რუსული კანონის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, კანონი სრულად 3 სექტემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.
» ინფორმაციისთვის: სარჩელის ავტორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე („გაერთიანების თავისუფლება“) და 78-ე („ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“) მუხლებს.
» 69 გვერდიან სარჩელში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ რუსული კანონი და მისი ცალკეული ნორმები კონსტიტუციის ექვს მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში, მათ შორის, 78-ე მუხლთან, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს გაასაჩივრებს.
» გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მესამე სექტორისა და მედიასაშუალებების ნაწილი. მესამე სექტორი და მედია საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად, სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
„რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა,“ – განაცხადეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე, სადაც სარჩელის შეტანა დაანონსეს.
რუსული კანონის ამოქმედება განსაკუთრებით რეგიონულ მედიას დააზარალებს, რომელთა შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი გრანტებზე მოდის. მცირე სარეკლამო ბაზრისა და შემოსავლების ფონზე, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის ფაქტობრივად ფინანსური წყარო იკეტება, რადგან ორგანიზაციები აგენტად რეგისტრაციას არ აპირებენ.
„აჭარა თაიმსი“ რეგიონში მოქმედი მედიასშუალებების წარმომადგენელთა ნაწილს ესაუბრა და უშუალოდ მათგან მოისმინა თუ რას აპირებენ ისინი რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ.
- ნანა კვაჭაძე, „ბათუმელების“ მმართველი რედაქტორი:
ცხადია, არ ვაპირებთ რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებას, არ ვაპირებთ ვიმუშაოთ იმ კანონის მოთხოვნით, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული. ამავე დროს, ვაგრძელებთ მუშაობას, არც ერთი დღით არ ვაპირებთ ჟურნალისტური საქმიანობის შეჩერებას ან შეწყვეტას. წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ყურადღება ახლა ამაზეა ფოკუსირებული. პარალელურად, გავდივართ კონსულტაციებს იურისტებთან, რა ფორმით შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა მომავალში.
დამოუკიდებელი მედიის რუსული კანონის ჩარჩოებში მოქცევა იქნება დემოკრატიის დამარცხება საქართველოში, რადგან ვიცით, რომ დემოკრატია არ არსებობს დამოუკიდებელი მედიის და სიტყვის თავისუფლების გარეშე. ამაზე დათანხმება და ამაში მონაწილეობა შეუძლებელია.
თუ რა შეუძლია ამ კანონს, ამის საილუსტრაციო მაგალითია რუსეთი, სადაც ასეთმა კანონმა ქვეყანაში გააქრო დამოუკიდებელი მედია, დემოკრატიული ინსტიტუტები და დიქტატურა გაამყარა. დღეს ჩვენ ვხედავთ ასობით და ათასობით რუს ჟურნალისტს, ადამიანის უფლებათა დამცველს და აქტივისტს, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ პუტინის რუსეთი ან წასულიყვნენ ციხეში.
ასე რომ, რა პროპაგანდის და ტყუილის ტალღაც არ უნდა ააგოროს „ქართულმა ოცნებამ“, მათი განზრახვა ცხადია – მათ უნდათ საქართველოში დამოუკიდებელი მედიის გაქრობა, სწორედ ამიტომ მიიღეს ეს კანონი.
- ჯემალ მეგრელიძე, „TV12“-ის გენერალური დირექტორი:
პირველ რიგში, არ ვეთანხმები ტერმინს “რუსული კანონი”, ეს უფრო პოლიტიკოსების მიერ გამოგონილი ტერმინი მგონია “ჭიქაში ქარიშხალის” ასატეხად… რა თქმა უნდა, როცა პარლამენტი კანონს იღებს, ვიღაც ან რაღაც იზღუდება…
ჩვენ, როგორც მაუწყებელს, მსგავსი დეკლარაციების ჩაბარებას კანონი აქამდეც გვავალდებულებდა, გრანტებიც, რომელთაც აქამდე ვიღებდით, ყოვლად გამჭვირვალე იყო… ასე რომ, არ შემაშინებდა ეს კანონი, აქ უხერხულობას რომ არ ქმნიდეს ე.წ. აგენტის იარლიყი… არ ვიცი როგორ და რას გავაკეთებ უკვე ამოქმედებული კანონის პირობებში, მაგრამ იმას ახლავე ვაცნობიერებ, რომ ფინანსურად ისედაც ხელმოკლე რეგიონულ მედიას კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება…
“TV25”-ში გვითხრეს, რომ კანონქვემდებარე აქტის გამოცემას ელოდებიან, რის შემდეგაც გააკეთებენ კომენტარს.
