ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის ღირებულება 3-დან 4 ლარამდე გაიზარდა.
როგორც შპს „ხუტას“ ხელმძღვანელი ავთანდილ ხინიკაძე „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, ტარიფის გაზრდა ბაზარზე საწვავის ფასის მატებამ განაპირობა. მისივე თქმით, მოსახლეობისა და ქობულეთის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, გაიზარდა მიკროავტობუსების სამოძრაო მარშრუტიც, დაახლოებით 10 კილომეტრით.
აქამდე ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრავი მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება ბათუმში კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ქობულეთში ცენტრალური პარკის მიმდებარე სივრცე იყო. ახალი ცვლილების თანახმად, მიკროავტობუსები ფიჭვნარის დასახლების ბოლო წერტილამდე იმოძრავებენ და საიდანაც ყოველდღიურად გადაიყვანენ მგზავრებს.
შპს „ხუტას“ ხელმძღვანელის განცხადებით, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მუნიციპალური ავტობუსიც მოძრაობს, თუმცა ის მგზავრების საჭირო რაოდენობას ვერ აკმაყოფილებს და სრულფასოვან მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მუნიციპალური ავტობუსი საღამოს 7 საათის შემდეგ აღარ მოძრაობს.
ავთანდილ ხინიკაძის თქმით, ფიჭვნარის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მიკროავტობუსებს უფლება მიეცათ, ზაფხულის პერიოდში დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრაონ. რაც შეეხება ზამთრის გრაფიკს, მიკროავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე იმოძრავებენ.
რაც შეეხება შეღავათებს, მათ შორის სტუდენტებისთვის, რომლებიც ბათუმში სწავლობენ ან მუშაობენ და ყოველდღიურად სარგებლობენ მიკროავტობუსებით, შპს „ხუტას“ ხელმძღვანელის თქმით, მათთვის სპეციალური ტარიფი ან ფასდაკლება არ მოქმედებს. სტუდენტები, ისევე როგორც სხვა მგზავრები, მგზავრობისთვის დადგენილ 4 ლარს გადაიხდიან.
შპს „ხუტას“ ხელმძღვანელის თქმით, თუ ადრე ბაზარზე საწვავის ფასი დაახლოებით 2.50 ლარი იყო, ახლა ის 4.70 ლარს აღწევს, რაც მძღოლებისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილ ხარჯებს ქმნის.
მგზავრობის გაძვირებას უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მგზავრობის ტარიფი თითქმის ყოველწლიურად იცვლება.
მოსახლეობა ასევე საუბრობს მომსახურების ხარისხზე. მათი თქმით, მიკროავტობუსების ნაწილი მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავია, ხშირ შემთხვევაში კი სათანადოდ დაცული არ არის ჰიგიენური ნორმებიც.
მგზავრების ნაწილი ასევე ამბობს, რომ მძღოლები ხშირად არ რთავენ კონდიცირებისა და გათბობის სისტემებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი გამოყენება საწვავის ხარჯს ზრდის.

