„აჭარა თაიმსმა“ მოიპოვა ბათუმის მერიის ოფიციალური წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ფიროსმანის ქუჩა N1ა-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო მისი ცალკეული ზონები ავარიული და საფრთხის შემცველია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული საინჟინრო დასკვნის საფუძველზე, სავალდებულოა გადაუდებელი სამუშაოები:
- პირველ სართულზე დაზიანებული სვეტების გაძლიერება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს მათი მდგრადობის შენარჩუნებისთვის;
- შენობა მთლიანობაში გამაგრება-გაძლიერებას ექვემდებარება. სამუშაოების დასრულებამდე აუცილებელია მზიდი კონსტრუქციებისა და თაბაშირის მარკების ყოველდღიური ვიზუალური მონიტორინგი;
- მდგომარეობის გაუარესების, ახალი ბზარების გაჩენის ან დეფორმაციის გაზრდის შემთხვევაში, დღის წესრიგში მაცხოვრებლების ევაკუაცია დადგება;
- შენობის ექსპლუატაცია ამ ეტაპზე დაშვეულია მხოლოდ გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოებისა და მუდმივი მონიტორინგის განხორციელების პირობით;
როგორც „აჭარა თაიმსის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს განახორციელოს შესაბამისი გამაგრება-რეაბილიტაციის ღონისძიებები.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამაგრების პროექტის მიმდინარეობისას, საჭიროების შემთხვევაში, მაცხოვრებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით სამუშაოების დასრულებამდე.
პროექტის განსახორციელებლად მერია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისგან (ბმა „თეთრი“) შესაბამისი თანხმობის წარდგენას ელოდება.
„აჭარა თაიმსი“ ესაუბრა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს. მან ჩვენთან დეტალურად საუბარი არ ისურვა, თუმცა ნაწილობრივ დაადასტურა, რომ შენობა გამაგრებას საჭიროებს, რის გამოც ბათუმის მერიას შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა.
რამდენიმე დღიანი ლოდინის მიუხედავად, ბათუმის მერიაში „აჭარა თაიმსის“ კითხვები უპასუხოდ დატოვეს.
შეგახსენებთ, აღნიშნული კორპუსის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ადრეც წერდა. ფიროსმანის ქუჩაზე, ერთი კორპუსის ორ ფლიგელს შორის არსებულ სივრცეში მოწყობილი აივნები დაიბზარა. ნაპრალები იმდენად დიდია, რომ მათი დანახვა შორიდანაც შესაძლებელია. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ორ ფლიგელს შორის არსებულ აივნებზე გაჩენილი ბზარების შესახებ.
ვრცლად ამ თემაზე 👇🏿
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

