვანება და ეზოები; კორპუსებს შორის დატოვებული სივრცეები არ იძლევა შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა არ შეფერხდეს; არასაკმარისია საბავშვო ბაღებისა და სკოლების რაოდენობა და ა. შ.
ამდენად, მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტზე მუშაობის დაწყებიდან დღემდე, ბათუმმა რამდენიმე მერი გამოიცვალა და ამ ხნის განმავლობაში რაც მივიღეთ, ესაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით ჩახერგილი ქალაქი და მისი თანმდევი ფაქტორები, რომლებიც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს აუარესებს. და კიდევ ახალი სამსახური, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, მაგრამ მსგავსი ფუნქციები მანამდეც არსებობდა, თუმცა შედეგზე არ აისახა.

