საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ ოქროს ნაკეთობები საბაჟო კონტროლისგან მალულად, მის მართვაში არსებული ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში მოწყობილ სპეციალურ სამალავში მოათავსა და საქართველოში შემოიტანა.
უწყების ცნობით, ამოღებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულება დაახლოებით 1 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

