2024 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში პროფესიული თეატრებისა და მუზეუმების სფეროში საქმიანობა ზოგადად კლებას აჩვენებს, როგორც სპექტაკლების რაოდენობის, ისე მაყურებლებისა და დამთვალიერებელთა მხრივ.
თეატრები და სპექტაკლები:
გასულ წელს ქვეყანაში 54 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა. მათგან 43 დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების თეატრია, 7 — თოჯინების, 2 — ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 — ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა.
თეატრები რეგიონულად ასე ნაწილდება:
53.7% — თბილისში
14.8% — იმერეთში
31.5% — სხვა რეგიონებში
2024 წელს ქვეყანაში 4 800-მდე თეატრალური ღონისძიება ჩატარდა, საიდანაც 177 იყო გასვლითი და 136 — საზღვარგარეთ გამართული. სპექტაკლების საერთო რაოდენობამ 4 518 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია. სპექტაკლების 69.4% დედაქალაქში ჩატარდა.
თეატრალური წარმოდგენები ჯამში 636.1 ათასმა ადამიანმა მოინახულა, რაც წინა წელთან შედარებით 17.6%-ით ნაკლები მაჩვენებელია. მაყურებელთა დაახლოებით ორი მესამედი — 66.2% თბილისში იმყოფებოდა, მეორე ადგილზე იმერეთია (10.3%).
მუზეუმები:
ქვეყანაში 2024 წელს 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, მათ შორის:
104 მემორიალური
74 ისტორიული (მხარეთმცოდნეობის)
23 ხელოვნების
13 მუზეუმ-ნაკრძალი
2 ლიტერატურული
45 სხვა სახის მუზეუმი
რეგიონული განაწილებით, მუზეუმების ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდის (22.6%), შემდეგ მოდის იმერეთი (15.3%) და კახეთი (14.2%). 2024 წელს მუზეუმები ჯამში 1.9 მილიონმა ადამიანმა მოინახულა, რაც 7.8%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 7 300-მდე ვიზიტორი მოდის.



