გონიოში საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოების დასრულებას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მეოთხე წელია უშედეგოდ ელოდება. პროექტი ისე დაიწყო, რომ შენობის ტექნიკური მდგრადობა წინასწარ არ იყო შესწავლილი, რის გამოც სამუშაოების მიმდინარეობისას ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არსებული შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. ამის შემდეგ პროცესი შეჩერდა.
ბაღის მომავლის საკითხი რამდენიმე დღის წინ ბათუმის საკრებულოს სხდომაზეც განიხილეს. „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა კაკაბაძის განცხადებით, არსებული ტერიტორია ფართომასშტაბიანი საბავშვო ბაღის აშენების შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც მერია ახალი ლოკაციის შერჩევაზე მუშაობს. თუმცა, სად იგეგმება ახალი ბაღის მშენებლობა, საკრებულოს წევრს არ დაუკონკრეტებია.
ამ განცხადებამ ადგილობრივ მოსახლეობაში დამატებითი კითხვები გააჩინა. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა არსებული ტერიტორიის მიმართ ინტერესი მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ჰქონდეთ, რომლებიც, მათი თქმით, აღნიშნულ ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობით არიან დაინტერესებული.
გონიოში საბავშვო ბაღის არარსებობა ადგილობრივ ოჯახებს ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის. მშობლებს ბავშვების მეზობელ სოფელში ან ბათუმში გადაყვანა უწევთ, რაც დამატებით დროსა და ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივები ბაღის სხვა ტერიტორიაზე გადატანის იდეას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, არსებული ადგილი მოსახლეობისთვის მოსახერხებელია და სწორედ აქ უნდა აშენდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.
არსებული ვითარება დღეს პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლებმაც შეაფასეს. მათი განცხადებით, პროექტის გარშემო კორუფციის ნიშნები იკვეთება, ხოლო „ქართული ოცნება“ საკითხის მიმართ უპასუხისმგებლოდ მოქმედებს.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შენობა რეალურად მდგრადია, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში საპირისპირო შეფასება აისახა, რის საფუძველზეც ობიექტი ავარიულად გამოცხადდა. მათივე შეფასებით, ტერიტორიის მიმართ ინტერესი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ბიზნესჯგუფებს აქვთ.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ, „აჭარა თაიმსს“ ბათუმის მერიამ წერილობითი განმარტება მიაწოდა.
უწყების ინფორმაციით, გონიოს №29 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.
მერიის ცნობით, მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია ეკონომიკურად მიზანშეწონილი აღარ იყო, რის გამოც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დემონტაჟისა და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ.
როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი სამშენებლო რეგულაციების შესაბამისად, არსებული მიწის ნაკვეთი საჭირო სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებს, რის გამოც ამ ეტაპზე გონიოში ახალი საბავშვო ბაღისთვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები მიმდინარეობს.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ №29 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დროებით სხვა საბავშვო ბაღებში არიან გადანაწილებული და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ბათუმის მერიამ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის, ბათუმში მოქმედი 38 საბავშვო ბაღიდან ამჟამად 12-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ
მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა
ბათუმში N34 საბავშვო ბაღი დაიხურა – მიზეზად შენობაზე გაჩენილი ბზარები სახელდება
როგორ დასაქმდნენ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი ხელვაჩაურის მერიასა და საკრებულოში