რუსული კანონი ასევე, რეგიონში მომუშავე, დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობასაც შეზღუდავს. ერთ-ერთი ასეთი რეპორტიორი შესაძლოა ნაზი რეხვიაშვილი აღმოჩნდეს, რომლის ძირითადი საქმიანობა საჯარო უწყებების დოკუმენტების შესწავლასა და მონიტორინგს მოიცავს. კანონის ამოქმედებამდეც, მას საჯარო ინფორმაციის მიღება უჭირს.
- ნაზი რეხვიაშვილი, „ფაქტ ჩეკის“ უფროსი ანალიტიკოსი:
ამ კანონის მიღების მიზეზი არის რუსული, შედეგიც იქნება რუსული, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმის მიზანიც არის რუსული – ჰქონდეს შეუზღუდავი ძალაუფლება, გავლენა და ფული, დარჩეს ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით. მას უკვე მიტაცებული აქვს და ახლა უნდა შეინარჩუნოს სასამართლო სისტემაზე, პოლიციციაზე, ყველა სხვა ინსტიტუტზე კონტროლი, მინიმუმამდე დაიყვანოს მოქალაქეების ჩართულობა სახელმწიფოს მართვაში, იქნება ეს ცენტრალურ, რესპუბლიკურ თუ მუნიციპალიტეტების დონეზე. ერთადერთი, ვისაც ასეთი რეჟიმის დროს გადარჩენა და ცოტა შეღავათიანად ცხოვრება შეუძლია, არიან ხელისუფლების კეთილგანწყობაზე მიბმული ინდივიდები, ჯგუფები თუ ორგანიზაციები. თუ გაბედავ კრიტიკას, ხელისუფლებას აქვს უამრავი მექანიზმი, რომ გაგანადგუროს, გაგაჩუმოს… ამისთვის ის კანონსაც და სასამართლოსაც კი სადამსჯელო ინსტრუმენტად იყენებს.
ვინც საღად აზროვნებს და საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ბევრი ასეთი მოქალაქეა, რაც აქციებზეც გამოჩნდა, კანონისგან მომდინარე საფრთხეებს სწორად აიდენტიფიცირებს. კანონი არ არის ერთი კონკრეტული პრობლემა. ის მრავალშრიანია, თავისი წინაპირობებითა და თანმხლები გარემოებებით. გავიხსენოთ, კანონის მიღებამდეც როგორ თანმიმდევრულად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის გზავნილი, რათა განსხვავებული აზრის მოქალაქეების, ორგანიზაციების, მედიების დისკრედიტაცია მომხდარიყო. ამაში, სამწუხაროდ, ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტად გამოყენებული არიან სასულიერო პირებიც, რადგან ამ ქვეყანაში ეკლესიას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს.
ხელისუფლებამ მოახერხა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აღუძრა სიძულვილი, ბოღმა, ბრაზი არასახელისუფლებო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. თავისთავად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა რეგიონული მედია და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიმართ ნდობის დაკარგვა და სიძულვილის აღძვრა არის რეჟიმის მიზანი. არ არსებობს კრიტიკული ხმა – არ არსებობს პრობლემა ხელისუფლებისთვის. ის არის თავის კორუფციულ ჭაობში და არავის შეუძლია მისი გამოყვანა კომფორტის ზონიდან. ადამიანების უფლებები კი უარესად დაირღვევა, ბიუჯეტი ისევ არამიზნობრივად დაიხარჯება, ყველა სისტემა მოშლილი დარჩება, მოქალაქეები სამართალს ვერსად იპოვიან, მაგრამ ხმას ვერ ამოიღებენ და კიდეც რომ გაბედონ, არავინ ეყოლებათ, ვისთანაც ამაზე ისაუბრებენ – აღარავინ დარჩება, ვინც მათ უფლებეს დაიცავს. ესაა ამ კანონის მიზანი, ოღონდ კანონი არის იმ ყველა თანმიმდევრული მავნე ნაბიჯის გვირგვინი, რომლებსაც ხელისუფლება წლების განმავლობაში დგამდა.
