შემოსავლების სამსახურმა ონლაინ მედია „ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებზე ინკასო დაადო — ამის შესახებ რედაქცია იტყობინება.
მათივე ცნობით, უწყების ოფიციალური განმარტებით, საფუძველი ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებაა. მედიაორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ზეწოლასთან, რომელიც უკავშირდება მათი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მათ დაუკავშირდა შემოსავლების სამსახური და აცნობა, რომ ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე აქვს დავალიანება, რომელიც 5 დღის ვადაში უნდა დაფარულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებზე ინკასო დაედებოდა, მოგვიანებით კი დაიწყებოდა ქონების დაყადაღება და იძულებითი აღსრულება.
რედაქციის განცხადებით, უკვე დაფარულია ძირითადი დავალიანების დიდი ნაწილი — 136 ათასი ლარიდან დარჩენილია 47 ათასი ლარი, თუმცა დამატებით დარიცხულია 126 ათასი ლარის საურავი და 109 ათასი ლარის ჯარიმა. საერთო ჯამში, ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე დაახლოებით 282 ათასი ლარის ვალდებულება ერიცხება.
„ბათუმელები“ აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართეს გადახდის გრაფიკის მოთხოვნით, რაც კანონით დაშვებულია, თუმცა მათ მიმართვა უარყვეს.
17 ივლისს რედაქციის ანგარიშებზე ოფიციალურად განთავსდა ინკასო.
მედიის თქმით, მიმდინარე პროცესები ემთხვევა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის გადამწყვეტ ეტაპს, რაც მათთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ფინანსურ დავალიანებას, არამედ მედიაზე ზეწოლას.
ორგანიზაცია მიუთითებს ორმაგი სტანდარტის არსებობაზე. კერძოდ, მათ მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედს“ 17 მილიონი ლარის, ხოლო „რუსთავი 2-ს“ 25 მილიონი ლარის დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მათი მიმართ არ განხორციელებულა არანაირი ინკასო ან აღსრულების პროცესი.
მედიის შეფასებით, ამ ქმედებებით ფინანსთა სამინისტრო გადადის ისეთ პრაქტიკაზე, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებსა და სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს.
„სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს ბიზნესის და მედიის ფუნქციონირების ხელშეწყობა — არამც და არამც მათი გათიშვა. სიტყვის თავისუფლების შევიწროება ნიშნავს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლის რყევას,“ — აღნიშნულია რედაქციის განცხადებაში.
ამ ეტაპზე ინკასო კვლავ ძალაშია. მიმდინარე კვირაში უნდა გამოცხადდეს განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე.



