ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის, ქაქუთისა და ქალაქის №3 და №4 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის დროებითი ფართების მოძიება მიმდინარეობს. განიხილება კერძო საოჯახო სასტუმროების სივრცეების გამოყენების შესაძლებლობაც. ერთ-ერთ ალტერნატივად ასევე განიხილება აღსაზრდელების დროებით ლეღვასა და ალამბრის საბავშვო ბაღებში გადაყვანა.
მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ბავშვების მეზობელ სოფლებში ტარება მათთვის დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ყველა ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.
გარდა ამისა, მათ კითხვები აქვთ დროებითი სააღმზრდელო სივრცეების შესაბამისობასთან დაკავშირებით. მშობლების თქმით, მნიშვნელოვანია, ალტერნატიული ფართები საბავშვო ბაღებისთვის დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და უსაფრთხო გარემო იყოს უზრუნველყოფილი.
ჩვენი ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში მუნიციპალური განვითარების ფონდია ჩართული.
საკითხთან დაკავშირებით დამატებით გასარკვევია, რა ვადებში დაიწყება და დასრულდება სამუშაოები, სად განთავსდებიან აღსაზრდელები რეაბილიტაციის პერიოდში, რა თანხაა გამოყოფილი ბაღების რეაბილიტაციისთვის, ვინ შეამოწმებს დროებითი ფართების შესაბამისობას სააღმზრდელო სტანდარტებთან და რა გახდა რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებული შენობების ხელახლა შეკეთების აუცილებლობის მიზეზი.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ კითხვებზე პასუხებს მოგვიანებით მოგვაწვდიან.

