“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისმა ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში სახელმწიფოს კუთვნილი 2,887 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაიკავეს და მასზე საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენეს.
არარეგისტრირებული მიწა, რომელიც Google Earth-ის აღინიშნება როგორც ნაკვეთი #3, თამაზაშვილების მიერ წარსულში რეგისტრირებულ ორ ნაკვეთს ესაზღვრება. კერძოდ, 2017 და 2019 წლებში სულხან თამაზაშვილმა თანასაკუთრებაში რეგისტრაციაში გაატარა ორი მიწის ნაკვეთი – შესაბამისად, 2,500 და 2,498 კვ.მ – თუმცა ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, წლების განმავლობაში ეს ქონება მან დამალა.
TI-ის ინფორმაციით, 2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში შევსებულ დეკლარაციებში თამაზაშვილი არ ასახავდა 2017 წელს რეგისტრირებულ 2,500 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 248 კვ.მ შენობა-ნაგებობას (ნაკვეთი #1), ისევე როგორც არ მიუთითა 2019 წელს მის თანასაკუთრებაში გაფორმებული მეორე მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი #2). ამ ქონების ასახვა მხოლოდ 2022 წლიდან დაიწყო, თუმცა ორგანიზაციის განმარტებით, მან დოკუმენტებში შეცდომით 50%-იანი წილი მიუთითა, რეალური 25%-ის ნაცვლად.
ორგანიზაციის ცნობით, სწორედ ამ ორ ნაკვეთზე შენების პარალელურად, თამაზაშვილმა მათი მომიჯნავე 2,887 კვ.მ არარეგისტრირებული მიწაც მიისაკუთრა და განახორციელა თვითნებური მშენებლობა, რაც კანონდარღვევად ფასდება.
სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 7 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს. იგი ერთ-ერთია იმ ოფიციალურ პირებს შორის, ვინც ბრიტანეთის მთავრობის სანქციების ქვეშ მოექცა – მიზეზი კი გახდა პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა.
”თამაზაშვილების ოჯახის დაახლოებით ხუთი თაობა ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, რაც აჭარის რეგიონში ფართოდ არის ცნობილი. სახლი არ მდებარეობს არარეგისტრირებულ მიწაზე — ის სრულად რეგისტრირებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში. სახლის მშენებლობა დაახლოებით 1990-იან წლებში დაიწყო. ამჟამად იგი მამის საკუთრებაშია, ხოლო მის სამ შვილს თითოეული 25-პროცენტიანი წილი ეკუთვნის,” – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან.
„დანაშაულს იმიტომ არ იძიებენ, რომ საქმეში გარეულია სულხან თამაზაშვილი“ – მოქალაქე