რეგიონული მედია და რეგიონში მოქმედი არასამთავრობოები ყოველთვის იყვნენ მოსახლეობის იმედი, მუდმივად ახმოვანებდნენ მის ხმას, იცავდნენ მათ უფლებებს, ადვოკატირებას უწევდნენ, ყველა პრობლემას აშუქებდნენ. ახლა დარჩება მხოლოდ სახელისუფლებო მედია, რომელიც დაუღალავად იქადაგებს, რომ ჩვენთან ომი არაა და არავინ იქნება, ვინც შეეპასუხება, რომ ომია, აბა რა ჯანდაბაა, როცა მავთულხლართებს იქით კი არა, უკვე აქეთ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის რუსი და იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს; სახელისუფლებო მედია იტყვის, რომ ეკონომიკური განვითარების დონე ისეთია, ტანში ჟრუანტელი გვივლის და ვერავინ შეეპასუხება, რომ ეგ ჟრუანტელი შიმშილის თამაშებია, სინამდვილეში; სახელისუფლებო მედია იტყვის, რომ რუსი ტურისტები შავ ზღვაზე ჩვენი ეკონომიკის წინსვლას ნიშნავს და არავინ გააპროტესტებს, რომ ეს რუსი ტურისტები, სინამდვილეში, ოკუპანტები არიან, მავთულხლართებით რომ გადაჭრეს წელში ჩვენი ტერიტორია, უამრავი ადამიანი დაგვიხოცეს და ახლა ასე უომრად გვიპყრობენ, აქ ტურისტებად შემოვიდნენ და მასპინძლებად გვექცნენ…
რეგიონული მედია ისედაც მცირე გრანტებით ახერხებდა უმნიშვნელოვანესი საქმის კეთებას. ახლა ეგ წყაროც დაუხშეს. და რატომ ვართ მე, შენ ან ჩვენი კოლეგები უცხოური ინტერესების გამტარებლები? აბა ჰკითხონ იმ ადამიანებს, რომლებმაც სწორედ ჩვენი დახმარებით გაიგეს, რისი უფლება ჰქონდათ, როგორ ჩართულიყვნენ თვითმართველობაში, როგორ მოეთხოვათ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც უყურადღებოდ იყო მიტოვებული, სანამ მედია არ გააშუქებდა და აქცევდა თემად. ან იმ ხალხს ჰკითხონ, რომელთა ცხოვრების ხარისხიც სწორედ ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დახმარებით გაუმჯობესდა, ვის ინტერესებს ვიცავდით მაგ დროს, უცხოელი დონორის, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის.
და ყველაზე მნიშვნელოვანი: არანაირი გამჭვირვალობა არ აწუხებს ხელისუფლებას, თვითონ არის ყველაზე გაუმჭვირვალე, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგებში საუკეთესო შეფასებებით იწონებს თავს. ჩვენ რომ არ ვაკრიტიკებდეთ, არ ვაშუქებდეთ პრობლემებს, რომლებსაც ხელისუფლება ვერ ან არ აგვარებს, მოქალაქეებს რომ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში არ ვეხმარებოდეთ, ხელისუფლების კორუფციული თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ არ ვსაუბრობდეთ, არც კი მოგვიკითხავდა. ათასობით ადამიანია დასაქმებული ამ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს გადავიხდიდით, ხელისუფლებას არ შევაწუხებდით, ვიმუშავებდით ამ ცხოური დაფინანსებით, გავაცნობდით აუდიტორიას ხელისუფლების საქებარ ინფორმაციას, ან მოქალაქეებს ფინანსურ თუ სხვა სახის დახმარებას გაუწევდნენ ორგანიზაციები, სერვისებს მიაწვდიდნენ, მაგრამ ცნობიერების ამაღლებაში არ დაეხმარებოდნენ.
