18 ივლისს, ბათუმში, სტარტს აიღებს ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის შეხვედრები. პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს პირველად მასპინძლობს და მასში რვა ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრებები „ბათუმის ქვიშის არენაზე“ გაიმართება და 20 ივლისამდე გაგრძელდება.
ტურნირში მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები:
საქართველო, პორტუგალია, შვეიცარია, ესტონეთი, ბელორუსი, ჩეხეთი, გერმანია, თურქეთი.
გუნდები ორ ჯგუფად – A და B ჯგუფებად არიან დაყოფილი:
- A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, შვეიცარია, ესტონეთი;
- B ჯგუფი: ბელორუსი, ჩეხეთი, გერმანია, თურქეთი.
ტურნირის გახსნის მატჩი გაიმართება 18 ივლისს, 16:30 საათზე – ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჩეხეთისა და გერმანიის ნაკრებები.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს იმავე დღეს, 21:00 საათზე, ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. გუნდი ტურნირზე ახალი მთავარი მწვრთნელის, იტალიელი მასიმილიანო დე ჩელისის ხელმძღვანელობით იასპარეზებს.
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის შეხვედრები ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ქვიშის არენაზე ჩატარდება. მაყურებლებისთვის მატჩებზე დასწრება თავისუფალია.



