ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირის N374-ის მიმდებარედ, ნაძვნარის დასახლებაში მცხოვრებლები პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტში ცვლილებებს ითხოვენ. მათ სურვილია, რომ სკვერის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად მცირე ზომის მინი სტადიონი კეთდება, აშენდეს უფრო ფართომასშტაბიანი, მრავალფუნქციური სპორტული მოედანი.
ადგილობრივების განცხადებით, მოქმედი პროექტი მხოლოდ ერთი მინი სტადიონის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც ახალგაზრდებისა და მოზარდი თაობისთვის არასაკმარისია. მოსახლეობის აზრით, იმ ტერიტორიაზე, სადაც საპარკინგე სივრცის მოწყობაა დაგეგმილი – შესაძლებელია სრულფასოვანი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსი თაობისთვისაც სასარგებლო იქნება.
„მინი სტადიონი კარგია, მაგრამ არ გვყოფნის. გვყავს აქტიური ახალგაზრდობა და მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც შეძლებენ ფეხბურთის, კალათბურთის ან სხვა სპორტის თამაშს. ასეთ პატარა მოედანზე ერთდროულად ბევრი ვერ ვითამაშებთ“, – ამბობენ ადგილობრივები.
მოსახლეობა მიმართავს ბათუმის მერიას და ითხოვს მათი საჭიროებების გათვალისწინებას. მათი განცხადებით, პროექტის შეცვლა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შესაძლებელია და სწორედ ახლაა ამის დრო, რადგან ტერიტორიის მოპირკეთება ჯერ არ არის ბოლომდე დასრულებული.
ინფორმაციისთვის: მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ნაძვნარში სკვერის მშენებლობა მოიცავს სანიაღვრე სისტემის მოწყობას, განათების დამონტაჟებას, ტერიტორიის შემოღობვას დეკორატიული მოაჯირებით, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, დეკორატიული ფილების, გრანიტის ქვაფენილის და რკინა-ბეტონის საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. იგეგმება ასევე, საბავშვო ატრაქციონების, სპორტული ტრენაჟორების, საჩრდილობლების („ფანჩატურების“), დეკორატიული სკამებისა და სანაგვე ურნების განთავსება.
ცნობისთვის: სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯერ არ შესრულებულა.