ხელისუფლება თავისთვის, ჩვენ – ჩვენთვის და არ ვუქმნით ერთმანეთს დისკომფორტს. ესაა, რაც ხელისუფლებას უნდა, მაგრამ ეს არ გვინდა ჩვენ, ეს ღუპავს ქვეყანას, მის ეკონომიკას, განვითარებას, აუარესებს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს. ამას იგრძნობს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე, მაგრამ თუ ახლა არ გააკეთებს სწორ არჩევანს, მერე დიდხანს მოუწევს ჩუმად ყოფნა და მდგომარეობასთან შეგუება. ესაა რუსული ამ კანონში. ის რუსები ტყუილად კი არ გამოქცეულან აქ, მათ მიერვე ოკუპირებულ ქვეყანაში. სულ არ აწუხებთ არც ომი და არც სხვისი დაღუპვა. საკუთარ თავზე იგრძნეს პუტინის რეჟიმის მარწუხები, დისკომფორტი შეექმნათ და მაგას გამოექცნენ. ჩვენ გაქცევას არ ვაპირებთ და ვინც არ აპირებს, უნდა დადგეს სწორ მხარეს 26 ოქტომბერს.
» აჭარა თაიმსი 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა, შესაბამისად 2025 წლამდე ჩვენს ორგანიზაციას აგენტად რეგისტარციის ვალდებულება არ გააჩნია. ამ გარემოების მიუხედავად, ცხადია კოლეგებისა და პარტნიორი მედიასაშუალებების პოზიციას ვიზიარებთ.
ინფორმაციისთვის: 28 მაისს პარლამენტმა 66 ხმით მხარი არ დაუჭირა რუსული კანონის შესახებ პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებს, ხოლო შემდგომ, იმავე დღეს 84 ხმით მხარი დაუჭირა ამ კანონის მანამდე სამი მოსმენით მიღებულ ვერსიას.
გთავაზობთ “საიას” თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განმარტებებს:
- ვის ეხება „რუსული კანონი“?
„პასუხი ერთია, ეს კანონი ეხება ყველას – პენსიონერებს, ქალებს, შშმ პირებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ბავშვებს, მშრომელებს, სოფლებში და ქალაქებში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს.
ქართული ოცნება“ გვატყუებს, როდესაც ამბობს, რომ ეს კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმებს. მათ კარგად იციან, რომ ნებისმიერი კანონის მიღებისას მისი გავრცელების ფარგლები იზომება არამხოლოდ იმ სუბიექტებზე გავლენით, ვინც კანონშია ნახსენები, არამედ იმ შედეგებით, რომელიც კანონის ამოქმედების შედეგად დადგება.
- ,,რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში დადგება ეს შედეგები:
საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს შედეგი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და არის რუსეთის ინტერესებში.
ის ორგანიზაცია, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდება, შეწყვეტს საქმიანობას. შედეგად, დაიხურება ყველა რეპუტაციული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია ორგანიზაცია.
დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვით გაქრება ის სარგებელი, რაც ამ ორგანიზაციებს მოაქვთ საზოგადოებისათვის, მათ შორის, აღარ იარსებებს:
» ა. ის უფასო სერვისები, რასაც დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აწვდიან პენსიონერებს, ქალებს, შშმ პირებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ბავშვებს, მშრომელებს, სოფლებში და ქალაქებში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს;
» ბ. აღარ იქნება საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ;
» გ. აღარ იქნება სოფლის მეურნეობის და მცირე მეწარმეობის განვითარების ის პროგრამები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით მიმდინარეობს;
» დ. აღარ იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამები, რომლებსაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით მიმდინარეობს;
» ე. აღარ იქნება ის პროგრამები, რომლებიც სოფლად მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ა.შ.
კანონის რეგულაციის ქვეშ მოქცეული მედიების გაქრობით, ვეღარ გაშუქდება ის მწვავე სოციალური თუ პოლიტიკური საკითხები, რომლებსაც დღეს აშუქებენ.
ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის მდგომარეობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების ხარისხი.
თუ ფიზიკური პირები დაიწყებენ საზოგადოებისათვის სასიკეთო იმ საქმეების კეთებას, რასაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები აკეთებენ, კანონში შევა ცვლილებები და ახალი რეგულაციებით საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს გამოაცხადებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ პირებად, როგორც მოხდა რუსეთში.
ეს არ არის ვარაუდები, ეს არის ის შედეგები, რომელიც რუსული კანონის მიღების შემთხვევაში აუცილებლად დადგება. ,,ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ეს კანონი ამ შედეგებს მოიტანს. იტყუება, როდესაც ამბობს, რომ კანონი არის გამჭვირვალობაზე, ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმებს.
აქვე დაგაინტერესებთ: გრანტები რუსული კანონის მხარდამჭერ მერიებს