„მუნიციპალური განვითარების ფონდი“ საქართველოს მასშტაბით მოდულური, დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და სრულად აღჭურვილი დროებითი სივრცეების შექმნა.
პროექტის ფარგლებში დაახლოებით 750 მოდულის შეძენაა გათვალისწინებული, მათ შორის:
- 600 საკლასო ოთახის მოდული;
- 100 ადმინისტრაციული მოდული;
- 50 სანიტარული კვანძის მოდული.
საკლასო ოთახის თითოეული მოდული გათვლილი იქნება 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე. ადმინისტრაციულ მოდულებში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და ექიმის სამუშაო სივრცეები.
მოდულები ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი იქნება. მათი ადგილზე მონტაჟი მოკლე დროში იქნება შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, მოდულების ერთმანეთთან დაკავშირება, განსხვავებული კონფიგურაციით განთავსება და ორ სართულად მოწყობაც იქნება შესაძლებელი.
ყველა მოდული აღიჭურვება ელექტრომომარაგების, განათების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით. ასევე, ისინი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
უწყების განცხადებით, მოდულური ინფრასტრუქტურის გამოყენება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის პერიოდში სწავლა სკოლის ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს გააგრძელონ. ამით შემცირდება სხვა სკოლებში მათი გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებაც.
მოდულური ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი. კონკრეტულ სკოლაში საჭიროების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მოდულების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე გადატანა და ხელახლა მოწყობა.

